"ჩემთვის ტრაგიკული იქნება, რომ ჩემმა შვილმა მითხრას, - მაგრად "მიტყდება", რასაც აკეთებო"
მუსიკალური ჯგუფის - "რეზო და ბავშვები" ხელმძღვანელი - რეზო ბლიაძე წელს პირველ კლასში "მესამედ შევიდა". ფიქრობს, რომ ახალი თაობა განსაკუთრებული, მეტად თავისუფალი და ლაღია. სკოლასთან დაკავშირებულ ამბებზე და ასევე, იმ აჟიოტაჟზე, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში "რეზო და ბავშვების" მონაწილეობას მოჰყვა, რეზო ბლიაძე თავად გვესაუბრა:
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ჩემთვის განსაკუთრებული სასწავლო წელი დაიწყო, რადგან უმცროსი ჩემი შვილი სკოლაში მივიდა - პირველკლასელები "გავხდით". ფაქტობრივად, ჩემს ცხოვრებაში, პირველკლასელი უკვე მესამედ გავხდი - ძალიან მაგარია (იღიმის): სკოლაში მისვლა ახლა უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე ჩემი და ჩემი უფროსი შვილის მისვლისას..."
"სკოლის მოსწავლე 90-იან წლებში ვიყავი. მოგეხსენებათ, ის პერიოდი როგორი იყო. არც 2000-იანი წლები იყო დიდად განსხვავებული. გარდამავალ პერიოდში ცხოვრება მოგვიწია. გარდამავალი ცხოვრების ტიკივილები და პრობლემები, რაც ქვეყანამ, მოსახლეობამ გადაიტანა, რაღაცნაირად, თითქოს გადამუშავდა. დრო იყო საჭირო და ეტყობა, ეს დრო გავიდა, დამოუკიდებლობა დაიბადა... ჩემი დაბადების მოწმობას ნამგალი და ურო ახატია - 1987 წელს დავიბადე. სანამ დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი ივლის, რომლის დაბადების მოწმობასაც ნამგალი და ურო ახატია, მანამდე ჩვენს ცნობიერებაში, მეხსიერებასა და სოციუმში ბევრი ფორმით იქნება ეს ნამგალი და ურო... შესაბამისად, განათლების სისტემას რაც შეეხება, მთავარი ამბავი ეგ არის, რომ სკოლებში ახლაგაზრდა მასწავლებლებმა უნდა დაიწყონ სწავლება. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც ვაყენებ, მაგრამ სისტემის დიდი, უწყვეტი ჯაჭვია: საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა მასწავლებლებმა განათლება სხვებს მიაღებინეს, იმ სხვებმა - სხვებს და ა. შ. ძალიან დიდი ხანია, რუსეთი აქ არის..."
"დღევანდელ სკოლებში აბსოლუტურად სხვაგვარი რეალობაა: ნაკლები ძალადობაა, როგორც ბავშვებს შორის, ასევე - ბავშვებსა და პედაგოგებს შორის. როგორც აღვნიშნე, ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, როცა სოციუმში ფაქტობრივად, ძალადობა ნორმად და სტანდარტად მიიჩნეოდა. სხვადასხვა სიმძიმის ძალადობა არსებობდა. ბავშვისთვის ხელის წამორტყა, ყურის აწევა მსუბუქი ძალადობა იყო პირობითად, ეზოში ბავშვების მიერ ერთმანეთის დაჭრასთან შედარებით - ასეთი ამბებიც ხდებოდა. ადამიანი ყველაფერზე ერთნაირად ხომ არ ბრაზდები, არა? რაღაც მეტად გაბრაზებს, რაღაც - ნაკლებად. შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვისთვის ყურის აწევა, წამორტყმა ძალადობად არც მიიჩნეოდა..."
"ზოგი საკუთარ თავს პარტიაში პოულობს, ზოგი - კონცერტზე, ზოგი - საერთოდ ვერ პოულობს და იკარგება. რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც საკუთარ თავს ყველა პარტიაში პოულობს... საკუთარი გეგმებით და შეხედულებებით ვცხოვრობ. დემოკრატია ამიტომ გვიყვარს. თუკი ჩემი აზრი ვინმესთვის მიუღებელია, ჩემთვის ეს გასაგები და მისაღებია. სხვისგანაც იმავეს ველი..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი