"დედინაცვალმა ჩემს ნახატებს ცეცხლი წაუკიდა, მითხრა, შენ კი არ ხატავ, თამაშობო..." - რას ჰყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ქალი?
"უნდა ვიცნობდეთ შემოქმედ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს გარეთ საქართველოს აცნობენ" - ამ წარწერით ავრცელებს მაია კიკაბიძე ფოტოს. ფოტოზე კი მხატვარი მანანა ბაბიჩია. ის საფრანგეთში ცხოვრობს და თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრებს მთელი მსოფლიო იცნობს.
მაია კიკაბიძე ბაბიჩის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას:
- მიუხედავად იმისა, რომ მანანა ბაბიჩს ვიცნობდი, არ ვიცოდი რომ ხატავდა. როდესაც მისი ერთ-ერთი ნამუშევარი სოციალურ ქსელში ვნახე, დავინტერესდი მისი მხატვრობით, აღმოჩნდა, რომ ბევრი ნამუშევარი ჰქონია, ორიგინალები არ მინახავს, რადგან დღესდღეობით საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ სოც-ქსელით თითქმის ყველა ნამუშევარი დამათვალიერებინა... მანანა არის თვითნასწავლი მხატვარი, ერთიანობაში მისი ნამუშევრები ძალიან თბილია, გულწრფელი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ყველა მხატვარი გულწრფელია, მაგრამ მანანას ნამუშევრებში გულწრფელობა წინა პლანზე იხატება, იმდენად ხატოვნად გადმოსცემს ფერს და ფორმას რომ ბუნებრივი ხასიათი, არა ფოტოგრაფიული, არამედ ინდივიდუალურად აღქმული, ნატურალური ატმოსფეროს იდენტურია.
გული მწყდება დღესდღეობით მანანა საფრანგეთში რომ მოღვაწეობს, საქართველო არ უფრთხილდება ნიჭიერ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, გავა დრო და მანანა ბაბიჩის ნამუშევრები საფრანგეთის გალერეებს დაამშვენებს. იმედი მაქვს, მის გამოფენას საქართველოშიც ვიხილავთ, იქამდე კი სოციალური ქსელით თვალი უნდა ვადევნოთ მის შემოქმედებას, რადგან საზღვრების გარედან საქართველოს სახელი ჩანს, განსაკუთრებით მის საქართველოს თემებში, რომლებიც ძალიან თბილი და უცნაურად დანახულია, სხვა ახალი თვალით და ფერით.
ნიჭიერებით გამორჩეულ თვითნასწავლ მხატვარს მანანა ბაბიჩიას სასაუბროდ საფრანგეთში დავუკავშირდით. ამბობს, რომ მისი საყვარელი მხატვარი პიკასო და გუდიაშვილია:
- უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში დავიბადე, ძალიან პატარა ასაკიდან საქართველოში გავიზარდე, მამამ წამომიყვანა... მამას ორი ძმა ყავდა - ბორია და ვალოდია ბაბიჩები. ვალოდია სამამულო ომში დაიკარგა, შემდეგ გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა... ვალოდია უნიჭიერესი იყო, შესანიშნავად იცოდა ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, გერმანულად ისევე ბრწყინვალედ საუბრობდა, როგორც ქართულად. ამავდროულად გენიალური თვითნასწავლი მხატვარი იყო. მას ვეფხისტყაოსნის წიგნი ჰქონდა დახატული. სამწუხაროდ მისი ნახატები თბილისში მომპარეს. ბავშვობაში მის ნახატებს რომ ვუმზერდი, ძალიან მინდოდა მეც მეხატა, ხატვამ მიმიზიდა. ასე დავიწყე ხატვა, თავდაპირველად ადამიანებს, ყვავილებს ვხატავდი. წიგნებიდან, გაზეთიდან ვიხატავდი, მაინტერესებდა რამდენად გამომივიდოდა... შემდეგ იდეები მომდიოდა, რაღაცებს ჩემით ვხატავდი. ხატვა 17 წლის ასაკში დავიწყე, 19 წლისას მინდოდა, მოსე თოიძის სასწავლებელში ჩამებარებინა... დედამ (დედინაცვალმა) შენ კი არ ხატავ, თამაშობო, ძალიან გაბრაზდა, გაიტანა ჩემი ყველა ნახატი, დახია და ცეცხლი წაუკიდა. ასე გამინადგურა პირველი ნახატები, რამაც ძალიან გული მატკინა და ხატვა შევწყვიტე. იხილეთ სრულად