„ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა იქნება ...“
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი "კონსერვატიული მოძრაობის", იმავე "ალტ-ინფოს", ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. "აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში. კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან დაკავშირებული", - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. მათი განმარტებით, ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესდათ, რადგან "მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში". 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო დაუწესდათ სანქციები კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახების წევრებს, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში". "ამერიკის ხმის" ცნობით, აშშ-მა უკვე შეიმუშავა სანქციების პაკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ურთიერთობა სულ უფრო მეტად რთულდება. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში აშშ იყო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც განიხილებოდა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, ისე მსოფლიოში მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარანტად. საით მიდის საქართველო, როგორ აისახება ეს კონფრონტაცია ქვეყნის მომავალზე, ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- თქვენს კითხვებზე პასუხები ნათლად გამოჩნდება 26 ოქტომბრის შემდეგ, თუ რას მოგვიტანს არჩევნები. მთელი ეს ვითარება უნდა განვიხილოთ ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესის რაკურსში.
ეს არის დასავლეთის პირდაპირი ზეწოლა მთავრობაზე, რათა წესიერად მოიქცნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეფექტი საწინააღმდეგოა
- სრულ მარაზმში ვართ. ჯერ ერთი, "ქართულმა ოცნებამ" მოგებული არჩევნები წააგო ე.წ. აგენტების კანონით, ვიდრე მას შემოაბრუნებდნენ ხელახლა და ხალხზე ძალადობის ფასად მიიღებდნენ, ქვეყანაში და მის საზღვრებგარეთაც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ არჩევნებში მმართველი ძალა გაიმარჯვებდა. დღემდე ვერ ვხსნი, რაში სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს ამ ახირების შესრულება. კი, თავს იწონებს მაგარი ანალიტიკოსი ვარო, მაგრამ ცხადზე ცხადია, ასე არ ყოფილა, ან ძალაუფლებით ტკბობამ მისი ანალიტიკური აზროვნება დააჩლუნგა. ყოველ შემთხვევაში, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ამასთანავე, "ქართული ოცნების" ლიდერშიფი, ხელმძღვანელები, მონებივით იქცევიან, თითქოს თავიანთი აზრი არც გააჩნიათ. ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირ სისულელეებს ამბობს. გაიძახიან, რომ თურმე მათზე ზეწოლაა. ეს არ იქნებოდა, ნორმალურად რომ მოქცეულიყვნენ, ყოველდღე აშშ-ისა და დასავლეთის ლანძღვას, რა ეგონათ, რა მოჰყვებოდა?! ცალმხრივი პარტნიორობა არ არსებობსო, რომ გაიძახიან, მართლაც არ არსებობს, მაგრამ ესენი პირველები განუდგნენ პარტნიორებს და თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში.
ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" არჩევნებს ვერ მოიგებს და ვერც ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას. ყოველივე ეს, რასაც ვხედავთ დასავლეთთან დამოკიდებულებაში, არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური სვლებია საარჩევნოდ, რაც მალე დასრულდება. თუ ასე არ მოხდა, ისევ კომუნისტური წყობის ყველაზე უვარგის წლებში დავბრუნდებით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პერმანენტულად პირდაპირ გამწვავებაზე მიდიოდა "ქართული ოცნება" დასავლეთთან. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურდა. ამგვარი განცხადებები ისმოდა უკრაინიდანაც. შეიძლება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას მართლაც სურდა, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოდან, მაგრამ ეს არამც და არამც არ აწყობდა დასავლეთს და არც სურდა. არავითარი გლობალური ომის პარტია არ არსებობს - ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი ქარის წისქვილებთან ბრძოლაა. ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის აზროვნებაში, მენტალიტეტში, რაღაც ხარვეზია და შექმნილ ვითარებას ნორმალურად ვერ აანალიზებენ, ყველგან შეთქმულების თეორიები ელანდებათ.
ისე, თუ დავუბრუნდებით უახლეს ისტორიას, საქართველოს ხელისუფლებებს საკუთარი ძალაუფლების ფინიშისკენ სულ უფუჭდებოდათ ურთიერთობა დასავლეთთან, თუმცა ყოველთვის ძალიან ხანმოკლედ. ასე იქნება ახლაც. ღმერთმა ნუ ქნას, ეს დაპირისპირება არ დაასრულოს ამ არჩევნებმა, რადგან როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს საბჭოთა დროში დაბრუნება ემუქრება.
- თავის მხრივ, ევროკავშირიც ლაპარაკობს სანქციებზე. ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და იმედი აქვს, რომ საარჩევნო პროცესი იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გამოიყენებს ხელთ არსებულ სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა პაველ ჰერჩინსკიმ ამ ორიოდე დღის წინ.
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა. ეს იქნება არა მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის დასჯა, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ამით შეიძლება ძალიან გვაწყენინონ, რაც შემდგომში ჩვენს ურთიერთობას შეუშლის ხელს.
დარწმუნებული ვარ, არჩევნები ყველაფერს დაალაგებს, თუ დრამატული რამ არ მოხდა.
- რას გულისხმობთ, არჩევნების გაყალბების საფრთხეს?
- არა, როგორც არ უნდა სცადონ გაყალბება, თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ეს შეუძლებელი იქნება, თანაც არჩევნების გაყალბების დიდოსტატი, პროფესიონალი, ხათუნა გოგორიშვილი იყო და ისიც კი ამბობდა, შედეგების 7%-ზე მეტად გაყალბება შეუძლებელიაო. ეს მაშინ, როცა ყუთებს მთლიანად იტაცებდნენ. დღეს კი, მოგეხსენებათ, დიდწილად ელექტრონულად, ავტომატიზებულად იქნება ხმის მიცემა. ამიტომაც მგონია, რომც სცადონ, ტოტალურად გაყალბება ვერ მოხერხდება. ცდები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ საერთო სურათს ვერ შეცვლის.
რა, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა 2012 წელს არჩევნების გაყალბება? - რა თქმა უნდა, უნდოდა, მაგრამ ვერ გააყალბა. გაყალბებას რა მოჰყვება ხოლმე, კი ვიცით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ასეთი მკვეთრი განცხადებები დასავლეთიდანაც, თავისივე პოლიტიკას აზიანებენ. სიმართლე უნდა ითქვას, იქაც ბევრ შეცდომას უშვებენ. არც ამერიკულ თუ ევროპულ პოლიტიკაში ჩანს დიდი სიღრმისეული მოსაზრებები თუ ქმედებები.
- გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო "ლელოს" ჯგუფისა და გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" მოლაპარაკება არჩევნებზე ერთი ფრონტით გასვლის თაობაზე, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ. თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, დიდი ალბათობით, ჩაშლილია. მეტიც, მხარეები ურთიერთბრალდებებზე გადავიდნენ. თქვენი აზრით, ეს საარჩევნოდ ამ პოლიტიკური ძალების იმიჯს არ დააზიანებს?
- სცადეს მოლაპარაკება, ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე პირადად მათი გაერთიანების პერსპექტივა არ მომწონდა. ჩემი შეფასებით, იმ ხალხში, რომელსაც არ მოსწონს არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა", ცოტაა ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც ორივე - ხაზარაძე და გახარია მოსწონს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს არჩევანის საშუალება. ვფიქრობ, ორივე ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, მაგრამ გაცილებით უკეთესი მაჩვენებლის მიღების პერსპექტივა გახარიას აქვს. ამიტომ ცოტა გაუგებარია, რაში სჭირდებოდა "ლელოსთან" გაერთიანება.
გარდა ამისა, ჩემი აზრით, მოლაპარაკების დაწყება დაგვიანებულიც იყო. თუ გაერთიანება სურდათ, უფრო ადრე უნდა ეფიქრათ ამაზე და შესაძლოა მიეღწიათ კიდეც შეთანხმებისთვის.
გახარია გვინახავს პრემიერ-მინისტრად. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იყო, ვინც კი გვყოლია, თან ურთულეს დროს, პანდემიისას მოუწია ქვეყნის მართვამ, რასაც ძალიან კარგად გაართვა თავი. ბევრისთვის სწორედ ამიტომაც არის გახარია მისაღები. ბევრისთვის შესაძლოა ცუდია, რომ არ მოხდა ძალთა კონსოლიდაცია, ამას თავისი პლუსები ექნებოდა, მაგრამ ამ შეუთანხმებლობაში მე ვერ ვხედავ დიდ პრობლემას. როგორც მედალს, ამასაც აქვს ორი მხარე. ძალიან ეკლექტიკური ალიანსი ჩამოყალიბდებოდა და შეიძლება ხმები უფრო დაეკარგათ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ...
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის ძალიან კარგი ბიზნესმენია, მაგრამ პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს გამოუცდელობის ბრალია.
- არ ცხრება ვნებათაღელვა ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო, რომელიც აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდას გულისხმობს. "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - განაცხადა ივანიშვილმა. ეს განცხადება ძალიან მოეწონათ რუსეთში. ახლა ჩვენგან ბოდიშს სოხუმიც ითხოვს 1990-იანი წლების მოვლენებისთვის.
- რა გითხრათ, ძალიან არასწორი განცხადებაა. დადგეს და პირადად მოიხადოს ბოდიში ვისთანაც უნდა - ოსებთან, აფხაზებთან თუ პუტინთან. მე ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი, ისევე, როგორც მთელ საქართველოს. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლებას თავს ნურავინ აძლევს.
ივანიშვილს, როგორც ჩანს, ჰგონია, ამგვარი განცხადებებით, ბოდიშებითა და მოფერებით, ან რუსეთს შეაგნებინებს რამეს, ან სეპარატისტებს. ხომ ნახეთ, მადა გაეხსნათ და ოსებმა უკვე მორალური და ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ეს მიდგომაც, როგორც ბევრი სხვა, ყოვლად არასწორია. ბოდიშებით ვერაფერსაც ვერ მიაღწევს. ოკუპირებულ რეგიონებში ისეთი მაფიოზური ინსტრუმენტებია ჩართული, ისეთი გაუგონარი კავშირები და ამბები ხდება, ამასთან ბრძოლა ამგვარად სასაცილოც კია. ამის წინააღმდეგ სულ სხვა ტიპის პოლიტიკაა გასატარებელი.
- დღევანდელი გადასახედიდან და იმ საარჩევნო სუბიექტების გათვალისწინებით, ვისაც აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, თუ შეიძლება რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება?
- შემიძლია ერთი რამ ვთქვა - აუცილებლად დადგება დღის წესრიგში კოალიციის შექმნა. სულ ტყუილად ლაპარაკობს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. მეტიც, ჩემი აზრით, მომავალი კოალიციის დედაბოძი არც "ქართული ოცნება" იქნება და არც "ნაციონალური მოძრაობა". ეს იქნება შუალედური ძალა - მეტს ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი...
ყველაზე უარესი სცენარით, შეიძლება ვერ მოხერხდეს მთავრობის ჩამოყალიბება და დაიწყოს პოლიტიკური კრიზისი, რასაც რიგგარეშე არჩევნების რეჟიმში გადასვლა მოჰყვება.