რა უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას - კვირის პალიტრა

რა უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას

ადამიანის სიმაღლეში ზრდას გენეტიკურთან ერთად მრავალი სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს. ესენია: გეოგრაფიული გარემო, კლიმატური პირობები, კვების რაციონი, საზოგადოდ, ცხოვრების რეჟიმი. ინფექციური დაავადებები, გულის მანკი, ძვლოვანი სისტემის ქრონიკული პათოლოგიები ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევას იწვევს და მრავალ სხვა პროცესთან ერთად სიმაღლეში ზრდასაც აფერხებს. ზრდაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები. ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია: რაციონალური კვება, ძილის რეჟიმის დაცვა, ფიზკულტურითა და სპორტით სათანადოდ დატვირთვა.

კვება. რაციონში უნდა შედიოდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები. ბავშვი და მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდნენ. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს უმი ხილითა და ბოსტნეულით.

ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ - შვრიის, ბრინჯის ან ხორბლის. მოზარდი ორგანიზმისათვის აუცილებელია კალციუმი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კალციუმი ძვლებში ე. წ. ცილოვან მატრიცაზე ლაგდება. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი სრულფასოვანი იყოს, ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა, ხაჭო, ყველი, რძე.

რაციონალური კვებით შესაძლებელია, სიმაღლის 10%-ით მატებას რეალურად და საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ.

ძილის რეჟიმი. სიმაღლეში ინტენსიური ზრდა ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. ამიტომაც სიმაღლეში ზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - დროულად დაწოლა და მინიმუმ 8 საათი ძილი დღე-ღამის განმავლობაში.

ფიზიკური აქტიურობა. ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას.

ცურვა. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი. რეგულარული ცურვა ორგანიზმს ზრდაშიც ეხმარება.

ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს

ექიმი თამარ მამაცაშვილი