„მთავარი პრობლემა გახარიას გუნდის „ლელოს“ პლატფორმაზე გადაჯდომა იყო“
რატომ ჩაიშალა გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანება, რა მოხდა სინამდვილეში, რა იგულისხმა ხაზარაძემ სპეცოპერაციაში, ვის აზარალებს ჩაშლილი შეთანხმება და როგორ გაგრძელდება წინასაარჩევნო პროცესი, ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:
- მე ყოველთვის ვამბობდი, რომ "ნაც-ქოცური" ნარატივის მიღმა ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა სერიოზულ ეფექტს მოგვცემდა. მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა, რომ შეთანხმება შემდგარიყო. კვლევაში გამოჩნდა, რომ გაერთიანების შემთხვევაში მათი ჯამური მაჩვენებელი 5%-ით მეტი იქნებოდა, ვიდრე ცალ-ცალკე. სამწუხაროდ, ეს თავის დროზე ვერ მოხერხდა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შუამავლობა იკისრა და დაიწყო მოლაპარაკება.
- გახარიას შეხვდით და რა გითხრათ, რა გახდა შეთანხმების ჩაშლის მიზეზი?
- არა მხოლოდ გახარიას, ყველას შევხვდი. დეტალებს ვერ გაგიხსნით, მაგრამ გეტყვით, რომ ამ გაერთიანებაზე სკეპტიციზმი არსებობდა. ჩემი კომპეტენცია და წონა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მხარეები დამერწმუნებინა დროულად დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვფიქრობ, შეთანხმების ჩაშლის მთავარი მიზეზი სწორედ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო გახდა. ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში ამ ტიპის პარტიების მოლაპარაკებას დრო სჭირდება. სიების წარდგენამდე 1 კვირაა დარჩენილი და ამან პროცესში ფსიქოლოგიური დაძაბულობა შეიტანა. ისიც ყველამ ვიცით, რომ მხარეებს შორის სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის ურთიერთპრეტენზიები იყო. როცა ნდობა არ არსებობს, ყველა დეტალის გაანალიზებას ცდილობ, ამისთვის კი დრო არ გყოფნის. ამასობაში გარე მხრიდან ძლიერი პრესინგია და ეს ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისიც, რომ "ძლიერი საქართველოს" შტოები სხვადასხვა აზრზე იყვნენ, ამან უნდობლობა უფრო გააღრმავა. პრეზიდენტს ეს ინიციატივა ერთი თვით ადრე რომ წამოეყენებინა, ამ ერთობის შანსი ბევრად მაღალი იქნებოდა.
- ანალიტიკოსების ნაწილი და "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ამბობენ, რომ გახარიას ახალი სამი პირობის შესრულება ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობის გათვალისწინებით შეუძლებელია. ნეიტრალური პლატფორმა და გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი კიდევ გასაგებია, მაგრამ რას გულისხმობს გახარია, როდესაც კოალიციის დაუშვებლობის პრინციპზე საუბრობს, "ნაციონალების" გარეშე მთავრობის ფორმირება როგორ წარმოუდგენია?
- გახარიას პრინციპებში ნამდვილად არის ლოგიკა. ვინ არის გახარიას ამომრჩეველი? მათთვის ხომ თანაბრად მიუღებელია "ნაცი" და "ქოცი". აბა, რა თქვას გახარიამ?!
- კი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა საჭირო იყო ამაზე აქცენტირება?
- მან გაიმეორა ის, რაზეც თავისი საარჩევნო კამპანია აქვს აგებული. რაც შეეხება პარიტეტულ პრინციპს, ამ საკითხზე პრობლემა არც ჰქონიათ. მე მაინც მგონია, მთავარი პრობლემა უნდობლობით სავსე გარემოში ანუ გახარიას გუნდის "ლელოს" პლატფორმაზე გადაჯდომა იყო. კანონმდებლობა სხვა შესაძლებლობას არ იძლევა, პარტია "საქართველოსთვის" სიაში მყოფ ხალხს საკუთარი პარტიული სია უნდა დაეტოვებინა და "ლელოს" სიაში ჩაწერილიყო, რაც დისბალანსს ქმნიდა. ამიტომ ითხოვდა გახარია ნეიტრალურ პლატფორმას.
უამრავი პარტიაა დარეგისტრირებული, რომელთაც ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ. შეიძლებოდა ორივე რომელიმე ასეთი პარტიის პლატფორმაზე გადასულიყო, ამით უნდობლობის ფაქტორი მოიხსნებოდა და საქმიანი გარემოც შეიქმნებოდა.
ხაზარაძემ მიიჩნია, რომ ახალ პლატფორმაზე გადასვლა დიდი თავსატეხი იქნებოდა. "ლელო" დიდი ხანია პარტიულ მშენებლობას ეწევა და არ სურდა ყველაფრის წყალში გადაყრა. იგივე ითქმის გახარიაზეც, თავის 25 ნომერს აპიარებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ერთი თვით ადრე რომ დაწყებულიყო მოლაპარაკება, ალბათ, ხაზარაძეც დათანხმდებოდა ახალ პლატფორმაზე გადასვლას და ახალი ნომრის ცნობადობის ფორმირებაც მოესწრებოდა.
ახლა ამოცანა ძალიან გართულებულია. კარგი იქნებოდა, ყველაფერი შეთანხმებით დასრულებულიყო, მაგრამ ამის დრამატიზება საჭირო არ არის.
- ალბათ, ეს ორივე პარტია მიიღებს ელექტორალურ ზარალს.
- ზარალი არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. იმის შიშით, რომ ელექტორალური ზარალი არ მიიღონ, თავის მართლება და ერთმანეთის დადანაშაულება არ უნდა გააგრძელონ. მინდა მხარეებს ვთხოვო, შეწყვიტონ ამ საკითხზე საუბარი, თავი შეიკავონ ისეთი შეფასებებისგან, რამაც შესაძლოა სამომავლოდ მათი ურთიერთობა გააფუჭოს. იმის გარჩევა, თუ ვინ არის მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებელი, ყველაფერს აზიანებს. ასეთ დროს ვერავინ დაამტკიცებს, ვის მხარეს არის სიმართლე. უნდა შევწყვიტოთ ვიშვიში და საქმეს მივხედოთ, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, საქმე კი ძალიან ბევრია.
- კიდევ ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე ცდილობენ ერთობის შექმნას. როგორ გგონიათ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის მიერ "ახლების" მისამართით გახმოვანებულ ინიციატივას გაერთიანების შესახებ?
- გაერთიანებები იმ შემთხვევაშია მომგებიანი, თუ პარტიების ელექტორალური სეგმენტები ერთმანეთთან ანტაგონისტურად არ არიან და საერთო ჯამში სინერგიას ქმნიან. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობისა" და "ახლების" ელექტორატს, მათ შორის ანტაგონისტური დამოკიდებულება არ არის. "ახლებმა", ერთი მხრივ, გადაიბირეს "ნაციონალების" ამომრჩეველი, მეორე მხრივ, მიიზიდეს ის ელექტორატი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აგრესიულად განწყობილი არ არის. შესაბამისად, ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანება არც ერთის ამომრჩეველს არ გააბრაზებს. საბოლოოდ, მაინც ყველაფერი ლიდერებზეა დამოკიდებული.
- დღეის მოცემულობით, რაც, სავარაუდოდ, აღარც შეიცვლება, ოპოზიციურ ველზე ოთხი დიდი პოლიტიკური ძალა რჩება. როგორია ახლა მათი შანსი?
- მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი დომინირებს, ოპოზიციის შანსი ძალიან დიდია, მით უფრო, რომ პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ამ ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენს, კარგად ხედავს, რა დღეშია ხელისუფლება.
- რას გულისხმობთ?
- თუნდაც იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე დაიწყო საუბარი. ეს ამბავი ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს პროცესზე. შეიძლება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ძალიანაც არ მოსწონდეს ოპოზიცია, მაგრამ მისი დიდი ნაწილი აუცილებლად ხელისუფლების წინააღმდეგ გააკეთებს არჩევანს. გარდა ამისა, სისტემაში დაიწყება ძალიან დიდი რყევები. რატომ? იმიტომ, რომ მისი ძალაუფლება უძლეველობის მითზე დგას. ის სისტემის შიგნით ყველას უმტკიცებს, რომ ცოტა ხანში ამერიკასთანაც დაალაგებს ურთიერთობას და მათაც მიხედავს. სანქციების გამოცხადების შემდეგ ეს ხალხი იტყვის, ჩვენ როგორ დაგვეხმარება, საკუთარი პრობლემები ვერ მოუგვარებიაო. არჩევნებამდე უფრო მკვეთრი სურათი გვექნება. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისთვის და ძალიან დიდი კოზირი - ოპოზიციისთვის. თუმცა ოპოზიციამ თავადაც უნდა იმოქმედოს, გამარჯვებას ხონჩით არავინ მიართმევს.
- გამორიცხავთ, რომ ივანიშვილმა გაფრთხილებად მიიღოს სანქცირების პაკეტის შემუშავება და პოლიტიკური ხაზი შეცვალოს?
- ივანიშვილი ჭკვიანი კაცია, ის მშვენივრად ხვდებოდა, რომ მის მოქმედებებს აუცილებლად მოჰყვებოდა სანქციები. როგორც ჩანს, ის რაღაცის მძევალია! მას მხოლოდ კეთილდღეობის კი არა, უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემაც აქვს. არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდება მის თავს. მე თეორიებში ვერ შევალ, თუმცა მზად ვარ ჩვენი ყოფილი მეგობრობის გათვალისწინებითა და ადამიანურობიდან გამომდინარე, პირადად დავიცვა მისი უსაფრთხოება. ის და მისი ოჯახი ჩემთვის სულერთი არ არის.
- თუ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე დგამს არასწორ ნაბიჯებს, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს რა რჯით?
- "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები მედროვეები არიან, რომელთაც ერთადერთი ინტერესი აქვთ - ფინანსური კეთილდღეობა. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, მათ უკვე დაწყებული ჰქონდეთ კულისებში გადალაგება და ალტერნატიულ ბუდეებში კვერცხების დადება. საჯაროდ ვერაფერს იტყვიან, იმიტომ, რომ ბიძინას ძალიან მაგრად უჭირავს ხელში. ივანიშვილი შეიძლება გლობალურ პრობლემებს ვერ ალაგებს, თორემ ამათ ძალიან კარგად მართავს - კომპრომატით იქნება, კორუფციით თუ სხვა რამით.
- ალბათ, არჩევნებამდე ვითარება უფრო დაიძაბება. როგორ გგონიათ, მივაღწევთ 26 ოქტომბრამდე მშვიდობიანად?
- ძნელი სათქმელია. ყველა გათვლით, ხელისუფლება უნდა დამარცხდეს, თუ, რა თქმა უნდა, ისეთი ფაქტორები არ გაჩნდა, რაც ნორმალური არჩევნების მიღმაა. სამწუხაროდ, ამის რისკებიც არსებობს.
- არჩევნების ჩაშლას გულისხმობთ?
- არა, ერთია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მეორე - პირდაპირ ოქმების დაწერა, ან რუსების პირდაპირი დახმარება ამ პროცესში. თეორიულად არსებობს ძალიან ნეგატიური და არსებობს შედარებით რბილი სცენარის განვითარების შანსი. მე ძალიან ნეგატიური სცენარის განვრცობისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.
ხათუნა ბახტურიძე