„ვიცხოვრე იმიტომ, რომ მომეყოლა“ - კვირის პალიტრა

„ვიცხოვრე იმიტომ, რომ მომეყოლა“

მისი მოღვაწეობა რამდენიმე სფეროს მოიცავს. არის რეჟისორი, პუბლიცისტი, პოეტი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, წლების განმავლობაში დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობითაც. საკუთარი შემოქმედებიდან განსაკუთრებულად კინოს გამოარჩევს. 60-იანელების სახელით ცნობილი ერთ-ერთი პირველი ქალი რეჟისორი, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, დღეს ჩვენი სტუმარია. მისი შემოქმედება 10-ზე მეტ მხატვრულ ფილმს ითვლის. ქართული კინოს ისტორიაში მისი კინოენა განსაკუთრებით მწვავე თემებზე გადაღებული ფილმებით გამოირჩევა. "მე ვხედავ მზეს", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ერთი ცის ქვეშ", "როცა აყვავდა ნუში", "აურზაური სალხინეთში" და სხვა ფილმები ქართული კინოკლასიკაა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქალბატონი ლანა დაბრუნდა ახალი მხატვრული ფილმით "ოქროს ძაფი", რომელსაც მაყურებლის დიდი მოწონება ხვდა წილად.

- სხვათა შორის, ეს რეალური ისტორიაა, რომელიც ზაირა არსენიშვილის მეგობარს შეემთხვა. ერთ დღეს დაურეკა ადამიანმა, რომელიც ამ ქალს 17 წლის ასაკში სიგიჟემდე შეუყვარდა. მერე როგორც ხდება ხოლმე, დაშორდნენ და ამდენი წლის, ამ ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ისევ გაიბა მათ შორის დიდი სიყვარული. ორივე მათგანი მიჯაჭვული­ იყო თავის ბინას და მათ შორის გიჟური სატელეფონო რომანი დაიწყო. სწორედ ეს ამბავი გახდა ჩემთვის ამ ფილმის გადაღების საფუძველი, იმის, რომ ასაკს სულ არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია სულიერი ძაფები, რომლებიც შეიძლება აკავშირებდეს ორ ადამიანს. ეს ფერფლიდან აღმდგარი სიყვარული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ახალგაზრდული ვნებებიც, ეჭვიანობა... რაღაც მომენტში სასაცილოებიც კი არიან, მაგრამ საბოლოოდ ეს ის მაღალი რამ არის, რისთვისაც ვცხოვრობთ ამქვეყნად. კოკო შანელს აქვს ნათქვამი, სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გიცავს სიბერისგანო. ძალზე ინტიმური და პირადია ის, რაც ფილმშია მოთხრობილი. რა გითხრათ, ბედნიერი ვარ, რაც ვნახე, იმით. დაიწერა კიდეც, კათარზისი განვიცადეთო, მეუბნებიან, ოპტიმისტური ფილმიაო. სულ არ მქონდა მიზანი, დათრგუნვილი გასულიყო კინოდარბაზიდან მაყურებელი. მაინც მგონია, ურთიერთობებია მთავარი. ყოველი ახალი ადამიანის აღმოჩენა ახალი საჩუქარია. ძალიან საინტერესო რამ თქვა მარკესმა: "იცხოვრე იმისათვის, რომ მოჰყვე" და მართლაც, იმიტომ ვიცხოვრე, რომ მომეყოლა.

458597943-487885937476513-7400707819020705301-n-1727020243.jpg

ტრაგიკული ბავშვობა

- ყველა ხელოვანი ბავშვობაში გადატანილი ტრავმიდან იბადება და ვგრძნობ, მართლაც ასეა. ის ტრავმები, რომლებიც ბავშვობაში გადავიტანე, სულ ბიძგი­ იყო ჩემთვის ირიბად თუ პირდაპირ. 8 წლის ვხდებოდი, როცა დედა დააპატიმრეს. 10 წელი ისე გავიდა, არ მენახა, შემდეგ კი დაიწყო ჩვენი ერთად ცხოვრება. შემდეგი ეტაპი იყო დედას ნაფიქრალზე ფიქრი და მერე მათი პოვნა. თავიდან იმ სარდაფშიც კი ვეძებდი, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვეთ ჩანაწერები და მივიტანეთ კინოსტუდიაში. დიდხანს მისი ნახვის მეშინოდა, ბოლოს გავბედე და ვნახე. მათთან ერთად შემორჩენილი იყო ძველი ფოტოებიც. მაშინ ჩვენი ბინა რამდენჯერმე გაჩხრიკეს, ყველაფერი წაიღეს, ფოტოები კი სასწაულად გადარჩენილა. ეს იყო დედას გადაღებების დროინდელი ფოტოები, რაც საბუთი იყო იმისა, რომ დედა იყო პირველი კინორეჟისორი ქალი საქართველოში. კიდევ ჩვენი­ რამდენიმე ფოტოც იყო, მაგალითად, სადაც დედას ვეხუტები. ეს ფოტოები დარჩა ჩვენი ურთიერთობის სიმბოლოდ, რომელიც სულ შეხვედრა და დაშორება იყო... ბოლოს და ბოლოს, მაინც შეხვედრად იქცა. მთელ ჩემს სიცოცხლეს გასდევს დედაჩემის სახელი, ხატი. ალბათ, მაშინვე იყო განსაზღვრული, რომ ოდესმე ფილმი გადამეღო დედაზე და იქნებ კინორეჟისორიც იმიტომ გავხდი.

ის დრო, ის სისტემა...

- პირველ კლასში ვიყავი და მახსოვს, ზეიმებზე სულ ლექსებს მათქმევინებდნენ. ერთ დღესაც შემოვიდა მასწავლებელი და სხვა ბავშვებს დაუძახა რეპეტიციაზე. არადა, მე ვემზადებოდი ფრანგული ლექსის წასაკითხად. მახსოვს, როგორ გამიკვირდა მასწავლებლის ეს საქციელი. მან ცალკე გამიყვანა და მეუბნება, იცი, რა, ლანა, არ გეწყინოს, ჩვენ აკრძალული გვაქვს წავაკითხოთ ლექსი ბავშვს,­ რომელსაც მამა ჰყავს დაჭერილი, შენ კი მამაც დაჭერილი გყავს და დედაცო. ეს ყველაფერი იმდენად არანორმალურია ადამიანის ცხოვრებისთვის, რომ რა გითხრათ... მაშინ ეს მილიონობით ადამიანის ხვედრი იყო, უამრავი ბავშვი დარჩა უდედოდ. ამიტომ იყო ის სამყარო­ ასეთი შეუბრალებელი, ტერორსა და ძალა­დობაზე დამყარებული. ამიტომ ახლა იმ დროის ნოსტალგია, უბრალოდ, წარმო­უდგენელია. მერწმუნეთ, არაფერი შეედ­რება შენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. დღევანდელმა ახალგაზრდებმა, ყველამ, უნდა იცოდნენ, რომ ეს ისეთი მონაპოვარია, მისი დაკარგვა არ შეიძლება. ამისათვის გვჭირდება ერთიანობა, რაც დღეს არ არის. ასეთი გახლეჩილი საზოგადოება, ასეთი პოლარიზებული, ხელს უწყობს იმას, რომ ისევ იმათ ხელში ჩავცვივდეთ და დავკარგოთ ის, რაც სისხლის ფასად მოვიპოვეთ.

8027c205-41aa-459e-9412-08c575dbc07f-1727020243.jpg

კინოსამყარო მაშინ და ახლა

- საბჭოთა სისტემა ძალიან პარადო­ქსული იყო. ერთი მხრივ, ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ დაეთ­რგუნათ თავისუფალი აზრი ანუ შემოქ­მედება, საერთოდ, ადამიანი. მეორე მხრივ, მაინც ყველანაირი შესაძლებლობა­ გვქონდა გამოგვეთქვა ის, რაც გვინდოდა, მიუხედავად უმკაცრესი ცენზურისა,­ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოსკოვში იყო ცენტრალიზებული, განსაკუთრებით, კინო. ჯერ სცენარი, მერე გადაღებული მასალა, მერე ფილმი - ყველაფერი მოსკოვში იფილტრებოდა. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ მიუხედავად ამისა, ისეთი მძლავრი ნაკადი შემოვიდა ქართულ კინოში, რაღაცნაირად ამოხეთქა ერის სულიერმა ენერგიამ. მარტო კინოში კი არა, თეატრში, ლიტერატურაში, მუსიკაში... დღეს აბსოლუტური­ თავისუფლებაა. ზედმეტია ლაპარაკი, ვინმე ჩაერიოს ფილმის ჩანაფიქრში ან მის გადაღებაში. ამ მხრივ თითქოს იდეალური სიტუაციაა. მეორე მხრივ კი ბევრად ნაკლებია ფინანსური შესაძლებლობები და კიდევ, რაც ჩემთვის საკვირველია, მაშინ რაღაცნაირად სულ ერთად ვიყავით. ერთმანეთის ფილმებს ვუყურებდით­. მხოლოდ ვუყურებდით კი არა, აი, მაგალითად, ამას წინათ ელდარ შენგელაიამ მითხრა, მე არც მახსოვდა, თურმე მე ვურჩიე, როცა "შერეკილების" ფინალზე ფიქრობდა, რა გაეკეთებინა.­ აი, ასე ვიყავით ყველანი ერთმანეთის შემოქმედებაში ჩაფლული, სცენარზე მუშაობაშიც, საერთოდ, ყველა ეტაპზე. ახლა საქართველოში მსგავსი არაფერი ხდება.

ახლახან დაამთავრე ფილმი, აბსოლუტურად მარტომ, და გასაოცარია, არა გაქვს შეგრძნება იმისა, რომ საზოგადოებას სჭირდები.

მეხსიერების პირველი კადრი

- ყველაზე ძლიერი, რაც მახსოვს, ის კადრია, როგორ შემოცვივდნენ უცხო კაცები ჩვენს ბინაში, როგორ დათარეშობდნენ ჩექმებიანი ფეხებით, როგორ გადმოჰქონდათ ჩემი სკოლის რვეულები და ფეხებით თელავდნენ. ეს იყო ჩემი ბავშვობის უმძიმესი კადრი. ახლაც მკვეთრად აწერია ჩემს მეხსიერებას სიტყვები: ჩხრეკა, დაჭერა, დაპატიმრება... და მერე მოგვიანებით გაჩნდა კიდევ ერთი საშინელი სიტყვა "დახვრეტა", მაგრამ აზრი არ მესმოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ შემზარავი რამ იყო. კიდევ მახსოვს სპექტაკლები, რომელთაც დედაჩემი დგამდა ჩვენთვის, ბავშვებისთვის, მთელი ეზოს ბავშვები და ჩემი ბიძაშვილები ვთამაშობდით. მერე ომი დაიწყო და მაშინვე, მეორე თუ მესამე დღეს, დაიჭირეს ჩემი ბიძა, რომელიც ფიზიკოსი იყო. ის რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. აი, მაშინ მივხვდი პირველად, რომ ეს საშინელი სისტემა იყო. მიუხედავად ამისა, მაშინდელ საქართველოში, დღევანდელი გადასახედიდან, უფრო ბუნებრივი ურთიერთობები იყო. ადამიანური ურთიერთობები ბევრად მეტი იყო, ვიდრე ინსტიტუციური საბჭოთა იდეოლოგიის მსხვერპლს შეიძლებოდა ჰქონოდა... და იყო ყველაზე მთავარი ფაქტორი - შიში.

მე ახლა მეშინია, ისევ არ დამკვიდრდეს ჩვენში შიში. საშინელებაა, როცა საზოგადოების მამოძრავებელი ინსტინქტი შიშია. შიშმა შეიძლება ყველაფერი ჩაგადენინოს.

შიში რა იყო, 7 წლის ასაკში ვიგრძენი­, როდესაც ჩვენი ოჯახის ახლობელი, რომელიც სულ ჩვენთან დადიოდა და ძიას ვეძახდი, ერთ დღეს ეზოში დავინახე, დავუძახე და მახსოვს, ჩემს დაძახილზე როგორ გაიქცა, როგორ გარბოდა და მე როგორ მივდევდი...

33e3b5e2-a78d-4478-8fb4-c8914635df62-1727020243.jpg

პოლიტიკაში მოსვლა

- უბრალოდ, ეს აუცდენელი იყო, სხვანაირად არ შეიძლებოდა. ზუსტად 9 აპრილის მერე მოხდა. მას შემდეგ კინოზე ფიქრი, ან საერთოდ, სხვა რაღაცაზე,­ შეუძლებელი იყო. ერთხანს, რამდენიმე წელიწადს, უმრავლესობის ლიდერი ვიყავი და ჩემს კაბინეტში გამოკრული მქონდა ასეთი განცხადება: "შეუწყნარებლობა შეუწყნარებლობას!" - ეს იყო ჩემი იქ ყოფნის არსი. დღესაც თუ რაიმეს ვამბობ, სულ იმას, რომ ერთმანეთის მიუღებლობა დამღუპველია. მაშინაც ამისთვის ვიბრძოდი.

ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ვინც სხვანაირად ფიქრობს ქვეყნის განვითარებაზე, ის მოღალატე, მტერი კი არ არის, მასთან უნდა ილაპარაკო, იჩხუბო, დაუპირისპირდე როგორც გინდა, მაგრამ ამ ჩხუბში საერთო აზრამდე უნდა მიხვიდე.

მაშინ მართლა იმედი გვქონდა, ახლა უკვე არ ვიცი... მერე, როცა ევროსაბჭოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გავხდი, შემდეგ იუნესკოში ჩემი მიზანი იყო საქართველო თავისი ისტორიით, კულტურით, გაგვეცნო ევროპისათვის. არ გვიცნობდნენ და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ.

გულწრფელად გეტყვით, ზურა ჟვანიამ იმ წლებში ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პარლამენტარიზმი, თავისი საუკეთესო გაგებით, თუ საქართველოში ჩამოყალიბდა, ზურა ჟვანიას დამსახურებაა. სულ ახალგაზრდა იყო, მაგრამ იცოდა და ესმოდა, რომ დემოკრატია ამის გარეშე არ არსებობს. შევარდნაძეც ეთანხმებოდა ზურას ამ მოსაზრებას. მერე უკვე სხვა ფრთამ, საპირისპირომ და კორუმპირებულმა, სულ სხვა იდეებით მოსულმა, გაიმარჯვა და შევარდნაძე იმათ დაემორჩილა. პიროვნებებს არ დავასახელებ, მაშინ რა ბრძოლაც იყო, რის გამოც მოუხდა ზურა ჟვანიას წასვლა, როგორ გადადგა, ყოველივე ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს მართლაც პროგრესისა და ბნელეთის ბრძოლა იყო...

ევროპა

- საუკუნეთა განმავლობაში პატარა ქრისტიანი ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის იბრძოდა. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა, რადგან საფუძვლად ჰქონდა დიდი ჰუმანისტური კულტურა, რომელიც იმთავითვე გვაახლოებდა ევროპასთან. დღეს ისე ახლოს ვართ ამ სულიერ მოკავშირესთან, როგორც არასოდეს. ეს მთელი არსებით, გენეტიკური ინტუიციით იცის ქართველმა ხალხმა, იცის ჩვენმა ახალგაზრდობამ. იცის იმიტომ, რომ ეს განცდა მისი სულის თანდაყოლილი ნაწილია. ამიტომ იბრძვის ასე გულწრფელად, თავგადაკლულად, ევროპული მომავლის გადასარჩენად! მე მართლა გულით მიკვირს, რომ ხელისუფლება ქართველთა ამ ყველაზე ბუნებრივ მისწრაფებას ძალას უპირისპირებს. როგორც ჩანს, არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია. ჩვენ ბედისწერამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. მე ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და შევქმნით თავისუფალ, დამოუკიდებელ, ევროპულ, სამართლიან ქვეყანას! ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო სხვაგვარად ფიქრობს. ამას წინათ, ვიღაცამ თქვა და დავეთანხმე, რომ ოპტიმიზმი ის კი არ არის, გულუბრყვილოდ ხედავდე კარგ მომავალს, არამედ მოწოდებაცაა მოქმედებისაკენ. თუ პესიმისტურად უყურებ განვითარებას, იჯდები, არაფერს გააკეთებ და ფატალისტი ხარ, მაშინ არაფერი გვეშველება. ოპტიმიზმი, მოქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც გააკეთო - მინდა ყველას მოვუწოდო ამისკენ: ყველამ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა!

მთავარი ცხოვრებაში

- ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ძალიან ნათლად ხედავ, რომ არა ხარ სამყაროს ცენტრი და ეს სამყარო შენ გარშემო არ ტრიალებს, რომ ხარ ერთი წერტილი ამ ორომტრიალში. ამიტომაც ერთადერთი, რაც მთავარი მგონია, ის არის, რომ ინტენსიურად იცხოვრო, ბოლომდე დაიხარჯო. რაც შეგიძლია ყველაფერი უნდა გასცე, რასაცა გასცემ შენიაო, ტყუილად არ არის ნათქვამი. იცით, მართლაც ასეა! არსებობის ინტენსივობა და ინტერესია სიცოცხლის საწინდარი. თუ გაქვს ინტერესი სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, მაშინ არც ერთი წუთით არ იქნები ცარიელი და მოწყენილი, თუნდაც ჩემს ასაკში.

რუსუდან შაიშმელაშვილი