„გიჟი არავინ არის, რამე კეთილი ნებით დაგითმოს...“ - კვირის პალიტრა

„გიჟი არავინ არის, რამე კეთილი ნებით დაგითმოს...“

ზუსტად 31 წლის წინ სოჭში,­ რუსეთის გარანტიებით, ქართ­ველებსა და აფხაზებს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ ხელშეკრულება დაიდო. 27 ივლისს გაფორმებული შეთანხმება 16 სექტემბერს დაირღვა - რუსებმა და აფხაზებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე­ ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. ქართულ მხარეს კი, შეთანხმებიდან გამომდი­ნარე, მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფთრებული ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა, მასირებულ შეტევას სუსტი შეიარაღებით ჩვენმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და სოხუმი დაეცა... ეს იყო აფხაზეთის ომის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც­ საქართველოს უახლეს ისტორიაში­ ქართველთა ერთ-ერთი­ უდიდესი დამარცხება და აფხაზეთში ქართველების ეთნი­კური წმენდა მოჰყვა - ქალაქის აღების შემდეგ სეპარატისტებმა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა-ჟლეტა­ გამართეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე­ უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში­ სეპარატისტებმა აფხაზეთის თითქმის მთელი­ ტერიტორია დაიკავეს, კოდორის ხეობის გარდა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირე­სობები დევნილი გახდა.

აფხაზეთის ომისა და ფრონტის ხაზზე არსე­ბული ვითარების შესახებ ვეტერანი მებრძოლი ზვიად ნადირაშვილი გვიამბობს.

- სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, სამოქალაქო ომი რომ დაიწყო. ჩემი მეგობრები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მე ვფიქრობდი, რომ კიტოვანი და სიგუა რუსეთის დაკვეთას ასრულებდნენ და არ მინდოდა მათთან რაიმე­ საერთო მქონოდა. მართალიც აღმოვჩნდი...­ თბილისის ომს ცხინვალის ომი მოჰყვა. მეორე კურსზე ვიყავი. ჩემი სასწავლებელი­ ჯარში წასვლის ვალდებულებისგან მათავი­სუფლებდა, მაგრამ როგორც კი მეორე­ კურსი დავხურე, კომისარიატში მივედი და ვითხოვე, ისეთ ბატალიონში გავენაწილებინე, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. შემპირდნენ, მაგრამ ვაზიანში ისეთ ბატალიონში მიმიყვანეს, რომლის მეთაურმაც პირველივე დღეს გამოგვიცხადა, ნუ გეშინიათ, ომში მონაწილეობას არ მიიღებთო. სამ დღეში გამოვი­ქეცი და შავნაბადაზე ავედი. ორ თვეში აფხაზეთის ომიც დაიწყო. "შავნაბადას"­ ბატალიონში კარგად მომზადებულები ვიყავით და პირველივე ოპერა­ციაში დავამტკიცეთ, რომ რაღაც შეგვეძლო. მერე, თუ რამე საკვანძო მნიშვნელობის დავალება იყო, ჩვენ გვიძახებდნენ.­ ვმონაწილეობდით ისეთ ოპერაციებში, როგორიც იყო, მაგალითად, ტამიშის დესანტი, სოხუმის შტურმი და ა.შ.

თითო წყვილი ტანსაცმლის მეტი არაფერი გვებადა, ბათინკები რომ დაგვისველდებოდა, გამოსაცვლელი არ გვქონდა. მუდმივად მშივრები ვიყავით, დაზვერვაზე ერთი ქილა კონსერვითა და თითო ნაჭერი პურით მივდიოდით. თუ ალყაში აღმოვჩნდებოდით, რამდენიმე დღე გვიწევდა შიმშილი. არც რაციები გვქონდა, არც ლოჯისტიკა იყო აწყობილი... რაც მთავარია, ტყვია-წამლის პრობლემა გვქონდა. საბრძოლო ოპერაციაზე მინიმუმ სამი ხელყუმბარა მაინც უნდა გქონდეს, ჩვენ კი ერთი მაინც თუ გვქონდა, გვიხაროდა.

- არაერთხელ მსმენია ვეტერანი მებრძოლებისგან, ასევე ომში დაცემული გმირების ოჯახებისგან, რომ ქართველებს ერთი და იმავე ობიექტის აღება ორ-სამჯერ უწევდათ. ხშირად იღებდნენ ბრძანებას, რომ რამდენჯერმე აღებული სოფელი თუ ქალაქი მტრისთვის დაეთმოთ.

- ასეთი ფაქტებიც ხშირად იყო. ეს სხვადასხვა გარემოებით იყო განპირობებული. ყველაზე ხშირი მიზეზი ის იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გაცილებით დიდი და კარგად შეიარაღებული ძალები იყო, ჩვენ კი ცოტანი ვიყავით. ამიტომ გადაბმულად გვიწევდა პოზიციებზე ყოფნა, შემცვლელი არ გვყავდა. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სამეთაურო სისტემაში იყო. უმაღლეს სამეთაურო ეშელონში საბჭოთა ჯარგამოვლილი გენერლები იყვნენ. ჩემი სუბიექტური აზრით, დიდი ნაწილი რუსეთის აგენტი იყო. არ არის გამორიცხული,­ მიზანმიმართულად ქმნიდნენ ხარვეზებს.­ მაგალითად, ხარვეზი იყო შეიარაღების დროულად მიწოდებაში, არ გვქონდა შესაბამისი საარტილერიო და საავიაციო მხარდაჭერა. ჩვენ სულ რაღაც 50-კილომეტრიანი ფრონტის ხაზი გვქონდა. ცოტა გონიერ მეთაურს, გენერალს, სამხედრო ხელმძღვანელს უნდა შესძლებოდა იმ მცირე მონაკვეთზე, საველე­ პირობებში ლოჯისტიკის აწყობა. ამიტომაც ხშირად მქონია განცდა, რომ ხარვეზები მიზანმიმართულად იქმნებოდა.­ კონკრეტული გენერლების დასახელება არ მინდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, მავნებლობდნენ.

- მავნებლობასთან ერთად აფხაზეთის ომში მარცხის მიზეზი ქართველი მებრძოლების ურთიერთდაპირისპირებაც ხომ არ იყო?

- ომის დაწყების დღიდან ბოლო დრომდე ომში ვიყავი და არ მინახავს ფრონტის ხაზზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართველი მებრძოლები. ქართველ მებრძოლებზე ბევრი მადისკრედიტებელი ამბავი დადიოდა, თითქოს თბილისში ჩამოყვანილ მიცვალებულებს ზურგში ჰქონდათ ნასროლი... მსგავსი არაფერი იყო. მიზანმიმართული კამპანია, შავი პიარი მუშაობდა ჩვენს გასაშავებლად და იმუშავა კიდეც. ომიდან ჩამოსულებს ქუჩაში ზიზღით გვიყურებდნენ. ორჯერ ვიყავი შვებუ­ლებით ჩამოსული და ნაცნობებიც კი იმას მეკითხებოდნენ, აბა, რა ჩამოიტანეო. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.

მაშინ ქართულ არმიაში ბევრნაირი ხალხი მოდიოდა, მაგრამ ზოგმა ორი დღეც ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა. ვიღაცები ძარცვისთვის ჩამოვიდნენ, მაგრამ უამრავი­ გმირობის მაგალითიც იყო აფხაზეთის ომში. ამას ყაჩაღი გააკეთებდა?

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

- პროფესიით მხატვარი ვარ, ახლა ვმუშაობ თემაზე "ეგზისტენციალური შიშები". შიში ყველაზე მძაფრი რეაქციაა, სწორედ ეს განცდა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. მეტიც, ადამიანი შიშის განცდით­ იბადება. დღეს ჩვენ რუსეთით გვაშინებენ. რატომ გიყვებით ამას? ჩვენ აფხაზეთში აფხაზებთან, ჩეჩნებსა და ათას სხვა ჯურის ადამიანთან ერთად რუსებსაც ვებრძოდით, რომლებითაც ახლა გვაშინებენ.­ მიუხედავად იმისა, მათ ძალიან­ დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ,­ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით. ამის ნათელი მაგალითია ეს ამბავი: სოფელ ლაბრას, შეიძლება­ ითქვას, სტრატეგიული მნიშვნელობა­ ჰქონდა - იქ იყო ტამიშის ხიდი. ამ სოფელს თუ ჩაკეტავდი, სოხუმი ალყაში რჩებოდა. ამიტომ ლაბრა ხელი­დან ხელში გადადიოდა. ერთი ბრძოლის დროს რუსულმა ბატალიონმა (დაახლო­ებით 300-კაციანმა) ლაბრა აიღო. ქართველები, ორი ოცეული ანუ ორმოცი კაცი წავედით და მთლიანად გავწმინდეთ სოფელი. ალაფად ჯავშანმანქანა და ტანკი დაგ­ვრჩა. ახლაც მახსოვს, ყველა ეზოში რუსი ჯარისკაცების გვამები ეყარა, ჩვენი ბიჭებიდან კი ერთიც არ დაჭრილა. სულ ეს მაქვს სალაპარაკოდ, ორმოცმა კაცმა შევძელით ბატალიონის განადგურება, თან შეტევაზე ვიყავით, რაც ყოველთვის რთულია.

- სოხუმის დაცემის დღეს თუ გაიხსენებთ?

- ტამიშის დესანტის შემდეგ ფოთის ბაზაზე ძალას ვიკრებდით. სამწუხაროდ, ბრძანება დაგვიანებით მივიღეთ, სოხუმი­ უკვე ალყაში იყო და ვერ შევიდოდით. სოხუმის დაცემას ფოთში შევხვდი. მაშინ სხვა პრობლემაც იყო, უკვე ლოთი ქობალია იყო გააქტიურებული...

- სოხუმის დაცემა გარდაუვალი იყო?

- სხვა სცენარის განვითარების შესაძლებლობაც იქნებოდა, უმაღლესი სამეთაურო რგოლები მოწოდების სიმაღლეზე­ რომ ყოფილიყვნენ. მეომრებმა მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ იყო...

img-3165-1727016174.jpg

- სოჭის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შეცდომა იყო თუ ღალატი?

- შევარდნაძე ხვდებოდა, რომ ეს ხაფანგი იყო. უბრალოდ, ჩვენ აღარ გვქონდა­ შეიარაღება, ალბათ, ამიტომ გარისკა.

- რა გვასწავლა აფხაზეთის ომმა?

- მგონი, ვერაფერი. როგორც ჩანს, ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს. საზოგადოება უნდა აპროტესტებდეს, რომ დღეს ქართული არმია არ ვითარდება, არ ძლიერდება, არ იარაღდება... ჩვენი ხელისუფლება აუქმებს ვაზიანის სამხედრო ბაზაში არსებულ რამდენიმე ბრიგადას, რომლებიც თბილისის დაცვაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო აეროპორტს აშენებენ... საზოგადოებას რომ ამაზე რეაქცია არა აქვს, ე.ი. არათუ დასკვნები ვერ გამოვიტანეთ აფხაზეთის, ცხინვალის და გნებავთ, სამოქალაქო ომიდან, განვითარების თვალსაზრისით გვაქვს პრობლემები.

- რამდენად რეალურად ან საფუძვლიანად მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების საუბრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე?

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, მაგრამ ეს როგორ და რა მეთოდებით მოხდება, ხელისუფლებაში მყოფმა ძალებმა უნდა გადაწყვიტონ.

- დეკლარირებული გვაქვს ტერიტორიების მშვიდობიანი გზით აღდგენა.

- ეგ თავის მოტყუებაა. აზერბაიჯანსაც ჰქონდა დეკლარირებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში­ არც სამხედრო გზას გამორიცხავდა. მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ჯდები, ზურგს რაღაც უნდა გიმაგრებდეს. ეს რაღაც ძლიერი არმიაა. აბა, გიჟი კი არავინ არის, რამე კეთილი ნებით დაგითმოს. ეს გააკეთა ალიევმა, ამას აკეთებს ისრაელი. არც აფხაზები და არც ოსები ბოდიშს არ მოგვიხდიან. არც ჩვენ გვაქვს საბოდიშო ვინმესთან. ჩვენ ომი წავაგეთ, რის შედეგადაც ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა და გენოციდი. ვინც დარჩა, ჩვეულებრივ აპარტეიდში არიან. გალში ქართველი მოსახლეობა უუფლებო მონებივით ცხოვრობს. ბოდიში ვინ უნდა მოიხადოს, გენოციდი რომ მოუწყვეს, იმათმა ოჯახებმა თუ გალში მონურ ყოფაში მცხოვრებმა ქართველებმა?

ქართველებს ქალები და ბავშვები არ დაგვიხოცავს, მათგან კი ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. აი, ამ ყველაფრის შემდეგ ივანიშვილი გორის ცენტრში რომ გამოვიდა და ბოდიშის მოხდისკენ მოგვიწოდა, მე ეს გავიგე, როგორც რუსეთის ჩაბარებისთვის დაწყებული მუშაობა.

ხათუნა ბახტურიძე