ისრაელმა "ჰამასის" შემდეგ "ჰესბოლასთვისაც" მოიცალა - რა მოჰყვება სარაკეტო დარტყმების გაცვლას? - კვირის პალიტრა

ისრაელმა "ჰამასის" შემდეგ "ჰესბოლასთვისაც" მოიცალა - რა მოჰყვება სარაკეტო დარტყმების გაცვლას?

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილსა და ლიბანის სამხრეთს შორის ნამდვილი სარაკეტო დუელი მიმდინარეობს-ისრაელის ავიაცია მართვადი რაკეტებით წერტილოვან საჰაერო დარტყმებს აყენებს ლიბანის სამხრეთ ნაწილში და თვით დედაქალაქ ბეირუთშიც კი „ჰესბოლას“, წინასწარ დაზვერვილ ობიექტებს,მათ შორის შტაბებსა და სარაკეტო პოზიციებს, ხოლო „ჰესბოლა“ თავის მხრივ ახლო მანძილზე მოქმედ უმართავ ბალისტიკურ რაკეტებს უშვებს ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ისრაელის ქალაქებისა და სამხედრო აეროდრომების მიმართულებით...

2-ramata-1726990852.png
„ჰესბოლას“ არსენალში გამოჩენილი ირანული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები Fajr-5 -ები 75 კმ-მდე მიფრინავენ და ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ...

ისრაელის „ცახალში“ აცხადებენ, რომ მათი წერტილოვანი დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია „ჰესბოლას“ 16-მდე სხვადასხვა დონის საველე მეთაური, მათ შორის ამ პროირანული შეიარაღებული დაჯგუფების ელიტარული დანაყოფის „რადვანის“ მეთაური იბრაჰიმ აკილიც, რომლის ადგილსამყოფელის შეტყობინებაზე 7 მლნ დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული აშშ-ის სპეცსამსახურებს, რადგან სწორედ იბრაჰიმ აკილი მიაჩნდათ ბეირუთში 1983 წლის აპრილში აშშ-ის საელჩოს(რასაც 63 ადამიანი შეეწირა), ხოლო ოქტომბერში კი სამშვიდობო ძალების ყაზარმების (დაიღუპა 307 ადამიანი, მათ შორის 241 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და 58 ფრანგი მედესანტე) აფეთქებების ერთ-ერთ ორგანიზატორად...

თავის მხრივ, „ჰესბოლამ“ 22 სექტემბრის დილისთვის ლიბანის სამხრეთი ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით მოასწრო 115 ბალისტიკური რაკეტის გაშვება, მათ შორის 75 კმ-მდე მფრენი 333 მმ კალიბრის Fajr-5 -ების,რომლებსაც 175 კგ მასის საბრძოლო ქობინები უყენიათ.

3-ramata-1726991051.png
რამატ-დავიდის საჰაერო ბაზა,რომელზეც ისრაელის საბრძოლო F-16-ები ბაზირებენ, 45 კმ-ითაა დაშორებული ლიბანის სამხრეთ საზღვრიდან...

„ჰესბოლას“ მიერ გაშვებული რაკეტების ნაწილი ისრაელის დასახლებულ პუნქტებში აფეთქდა, მათ შორის საპორტო ქალაქ ჰაიფას ქუჩებშიც,ნაწილმა კი ისრაელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტამდე, რამატ-დავიდის საჰაერო ბაზამდეც კი მიაღწია, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე შორეული სამიზნეა ისრაელის ტერიტორიაზე,რომლამდეც მიღწევა შესძლეს „ჰესბოლას“ რაკეტებმა.

ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ სარაკეტო დარტყმების გაცვლის შემდეგ, ისრაელის „ცახალის“ ჯავშანტექნიკამ, რომლებიც უკვე თავმოყრილის ლიბანის საზღვართან,ის გადაკვეთოს და სამხრეთ ლიბანში დაიწყოს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია „ჰესბოლას“ სარაკეტო პოზიციების გასანადგურებლად...

ანუ ის,რაც უკვე მოხდა 2006 წლის ივლისში,როდესაც „ჰესბოლას“ სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში დაიწყო სახმელეთო საბრძოლო ოპერაცია „ღირსეული შურისძიება“,რომელიც 34 დღე-ღამე გაგრძელდა და ისტორიაში შევიდა მეორე ლიბანის ომის სახელწოდებით...

ამჯერად „მეორე ფრონტის“(ღაზას სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის პარალელურად) გახსნის ინიციატორებად შეიძლება უფრო ისრაელის მხარე იქნეს მიჩნეული,რომელმაც 17-18 სექტემბერს ლიბანში „ჰესბოლას“ წევრებს 3 ათასზე მეტი პეიჯერი და 500-მდე პორტატული რაცია ხელებში და ჯიბეეში ერთდროულად,მოულოდნელად აუფეთქა...

ისრაელ-ლიბანის საზღვარზე „მეორე ფრონტის“ გახსნა გადაიზრდება თუ არა მესამე ლიბანის ომში,ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებენ...