უცხოელი კილერი ქართველი ბიზნესმენისთვის - „თუ გურბანოვი მამაჩემის მკვლელობის შემკვეთს დაასახელებს, თანახმა ვარ, სასჯელი გაუნახევრდეს ან თუნდაც გაუშვან“ - კვირის პალიტრა

უცხოელი კილერი ქართველი ბიზნესმენისთვის - „თუ გურბანოვი მამაჩემის მკვლელობის შემკვეთს დაასახელებს, თანახმა ვარ, სასჯელი გაუნახევრდეს ან თუნდაც გაუშვან“

ცხრაწლიანი ძებნის შემდეგ, 12 სექტემბერს, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელის, აზერბაიჯანის მოქალაქე 38 წლის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოხდა. ის ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით თურქმა სამართალდამცველებმა გურბანოვი სტამბოლში აიყვანეს. მას უვადო პატიმრობა ელის.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 იანვარს ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და პეკინის გამზირზე ბინა იქირავეს. შემდეგ შეიძინეს "ჰონდას" მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტითა და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების გაკონტროლება.

დამნაშავეები მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას, სისტემატურად იცვლიდნენ ტანისამოსს, გადაადგილებისას გზებსა და საშუალებებს. 2015 წლის 28 მარტს, შუადღისას, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და "მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანს სამჯერ ესროლა, მათ შორის ერთი თავის არეში საკონტროლოდ. იმავე დღეს ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვეს. ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.

მკვლელობამდე 4 წლით ადრე ბიზნესმენი ხარძიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა თავად ამტკიცებდა, რომ ციხეში ბიზნესინტერესების გამო ჩასვეს. მართლაც, ციხეში წამების შედეგად ხარძიანს კუს ტბის წილები დაათმობინეს. ბესიკ ხარძიანის წამებასა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 2 პირს ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ წარუდგინა.

"კვირის პალიტრა" ბიზნესმენის ვაჟს, ბესო ხარძიანს ესაუბრა:

- 9-წლიანი ძებნის შემდეგ ფარიდ გურბანოვი დააკავეს, მის თანამზრახველს, ოლეგ დოევს კი ჯერ კიდევ ეძებს ინტერპოლი... ბესიკ ხარძიანი იცნობდა ამ პირებს?

- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო­ გენერალურ პროკურორს, ბატონ გიორგი­ გაბიტაშვილს, ასევე მის წინამორბედ ბატონ ირაკლი შოთაძეს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო და არის მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებაში. რაც შეეხება ფარიდ გურბანოვსა და ოლეგ დოევს, რა თქმა უნდა, მამაჩემი არ იცნო­ბდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ ისინი დაქირავებული კილერები იყვნენ. მოტივს რაც შეეხება, რთული გამოსაცნობი არ იყო, რადგან იმხანად მამაჩემს სასამართლო დავა ჰქონდა კუს ტბის წილის გამო, რომელიც 2011 წელს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს, გიორგი უდესიანმა­ ციხეში მამაზე ფიზიკური­ თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიისაკუთრა...

- გამოძიებას ჯერ არა აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე­, ვინ დაუკვეთა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა. გაქვთ იმედი, რომ ბრალდებული დაასახელებს დამკვეთს?­

- იმედი მანამდე მექნება, სანამ არ გავიგებ, ვინ შეუკვეთა მამაჩემის მკვლელობა. რაც შეეხება მკვლელ ფარიდ გურბანოვის ალაპარაკებას, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. მე თუ ვინმე მკითხავს და საქმესაც წაადგება, თუ გურბანოვი მამაჩემის მკვლელობის შემკვეთს დაასახელებს, თანახმა ვარ, სასჯელი გაუნახევრდეს ან თუნდაც გაუშვან. ჩემი მთელი ინტერესი მიმართულია მკვლელობის დამკვეთისკენ თუ დამკვეთებისკენ.

maxresdefault-1727009043.jpg

- რას შეეწირა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის სიცოცხლე?

- ოჯახის ვერსია და მკვლელობის მოტივი, როგორც 9 წლის წინ, ისე დღესაც მამაჩემის ბიზნესსაქმიანობა, კონკრეტულად კი კუს ტბის წილები გახდა. მისმა­ ე.წ. ბიზნესპარტნიორებმა, გიორგი უდესია­ნმა და რეზო ქურასბედიანმა, წილების მთლიანად ხელში ჩაგდება მოინდომეს.­ გიორგი­ უდესიანს ბრალიც კი აქვს წარდგენილი ბესო ხარძიანის ციხეში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ორგანიზების ბრალდებით, რის შედეგადაც მან იძულებით მიისა­კუთრა ბესო ხარძიანის კუთვნილი წილი.

ბრალი აქვს წარდგენილი გლდანის ციხის იმდროინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძესაც, მეტსახელად­ "კილე­რას", რომე­ლსაც დავალებებს გიორგი უდესიანი აძლევდა. მამაჩემს სხვა მტრები არ ჰყოლია და საჯარო თუ პირად საუბრებში ის მათ ასახელებდა, ვისგანაც შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა (ვგულისხმობ გიორგი უდესიანსა და რეზო ქურასბედიანს). მათი მიზანი ბესო ხარძიანის გაჩერება, სასამა­რთლო პროცესებისგან გამოთიშვა იყო, რადგან მამაჩემს პირველი ინსტანციის სასა­მართლო უკვე მოგებული ჰქონდა და მეორე ინსტანციის სასამართლოს ელოდებოდა. ახლა ბრძოლას მისი ოჯახი ვაგრძელებთ, სამწუხაროდ...

- რა მყარი მტკიცებულებები გაქვთ საიმისოდ, რომ უდესიანი და ქურასბედიანი დაადანაშაულოთ?

- გიორგი უდესიანი და მისი ოჯახის წევრები თავიდანვე უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ მამაჩემს იძულებით ჩამოა­რთვეს კუს ტბის წილები. ამბობდნენ, რომ ბესო ხარძიანს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და დასახმარებლად უშუამდგომლეს უცხოურ კომპანიებთან. რეალურად, ეს კომპანიები პანა­მის ოფშორებში დარეგისტრირებული ფიქციური­ კომპანიებია,­ რომლის უკანაც დგანან გიორგი უდესიანი, რეზო ქურასბედიანი და დავით კეზერაშვილი, რომელსაც პატივისცემის ნიშნად და, ალბათ, გავლენის გასამყარებლად გიორგი უდესიანმა 5% აჩუქა­ (როგორც მამაჩემისგან ვიცი). გიორგი უდესიანი მოქმედებდა მახინჯი სისტემის მხარდაჭერით, რასაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია, და რომელიც დღესაც ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ ვერ ეღირსებიან.

- ამჟამად სად იმყოფება გია უდესიანი?

- როგორც ვიცი, ის მოიხსნა საერთა­შორისო ძებნიდან და უნგრეთის სახელმწიფოსგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. როდესაც ეს სტატუსი მიიღო, მაშინ ზურაბ ადეიშვილი იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უნგრეთში. შეიძლება სტატუსი იყიდო და დროებით დაემალო მართლმსაჯულებას, მაგრამ სიმართლეს ვერ იყიდი, რომელიც ერთია. ზურაბ ადეიშვილი­ იმ რეჟიმის ბოროტების იდეოლოგი იყო და ის მამაჩემსაც შეეხო - 2006-2007 წლებში დაიბარა და 5.000.000 დოლარი მოსთხოვა. სწორად იქიდან დაიწყო მამაჩემის ისტორია...

მას მოუწია კუს ტბის ჩადებამ ინგლისურ კომპანიაში, რათა ეს თანხა გადაეხადა. ადეიშვილმა მამაჩემს 3.500.000 დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინა, ხოლო 1.500.000 დოლარად წნორში ავტოფარეხი აყიდვინა აუქციონის წესით, სადაც მხოლოდ თვითონ მონაწილეობდა. სწორედ ამ ამბის შემდეგ გამოჩნდა უდესიანი, რომელიც მამაჩემს არწმუნებდა, რომ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა, კუს ტბას განავითარებდა და 20.000.000 დოლარს ჩადებდა. რა თქმა უნდა, მოატყუა და შემდეგ რეზო ქურასბედიანთან ერთად მოინდომა კუს ტბის მთლიანად ხელში ჩაგდება. სამწუხაროდ, ისინი დღესაც ნაწილობრივ კომპანია "კუს ტბის" მეწილეები არიან.

- უდესიანი თუ გამოეხმაურა თქვენს ბრალდებებს?

- როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთხელ­ გამოეხმაურა მამაჩემის ბრალდებებს, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებდა გიორგი უდესიანს "კუს ტბის" წილების იძულებით დათმობაში, ხოლო როდესაც მამა დაიღუპა და ჩვენს ოჯახში მათზე გაჩნდა ეჭვი, ის და მისი ოჯახის წევრები მედიაში სიუჟეტს სიუჟეტზე და განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ... ის საშინელი დღე ოჯახის ყველა წევრს ძალიან მძიმედ გვახსენდება, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობით დამთავრდა რამე, ყველაფერი ახლა იწყება და ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

- ამბობთ, რომ მამა ციხეში ჩანაწერებს აკეთებდა, ლექსებსაც წერდა...

- ალბათ, მამა გამიბრაზდებოდა, რატომ გამომიქვეყნე ეს ლექსიო, მაგრამ შემიძლია გადმოგცეთ სამახსოვროდ და არა იმიტომ, რომ მამაჩემმა მე დამიწერა, უბრალოდ, ის ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელია. მამამ, ალბათ, მაშინ დაწერა,­ როდესაც­ კომპანიის წილები გადააფორმებინეს. ეს ლექსი ჩემთვის ცხოვრების სახელმძღვანელოდ იქცა. "ვერ წაგვართმევენ ყველაზე მთავარს/ გენიდან მოსულს ჩვენში,/ შენ ხვალინდელი წინაპრის გზა ხარ,/ მე ამას ვხედავ შენში./ თუ სიყვარული უფალში ნახე/ ძალა შემოვა შენში/ და აგისრულებს ყველა იმ სურვილს,/ რასაც ხალხისთვის შექმნი./ ჩვენ ხარები ვართ, არ დაგავიწყდეს/ ჩვენი საქმეა მოხვნა,/ ვიღაცა დასთეს, ვიღაცა მომკის/ ჩვენთან კი მადლი­ ზეციდან მოვა". გლდანის ციხეში მამას კუს ტბაზეც აქვს ჩანაწერი გაკეთებული. ის თავს უსვამს კითხვას: "რატომ გინდა კუს ტბა ააშენო?" და პასუხობს: "მინდა ქალაქს სიყვარული ავუხსნა" - ამით ყველაფერი ნათქვამია.