რას ითხოვენ ოსები?!
14 სექტემბერს "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში განაცხადა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს აგებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - თქვა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, აგვისტოს ომი "ქვეყნის მტრების" მიერ გარედან თავს მოხვეული პროვოკაცია იყო და ძალიან მალე გაიმართება "ქართული ნიურნბერგის პროცესი", რაც აუცილებლად გახდება ჩვენი "შერიგების წინა პირობა".
ივანიშვილის განცხადებასა და აღშფოთებული საზოგადოების ნაწილის შეფასებებზე გამოხმაურებამ მოუწია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა: "რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციურ გზავნილებს აჟღერებს და მკვლელებისა და მწამებლებისთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთანაც შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება".
კოკოითი ცოცხალი ყოფილა?!
ედუარდ კოკოითიმ, რომელიც 2008 წლის ომის დროს ე.წ. პრეზიდენტი იყო, ტელეგრამარხზე დაწერა: "საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ შეთანხმებას, რომლებიც საომარი ქმედებების გამოუცხადებლობას უზრუნველყოფს; ასევე დააბრუნოს თრუსოს, გუდოსა და სხვა ხეობები - ისტორიული ოსური მიწები". კოკოითიმ გაიხსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებაც: "1920 წლიდან მოყოლებული სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც აქამდე საქართველოს პრემიერები საუბრობდნენ, არ კმარა. თუმცა საქმე ამაში სულაც არ მდგომარეობს. ვინ დაგვიბრუნებს 10 000-ობით მოკლულ ძმასა და დას? ამას არასდროს დავივიწყებთ და არასდროს ვაპატიებთ", - წერს კოკოითი და ოსებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ ივანიშვილის განცხადებებს.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსი იური ვაზაგოვი წერს, "ცხინვალი ელის არა მარტო სიტყვიერ განცხადებებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც, მათ შორის: ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეთანხმების მიღწევას უსაფრთხოების გარანტიებზე დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი".
ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთის" თავმჯდომარე აცამაზ ბიბილოვის განცხადებით, მსგავსი განცხადებები "საარჩევნოდ" ხშირად კეთდება, რეალური ქმედებები კი არ ჩანს: "საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი 1920, 1989-1992 წლებში, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერით, შემდეგ კი შეიძლება ასეთი განცხადებების გულწრფელობა დაიჯერო". აცამაზ ბიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან "საზღვრის დელიმიტაციასაც" მოითხოვს.
განცხადება გაავრცელა ოპოზიციურმა პარტიამ "სამართლიანობისთვის", სადაც ნათქვამია, რომ "ქართული ნაციონალისტური იდეოლოგიის გამო ძალიან ბევრი სისხლია დაღვრილი და მხოლოდ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის".
ტელეგრამარხებზე შეფასებებს რიგითი ოსებიც შეუერთდნენ: "ბოდიში საკმარისი არ არის, მას მოქმედებები უნდა მოჰყვეს. უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის აღიარება, რის შემდეგაც შეიძლება საუბარი მეზობლურ ურთიერთობებზე"; "მოიხადეთ ბოდიში 1990-იან წლებში ზვიად გამსახურდიას შოვინისტური პოლიტიკის გამოც; არც 1920-იანი წლების იგნორირება უნდა მოხდეს, რადგან მაშინაც არანაკლებ ვიტანჯებოდით"...
გამოითქმის ვარაუდი, რომ ბოდიშის მიზანი შესაძლოა მოსკოვთან კულუარული გარიგებაც იყოს და რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი ზუსტად ისევე დათმოს, როგორც მთიანი ყარაბაღი. ამ ისტერიკის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განცხადება გაავრცელა ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებამაც, რომელმაც ივანიშვილის "გულწრფელობა" და ბოდიში მოიწონა, კობახიძის განცხადება კი დაიწუნა: "ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მებრძოლ მის თანამემამულეებს გმირებად მიიჩნევს, ხოლო მკვლელებად ოსებს, რომლებიც საკუთარ მიწას იცავდნენ, შესაბამისობაშია საქართველოში დანერგილ რეალობის დამახინჯებულ აღქმასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ივანიშვილის "გულწრფელ კეთილგანწყობას" მალე მოჰყვება იურიდიული დოკუმენტი: "ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ამტკიცებს გულწრფელ კეთილგანწყობას, რაც ბატონმა ივანიშვილმა გააჟღერა, უახლოეს პერიოდში იქცევა იურიდიულ დოკუმენტად, რომლითაც საქართველო უარს იტყვის ძალის გამოყენებაზე ან მუქარაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების მიმართ".

ბოდიშს აფხაზებიც ელიან
ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სოხუმის რეჟიმი. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გზავნილი პირდაპირ არ უკავშირდება "აფხაზეთის რესპუბლიკას", მსგავსი განცხადებები, თუ ის რეალური ნაბიჯებით იქნება გამყარებული და წარსული შეცდომების გადაფასება მოჰყვება, "შეიძლება გახდეს მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დასაწყისი". აფხაზეთში იმედი აქვთ, რომ სიტყვას საქმე მოჰყვება და გაფორმდება იურიდიული დოკუმენტი - ხელი მოეწერება სამშვიდობო ხელშეკრულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
ივანიშვილის განცხადება აფხაზურ ტელეგრამარხებზეც განიხილეს. "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ინალ ხაშიგი წერს, რომ ლოგიკურია ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა იყოს. ამასთან, "თუ ამ ლოგიკას მივყვებით, საქართველოს პარლამენტმა "ოკუპაციის შესახებ" კანონი უნდა გააუქმოს".
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნუ იყიდებით ბოდიშებზე, მათ ეს არაფრად უღირთ. მათგან მუდმივად გვესმის, აფხაზები ჩვენი ძმები და დები არიანო, მეტი არაფერი. ისინი კონფლიქტის მხარედ აღიარებას არ აპირებენ. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის რევიზიაზე მზაობა არ არსებობს. ვის სჭირდება ბოდიშები 30 წლის წინ მომხდარის გაანალიზებისა და გადაფასების გარეშე?! მე არ მჯერა მათი და არც თქვენ გირჩევთ. არ შეცდეთ, ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება", - წერს აფხაზური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი რუსიკო მარშანია.
"რაღაც ეტაპზე ბოდიშის მოხდა შეიძლება ისედაც დაგვჭირდეს არა მარტო ერთ მხარეს, არამედ ორივეს"
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - პრობლემა ბოდიშის მოხდა არ არის, რადგან თუ პროცესს გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, რაღაც ეტაპზე ბოდიშის მოხდა შეიძლება ისედაც დაგვჭირდეს არა მარტო ერთ მხარეს, არამედ ორივეს, თუმცა ამას სჭირდება თავისი კონტექსტი. ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არის იმის გაუფასურება, რაც სამშვიდობო პროცესში რაღაც ეტაპზე აუცილებლად დადგებოდა დღის წესრიგში და ფორმაც მოსაძებნი იქნებოდა. თუმცა ამის წინასაარჩევნოდ გამოცხადება მიუღებელია. მთავარია არა ბოდიში, არამედ ის, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება, მთელი საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის ომის წამოწყებაში. მინდა გავიხსენო, რა უძღოდა წინ აგვისტოს ომს: ეს იყო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება და რუსეთის მუქარა, რომ სანაცვლოდ საპასუხო შედეგი იქნებოდა; ეს იყო ჩიკაგოს სამიტი, სადაც ნატომ მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი, და პუტინის მუქარა, რომ ეს არ მოხდებოდა. ამას წინ უძღოდა მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ ოსეთში და სამხედრო ტექნიკის განთავსება როკის გვირაბის ახლოს. ასევე ფრონეს ხეობის ორი ქართული სოფლის დაბომბვა. ამ ქრესტომათიული მარტივი მომენტების გახსენება იმიტომ გვიწევს, რომ ყველას შევახსენოთ, თუ როგორ მზადდებოდა პროვოკაცია და რის გამო მოხდა 2008 წლის ომი. ამიტომ ბოდიში მოსახდელი არავითარ შემთხვევაში არა გვაქვს. 2008 წელი იყო საქართველოში ხელისუფლების ჩამოშლისა და რუსების "ნამესტნიკების" დანიშვნის მცდელობის გამო ომი. სწორედ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ომი დაიწყო იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს ყველასთვის ცხადია და ამაზე კითხვაც კი არ არსებობდა 2012 წლამდე. ამაზე ლაპარაკი დანაშაულია ქვეყნის მომავლის წინაშე. თუკი ანწუხელიძე და შინდისის მებრძოლები გმირები არიან და ამას "ოცნებაც" ამბობს, მაშინ ეს გმირები რას აკეთებდნენ, დანაშაულს სჩადიოდნენ?!
- ოსები აცხადებენ, რომ ქართველებს 1920 და 1990-იანი წლების გამოც აქვთ ბოდიში მოსახდელი.
- 1920 წელს ოსები აჯანყდნენ და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ამიტომაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აჯანყების ჩასახშობად ვალიკო ჯუღელის მეთაურობით რაზმები გაგზავნა. ოსები ჯუღელის რაზმების სისასტიკეებზე ჰყვებიან, თვალების დათხრასა და წამებაზე. ოსებისთვის დიდი მტერია ზვიად გამსახურდიაც, როგორც ანტიოსური კამპანის გამჩაღებელი.
- შეიძლება ბოდიშმა რამე შეცვალოს?
- არც ერთი მესიჯი არაფერს შეცვლის, ვიდრე იქ რუსეთის სამხედრო ბაზები დგას, როგორც ოსებისა და აფხაზების "დამოუკიდებლობის" გარანტია.
ეკატერინე ბასილაია