დააზარალებს თუ არა ქვეყანას დაწესებული და დაანონსებული სანქციები?! - კვირის პალიტრა

დააზარალებს თუ არა ქვეყანას დაწესებული და დაანონსებული სანქციები?!

20 სექტემბერს "ამერიკის ხმამ" ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორ პირსა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულ კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ამერიკის შეერთებულ შტატებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს". სტატიაში ნათქვამია, რომ წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ.

მანამდე, 16 სექტემბერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-მდე მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს. ისინი "პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში". პარალელურად აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა სანქციები. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად "ხარება", და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ორი კერძო პირი - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, რომლებიც "ალტ-ინფოსთან" არიან დაკავშირებული­. მათ საქართველოში დემოკრატიისა და ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ.

ამის საპასუხოდ "ქართულმა ოცნებამ" განცხადებები გააკეთა, რომ გადაიხედება­ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუკი ამერიკა ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა ბანკებს მოუწოდა, "დაემორჩილონ "კანონმდებლობასა და კონსტიტუციას". ეროვნული ბანკი კი მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას ახსენებს,­ რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციები ვრცელდება მხოლოდ "სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით".

პარალელურად ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში შეუძლიათ ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, რომელთა შორის ერთ-ერთია "ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება". თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და "გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს,­ რომლებიც საჭიროა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის".

ჰერჩინსკის ამ განცხადებიდან ასევე ხაზგასასმელია ის, რომ მთავარი პირობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა და თუკი ჩატარდება სტანდარტების დაცვით, დასავლეთის პირობად რეფორმების გატარება დარჩება.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ელჩის თქმით, "დღეს არსებულ ვითარებაში, თუ შენარჩუნდა მიმდინარე ტრაექტორია, უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა, რომ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნაზე".

რას ნიშნავს ეს განცხადებები და გადაწყვეტილებები საქართველოსთვის, როგორც ფინანსური და ეკონომიკური და რაც მთავარია, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ საკითხებზე ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიასა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, GIPA-ს პროფესორ თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ.

"იმის თქმა შემიძლია, რომ სიტუაცია ძალიან სახიფათოა"

ვახტანგ ჭარაია: - სანქციები უაღრესად საყურადღებოა. შეიძლება ეს იყოს პირველი სანქციები, რომლებიც არაპოლიტიკური თანამდებობის პირებსა და რიგით ქართველებზე გავრცელდა და შეიძლება გავრცელდეს მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებზეც. არაფერია გამორიცხული და ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. ამიტომ ვისურვებდი ხელისუფლებამ ეს ისე მოაგვაროს, რომ საფინანსო სექტორის დაცვისთვის ზედმეტი ზიანის მიმყენებელი აჟიოტაჟი არ ატყდეს. საჭიროა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვა, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებებიც უნდა იქნეს დაცული და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სახელმწიფომ დაასანქცირა ჩვენი მოქალაქე, არ უნდა იყოს ერთადერთი არგუმენტი. დაცული უნდა იყოს საქართველოს საფინანსო სექტორის უსაფრთხოებაც, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაც. ოპტიმალური სცენარია მოსაძებნი, სადაც არც ერთი არ დაზარალდება და ქვეყანა სწორ გზაზე დადგება. აუცილებელია სასწრაფოდ საერთო ენის გამონახვა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და იმედია, ასეც იქნება.

- მაშინ, როცა სასამართლოს სანდოობა ძალიან შელახულია და ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით უნდა იმოქმედონ, ბანკებს რისი გაკეთება შეუძლიათ, რომ შიდა ვალდებულებაც შეასრულონ და საერთაშორისო სანქციებიც არ დაარღვიონ?

- ეს ბანკები საქართველოში ოპერირებენ და საქართველოს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილონ. თუმცა არიან საერთაშორისო საფინანსო სექტორის მოთამაშეებიც და თუ საერთაშორისო რეგულაციებს არ დაიცავენ, აზრი არ ექნება­ მათ საქართველოში მუშაობას. მათ შეეზღუდებათ­ საერთაშორისო ოპერაციები. ამიტომ არც ამ ბანკების რეპუტაცია არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ და უნდა დავიცვათ ეროვნული კანონმდებლობაც. ამასთან, საჭიროა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებზე დისკუსიაც, მოსაძებნია გამოსავალი. მაგრამ პოლიტიკოსები როგორ მოძებნიან, ეს არის მთავარი. ეკონომიკურად და ფინანსურად მე ვხედავ რისკებს და ამის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე.

"ბანკებს მაინც მოუწევთ დაექვემდებარონ სანქციებს"

თენგიზ ფხალაძე: - დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ახლოს ვართ იმ ნაბიჯთან, რომლის გადადგმა არც აშშ-ს და არც ერთ ჩვენს სხვა პარტნიორს არ სურდა და რაშიც იგულისხმება „"ქართული ოცნების" ხელმძღვანელი პირებისთვის სანქციების დაწესება. სანქცირებული პირები ნამდვილად არ არიან პოლიტიკური ხელმძღვანელები, მაგრამ ეს იყო მინიშნება, რომ შემდეგ მათი ჯერიც დადგება. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც კიდევ და კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას, მხოლოდ და მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ ეს ზღვარი გადაილახება და სანქციები კიდევ დაწესდება.

ეს ერთი, და მეორე, - კი, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ სანქციები აღსრულდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - სანქციების აღსრულება, მიუხედავად იმისა, საქართველოს კანონმდებლობა რას ითვალისწინებს ან რას არა, მაინც მოხდება და ბანკებს მაინც მოუწევთ დაექვემდებარონ ამ სანქციებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ოპერაციების წარმოებაში.

როდესაც აშშ აწესებს ფინანსურ სანქციას, ეს ნიშნავს, რომ სანქცირებული პირისთვის ნებისმიერი ცენტის გადაადგილება მკაცრად აღიკვეთება. ამას მკაცრად აკონტროლებს ამერიკის ფედერალური რეზერვისა და ფინანსური სისტემა. დოლარის გადაადგილების კონტროლის მექანიზმი კარგად არის დახვეწილი და მონიტორინგი მთელ მსოფლიოშია. ასე რომ, ვინმეს უნდა თუ არა, სანქციები იმოქმედებს, მით უმეტეს, თუ დავამატებთ იმას, რომ ქართული საბანკო სექტორის ფლაგმანების ავტორიტეტი, კერძოდ, ეს არის 2 ბანკი - „"საქართველოს ბანკი"“ და „"თი-ბი-სი", მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომ სრულად არიან ინტეგრირებული საერთაშორისო ფინანსურ და საბანკო სისტემაში. შესაბამისად, ისინი ან სრულად ემორჩილებიან სანქციებს, ან თუ არ დაემორჩილებიან, შეექმნებათ ძალიან სერიოზული პრობლემა, რაც მძიმედ აისახება ქართულ ფინანსურ ბაზარზე.

- რას ნიშნავს ეს სახელმწიფოსთვის პოლიტიკური თვალსაზრისით?

- როდესაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და იმ პირებს, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს მომავალზე, უწესდებათ სანქციები, ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რათა გააძლიეროს პარტნიორობა თავისი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. ეს ძალიან პრობლემურია და ნიშნავს კონკრეტულ რაღაცას - ესე იგი, იმ პოლიტელიტასთან, რომელიც ხელისუფლებაშია, აქვთ არა მხოლოდ კითხვები, არამედ იმდენად სერიოზული არგუმენტები, რომ ასეთ მძიმე ზომას მიმართავენ. რა თქმა უნდა, სანქცირებულ პირებთან სერიოზულ მოლაპარაკებებს რაიმე საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, არავინ გამართავს. ამიტომ ეს უფრო მძიმე პოლიტიკური ტვირთია, ვიდრე ფინანსური.

- "ამერიკის ხმამ" ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პირადად ივანიშვილი­სთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. ეს გაფრთხილებაა თუ ამერიკამ დაასრულა საქართველოს ხელისუფლებასთან ლაპარაკი?

- ეს არის ბოლო გაფრთხილება. ამის მერე უკვე სანქციებს დააწესებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, - პოლიტიკურად ეს ნიშნავს, რომ თუ პირს დაუწესეს სანქციები, საუბარი პარტნიორობის გაღრმავებაზე, ახალი პროექტების განვითარებაზე, პოლიტიკურ დახმარებაზე, მხარდაჭერაზე და ა.შ., გამორიცხულია. ძალზე კრიტიკულ ზღვარზე ვდგავართ. პარტნიორებთან შანტაჟის ენით საუბარი არ შეიძლება. თუ „"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ამ გზით საუბარი, მაშინ მივიღებთ იმ შედეგს, რაც უკვე გაცხადდა, რომ ახალი პაკეტის დამუშავება იწყება.

ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ძალიან სერიოზული განცხადებაც უვიზო მიმოსვლის მოსალოდნელ შეჩერებაზე. ასე რომ, თუ ავირჩიეთ პარტნიორებთან ურთიერთობისას შანტაჟის ენა, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დააზარალებს და არა პარტნიორებს.

რუსა მაჩაიძე