„ყველა ფერეიდნელს დაბრუნებისკენ უჭირავს თვალი, მჯერა, რომ დაბრუნდებიან!“ - კვირის პალიტრა

„ყველა ფერეიდნელს დაბრუნებისკენ უჭირავს თვალი, მჯერა, რომ დაბრუნდებიან!“

გენეტიკური ცნობიერების წაშლა ერის წაშლის მთავარი მიზეზია, რაც, ჩვენდა საბედნიეროდ, ძალიან დიდხანს არ გვემუქრება, მით უფრო, თუ ჩვენს ცნობიერ და ფიზიკურ გამძლეობას გავითვალისწინებთ.Aჩვენი ეროვნული გამძლეობის საუკეთესო მაგალითი კი ფერეიდნელი ქართველები არიან, რომლებზეც არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა უფრო სამშობლოდან შორს ყოფნის გამო. პირველი ფერეიდნული 18 ოჯახი 1972 წელს ჩამოვიდა საქართველოში და საგარეჯოში დასახლდა. იმ გაჭირვების წლებში მათაც ძალიან გაუჭირდათ მაგრამ საქართველო არ დაუტოვებიათ.

მაშინ ალექსანდრე (ალი) ასლანიშვილი მხოლოდ 13 წლის იყო. დღეს ის პროფესიით მხატვარი, ჰობით კი მთამსვლელია, უვლის მიწას, შვილებს და ფუტკარს. ცხოვრობს საქართველოს მომავლის იმედით და რწმენით, რომ სხვა ფერეიდნული ოჯახებიც შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. ამჟამად ფერეიდნელებს საქართველოში ბინადრობის უფლება უცნობი მიზეზების გამო ჩამორთმეული აქვთ. ალექსანდრე ასლანიშვილს ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ:

- ბატონო ალექსანდრე, "პირველი ტალღის" ფერეიდნელები ნახევარი საუკუნის წინ დაბრუნდით. როგორ შეგხვდათ მაშინ სამშობლო?

- ჩემი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები გამახსენეთ. ხშირად დამიდგება ხოლმე თვალწინ ჩემი თავი, პატარა ბიჭი, რომელიც ტოვებდა ბავშვობის ადგილებს და მამას მოჰყვებოდა საქართველოში. მამაჩემი ისე იწვოდა სამშობლოში დაბრუნების სურვილით, რომ ამის გამო მრავალი წვალება გადაიტანა. ვერც წარმოიდგენთ, რა გაჭირვება გამოიარა. ცალკე მოსკოვი და ცალკე თეირანი იყვნენ კონტროლიორები, რომ ეს საქმე არ გაკეთებულიყო, არ დავბრუნებულიყავით. მამას სულ ბოლო წამსაც კი უთხრეს უარი გამომგზავრებაზე. მიზეზად ის მოუდეს, რომ ირანის ჯარში არ იყო ნამყოფი. მახსოვს, შინ მხრებჩამოყრილი დაბრუნდა, არ გვიშვებენო. არადა, უკვე სახლიც კი გაყიდული გვქონდა სამშობლოში დაბრუნების იმედით, აღარაფერი გაგვაჩნდა. ოჯახში უკვე 6 ბავშვი ვიყავით. მერე მეგობარმა ურჩია მამაჩემს, წადი, კომისიას შესთავაზე, ჯარში ახლა წაგიყვანონ და მოვლის შემდეგ გაგიშვანო. ამ ხერხმა გაჭრა და ქვეყნის დატოვების საბუთზე ხელი მოუწერეს. მერე ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით რკინიგზით. თეირანიდან სომხეთის გავლით მოსკოვამდე მხოლოდ კვირაში ერთხელ დადიოდა მატარებელი. გამომგზავრების დღეს კი აღმოჩნდა, რომ ჩვენს ერთ საბუთს ბეჭედი აკლდა. მამაჩემმა 6 შვილი იქვე დროებით დაგვტოვა­ და ბეჭდისთვის უკან გაბრუნდა. თუმცა გზაშივე მიხვდა, რომ ეს ამბავი სპეციალურად მოუწყვეს, რათა წინ და უკან გზაში გაეძარცვათ. ასეც მოხდა, მძარცველები დახვდნენ და მთელი ფული მოსთხოვეს. თუმცა მამაჩემი ჭკვიანი კაცი იყო, ფრთხილობდა და რა თანხაც გაგვაჩნდა, წინასწარ აქცია ჩეკებად, საქართველოში გავანაღდებო. ჩეკი ვის რად უნდოდა?! როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ და მთავრობამ საგარეჯოში გრანდიოზული სახლი დაგვახვედრა. ვიყიდეთ მიწა, ძროხა და შევუდექით ცხოვრებას, რა დროსაც ზოგი ჩვენს უცხოობაზე გვითითებდა, სახლს გვამადლიდნენ, მთავრობამ რამხელა სახლი დაგახვედრათ, რა დამსახურებითო! თუმცა ეს არაფერი იყო მამაჩემის ახდენილი ოცნების ფონზე, ჩვენ სამშობლოში ვიყავით. საქართველოში დაიბადა ჩემი მეშვიდე ძმა.

- ფერეიდანთან, სადაც დაიბადეთ, კავშირის გაწყვეტა დიდხანს მოგიხდათ?

- საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა და წნეხი შერბილებული იყო, თუმცა ირანიც გვზღუდავდა. პირველ წლებში ქართულ წიგნებს ვგზავნიდი ნათესავებთან. იმ წიგნებში ლენინის სურათებს ამოვხევდი ხოლმე,­ მეც სხვა ქართველებივით მეჯავრებოდა ლენინი; ფერეიდნელები კი მეუბნებოდნენ, გვერდი რომ ამოხიე, იქ რაც ეწერა, სად წავიკითხოთო. ბოლოს და ბოლოს, 16 წლის შემდეგ ჩავედი და ლამის მაშინაც არ მიმიშვეს ჩემიანებამდე. ბოლოს ისევ ჩვენებმა მოგვაწვდინეს ხმა: თქვით, ვითომ იმამ ხომეინის საფლავის სანახავად მიდიხართ და გამოგიშვებენო. მართლაც გამოგვიშვეს, ტრანსპორტიც მოგვართვეს გადასაადგილებლად და ირანში 7 დღით დარჩენის უფლებაც მოგვცეს.

- დიქტატორული ქვეყნის ქცევის ნიმუში.

- ასეა. იმამ ხომეინი ისევეა სპარსეთის სულიერი ლიდერი, როგორიც საბჭოეთისთვის ლენინი იყო.

- დღეს როგორი მდგომარეობაა ფერეიდანში? დაბრუნება ისევ სურთ?

- სამშობლოში დაბრუნების ნატვრა ფერეიდნელების გულიდან არასოდეს გამოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენები ცდილობენ მეტ წარმატებას მიაღწიონ. მაგალითად, ამჟამად ირანში უამრავი ფერეიდნელი­ ექიმია. განა ადრე წინსვლას არ ვცდილო­ბდით, უბრალოდ, ადრე ფერეიდნელი ქართველი წინ ვერ წავიდოდა. ერთადერთი,­ რაშიც წარმატებას აღწევდნენ, სამხედრო საქმე იყო.

- 4000 წლის ერის ნაწილი, რომელიც ათასწლეულების კულტურას ეზიარა, ცხადია, უნიჭო ვერ იქნება. ხელშეშლა, ალბათ, იმის გამო იყო, რომ ქართველები სახელმწიფოში ვიღაცაზე უპირატესნი არ აღმოჩენილიყვნენ.

- ასეთი იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა. რაც შეეხება ეთნიკურ შუღლს, ირანი მრავალეთნიკური სახელმწიფოა და ამას არ დაუშვებს. ირანში, ძირითადად, სამი წარმოშობის ეთნოსია: კავკასიური, არაბული და შუააზიური, მათ შორის კავკასიური თავად აწესებს თავისი უპირატესობის წესებს, უფრო მეტად ჩანან, თუნდაც ხელოვნებაში ან სპორტში, ან კინოში. სპარსული ისტორიაც ამტკიცებს, რომ სპარსეთის ძირითადი მოსახლეობა კავკასიური წარმოშობისაა, კავკასიიდან მოვიდა და დასახლდა. გარკვევით მახსოვს, სწორედ ეს ეწერა ჩემს ისტორიის სახელმძღვანელოში ფერეიდანში.­ კავკასია, საქართველო, დღესაც სიცოცხლის წყაროა და ის არ უნდა დავაშროთ. დღეს ირანის ქალაქებში იმდენად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, სასმელი წყლის დეფიციტი, რომ სულ მგონია, ხალხი მასობრივად დაიწყებს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლებას. ეს იმ ფერეიდნელებსაც შეეხოთ, რომლებმაც ფერეიდანში მიწები გაყიდეს, დიდ ქალაქებში გადასახლდნენ და ახლა ცდილობენ ის მიწები გამოისყიდონ და ფერეიდნის მთებში საძოვრები მოაწყონ, მაგრამ ეს ახლა ძნელია. სამწუხაროდ, ასეთი მცდარი ნაბიჯი ბევრმა გადადგა. სწორედ ესაა ქართული ხასიათი - თუ სხვა ისეთ რაიმეს გააკეთებს,­ რომ მოგვეწონება, მზად ვართ ყველანი კუდში გავყვეთ.

- ვის მიჰყიდეს ფერეიდნელებმა მიწები?

- ქურთებს. მოგეხსენებათ, ისინი მიწა­თ­­მოქმედები არ არიან, ამიტომ ძირფესვიანად დაანგრიეს ის ქართული სოფლები, სადაც დასახლდნენ, მოშალეს სარწყავი არხებიც. ჩვენ სარწყავი არხები მიწის ქვეშ გვქონდა გაყვანილი, თანაც იმხელა, რომ ადამიანი თავისუფლად ეტეოდა და წმენდდა. ეს ნგრევა თვალში ჯერ კიდევ მაშინ მომხვდა, როდესაც საქართველოდან ფერეიდანში 16 წლის შემდეგ დავბრუნდი. მიწასთან იყო გასწორებული ჩემი სოფელიც, რადგან ბევრი რამ უკვე გაყიდული იყო. ახლა ფერეიდნელი ქართველებისათვის ამ მიწის დაბრუნება ძნელია, არადა,­ აუცილებელია. ამ ეტაპზე შეზღუდულია საქართველოში ფერეიდნელების ბინადრობის­ უფლებაც. რატომ, არ ვიცით. არადა, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ფერეიდნელებს ჯერ თანამემამულის სტატუსს აძლევდნენ, შემდეგ კი ბინადრობის უფლებას. რატომ არ უნდა უნდოდეს სახელმწიფოს ქვეყანაში ერთგულმა ხალხმა იცხოვროს?!

- წარმოუდგენელია ეგ პრობლემა არ მოგვარდეს. ბოლო კითხვით მოგმართავთ: წინა ათეულ წლებში, როდესაც საქართველოშიც უფრო მეტად გაჭირდა, ვიდრე ირანში, როდესაც ქართველები ასიათასობით წავიდნენ ემიგრაციაში, ფერეიდნელები როგორ დარჩით?

- იყო ერთი-ორი კაცი, რომლებმაც ვერ გაუძლეს მუდმივ სიბნელეს, სიცივეს, შიმშილს და ისევ დაბრუნდნენ. იმ დროისათვის მე უკვე გარდაცვლილი მყავდა მამა და მე ვიყავი ოჯახის უფროსი. ამიტომ შევკრიბე დედმამიშვილები და ვუთხარი: ვხედავ, რომ გიჭირთ, თქვენც და მეც, შეიძლება უკან დაბრუნებაზეც ფიქრობთ. როგორც გინდათ, ვერ აღგიდგებით, მაგრამ იცოდეთ, მე უკან არ წავალ, რადგან სამშობლოში ვარ, აქ მაქვს მამის საფლავი, რომლის ძვლებიც ბედნიერია თავის მიწაზე დაბრუნებით. ეს დრო გაივლის და საქართველო ისევ ფეხზე დადგება, მსგავსი სხვა ქვეყნებსაც გაუვლიათ-მეთქი. ეს ლაპარაკი იყო და მას შემდეგ ამაზე კრინტი აღარ დაგვიძრავს. მერე რა მოხდა? სპარსეთში დაბრუნებულ იმ ერთ-ორ ფერეიდნელს კი იქ შვილები აუჯანყდნენ, სად წამოგვიყვანეთო და ისინიც დაბრუნდნენ. თავიანთი საქციელის კი რცხვენოდათ, მაგრამ ეს კარგია. ჩვენ, აქ დარჩენილები, ქვეყანას ვუვლიდით, რაც ადვილი არ იყო, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და სხვა რა უნდა გვექნა. ახლა სხვა მდგომარეობაა, ყველას დაბრუნებისკენ უჭირავს თვალი და მჯერა რომ დაბრუნდებიან. ჩვენს ჯიშს დაბრუნების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს.