„პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ხდება­ მეცნიერების დემოკრატიზაცია“ - კვირის პალიტრა

„პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ხდება­ მეცნიერების დემოკრატიზაცია“

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიებსა და მეცნიერებებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან სწორედ მეცნიერება თამაშობს გადამწყვეტ როლს საზოგადოების წინსვლაში, ინოვაციების დანერგვასა და პროგრესის ხელშეწყობაში ყველა სფეროში. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოდან ბევრ ჩვენს თანამემამულეს მოუხდა საზღვარგარეთ წასვლა. ქართველ ემიგრანტებს შორის სხვადასხვა დარგის ბევრი ცნობილი მეცნიერია. პარალელურად, სულ უფრო ხშირია საუბრები, რომ აუცილებელია საქართველოში მეცნიერული მიმართულებების გაძლიერება და ხელშეწყობა. ამასთან, მაშინ, როცა აქტიურად მიდის საუბარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, დგება საკითხი­, ეს ქართველი მეცნიერებისთვის რა ახალ რეალობას ქმნის, ჩნდება კითხვები, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდეს მეცნიერების მიმართულებით ევროკავშირის მოთხოვნები და რაც მთავარია, როგორ უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირში ამ მხრივ დაგროვებული ცოდნა. ამ საკითხებზე სასაუბროდ დავუკავშირდით ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიური ენების კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ მანანა თანდაშვილს. ის თბილისის საპატიო მოქალაქეა, უკვე 25 წელია, გერმანიაში ცხოვრობს და მისი საქ­მიანობა ქართველოლოგიას უკავშირდება. ამიტომაც ჩვენ მასთან საუბარი სწორედ იმ კითხვით დავიწყეთ, თუ როგორი იყო მისი ევროპული საქმიანობა და რისი გაკეთება შეძლო ამ ხნის განმავლობაში ქართული მეცნიერებისთვის.

- ჩემი სამეცნიერო საქმიანობის დასაწყისი 90-იანი წლების რთულ პერიოდს დაემთხვა - დამოუკიდებლობის გამოცხადებამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს მოსახლეობა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც თავისუფლებას­ ველტვოდით, აღარ გვინდოდა ძველებურად ცხოვრება, თუმცა მომავლის კონტურები ჯერ კიდევ არ ჩანდა. ჩვენი წარმოდგენები, თუ როგორ საქართველოში გვინდოდა ცხოვრება და, რაც მთავარია, რა გზით უნდა გვევლო სასურველი მიზნისკენ­, ძალიან აბსტრაქტული და იდეალიზებულიც კი იყო. უცხოეთში სამეცნიერო საქ­მიანობაზე იმ დროს არც მიფიქრია. იმ პერიოდში ენათმეცნიერების ინსტიტუტში კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიას ვხელმძღვანელობდი და თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობდი ქართული ენის ტექნოლოგიზაციაზე გვემუშავა, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა ბაზების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება არ გაგვაჩნდა. ახალი თემატური კონფერენციაც კი დავაარსე ენათმეცნიერების ინსტიტუტში - "ენა, ლოგიკა, კომპიუტერიზაცია", რათა უცხოელ კოლეგებს დავკავშირებოდით და შეგვევსო ამ მიმართულებით ცოდნის დეფიციტი. მაშინ გადავწყვიტე, გერმანულ სამეცნიერო ფონდში შემეტანა პროექტი, რომელიც დამიფინანსეს და ორი წლით გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, სადაც ცნობილ მეცნიერებთან, ქართველური და კავკასიური ენების ევროპელ კორიფეებთან, პროფესორ იოსტ გიპერტსა და პროფესორ ვოლფგანგ შულცესთან მომიწია მუშაობამ. შემდეგ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ვაკანსია გათავისუფლდა, კონკურსი გავიარე და თითქმის 25 წელია ფრანკფურტის უნივერსიტეტში კავკასიური ენათმეცნიერების კათედრას ვხელმძღვანელობ. აი, ასე გავხდი უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ანუ დღეს როგორც უწოდებენ, საქართველოს დიასპორული სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ფრანკფურტის უნივერსიტეტი წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდა კავკასიოლოგიასა და ქართველოლოგიაში. ეს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც აქვს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკრედიტებული პროგრამა. აქ განხორციელდა 22 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი, რომელშიც­ 500-ზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა (მათ შორის ახალგაზრდა თაობამაც) მიიღო მონაწილეობა. შეიქმნა ქართული ენის ეროვნული კორპუსი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრული რესურსი დიაქრონიული კვლევებისათვის. აქ მიმდინარეობს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" თარგმანების უნიკალური ციფ­რული კოლექციის შექმნა, რომელიც გააე­რთიანებს პოემის 150-მდე თარგმანს. 2012 წლიდან ყოველწლიურად ვატარებ უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლას "დიგიტალურ ჰუმანიტარიაში", რამაც საფუძველი­ ჩაუყარა ეროვნული­ მეცნიერების "დიგიტალური ქართველოლოგიის" ჩამოყალიბებას. და თუ დღეს საქართველოში ახალგაზრდა ფილოლოგთა თაობა­ არსებობს, რომელიც კვლევის­ თანამედროვე მეთოდებით განავითარებს ქართველოლოგიას, ეს სწორედ ბათუმის საზა­ფხულო სკოლის დამსახურებაა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა 21-ე საუკუნის­ ქართველოლოგიის საერთა­შორისო ასპა­რეზზე გატანა და ქართული ენის ტექნოლოგიზაცია­ შევძელით.

დღეს უკვე აღარ ვკამათობთ იმაზე, რომ შეიცვალა მეცნიერების­ ფილოსოფია ტექნოლოგიზაციის სულ უფრო მზარდი პროცესის ფონზე. ფაქტია, მეცნიერებაში პარადიგმის­ ცვლას განვიცდით. ეს შეუქცევადი პროცესი და სერიოზული გამოწვევაა ზოგადად მეცნიერებისათვის, განსაკუთრებით კი ეროვნული მეცნიერების­ - ქართველოლოგიისათვის. გასულ წელს სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა საერთა­შორისო სიმპოზიუმი "დიგიტალური კავკასიოლოგია - პარადიგმების ცვლა?", ფრანკფურტის უნივერსიტეტში მსოფ­ლიოს მრავალი ქვეყნის კავკასიოლოგები და ქართველოლოგები შევიკრიბეთ,­ რათა გვემსჯელა, თუ რა ტიპის რესურსებს­ ვიყენებთ კვლევისათვის და კვლევის რა მეთოდების განვითარებას მოითხოვს თანამედროვე მეცნიერება; ხომ არ დადგა ცოდნის­ რეინტერპრეტაციის დრო და როგორ გავუმკლავდეთ ციფრული ეპოქის გამოწვევებს როგორც სამეცნიერო-კვლევით სფეროში, ისე განათლების სისტემაში; მეცნიერების ფილოსოფიისა და არსებული პარადიგმის ცვლის ფონზე, სად დგას დღევანდელი კავკასიოლოგია და ქართველოლოგია და რა მიმართულებით უნდა ვიაროთ.

ვფიქრობ, მიუხედავად იმ გასაოცარი­ სამეცნიერო მიღწევებისა და "გარღვევებისა", რამაც ქართული მეცნიერება საერთაშორისო ასპარეზზე ხილვადი გახადა,­ ქართველი სამეცნიერო საზოგადოება ადაპტა­ციის მძიმე პერიოდს განიცდის. ამაში ვგულისხმობ სამეცნიერო მორალისა და ეთიკისათვის დაუშვებელ ისეთ ფაქტებს, როგორიცაა კვლევისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, რაც აშკარად აისახება აკადემიურობის ხარისხზე. სამეცნიერო კეთი­ლსინდისიერების რღვევა, რაც გამოიხატება სხვისი ნაშრომების ციტირების გარეშე გამოყენებაში, უკვე არსებული კვლევების კომპილაციის გზით მათ უცხო ენაზე გამოქვეყნებაში, იმ იმედით, რომ გლობალიზაციის პირობებში ამგვარი შემთ­ხვევების დაფიქსირება სამეცნიერო­ ნაშრომთა ოკეანეში ძნელი აღმოსაჩენი იქნება. მეტიც, ზოგჯერ ხდება სამეცნიერო ხარისხის მითვისება და ტიტულების გაყალბებაც კი, რაც მათ საშუალებას აძლევს დაფიქსირდნენ ექსპერტების სტატუსით. ამგვარი ქმედება მიუტევებელია სამეცნიერო საზოგადოებისათვის, თუმცა ორმაგად საზიანოა და დაუშვებელი, როდესაც იგი გასცდება სამეცნიერო სფეროს და იქცევა პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებად.

- პოლიტიკურ მანიპულაციაში რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ისეთი მეცნიერიც კი, როგორიც მარინე ბერიძეა, საკონსტიტუციო სასამართლოში ექსპერტის სტატუსით­ მიწვეული, აცხადებს, რომ "ერთ-ერთი წევრი ჩვენი თანაავტორებისა... გახლავთ ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი­ ზაქარია ფურცხვანიძე, ზუსტად ეს მიმართულება მიჰყავს მას და..." - ამ განცხადებამ ჩვენი, სამეცნიერო საზოგადოების გაოცება (თუ არა აღშფოთება)­ გამოიწვია, ვინაიდან ზაქარია ფურცხვანიძე­ არც ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორია და არც აღნიშნული "მიმართულება" მიჰყავს ფრანკფურტის უნივერსიტეტში. ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო ამ ჯგუფის სამეცნიერო რეპუტაციას, არამედ საფრთხეს უქმნის ქართული სამეცნიერო სივრცის ევროპულ ინტეგრაციას. რას ვგულისხმობთ აქ: ევროპასთან საქართველოს სამეცნიერო ინტეგრაცია უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ღია მეცნიერების პრინციპების აღიარებას, რამაც არსებითად შეცვალა სამეცნიერო მუშაობისა და კომუნიკაციის ფორმები. ღია მეცნიერების კონცეფციის შემუშავებამ ნიადაგი მოუმზადა სამეცნიერო საზოგადოების ფუნქციონირების არა მხოლოდ ახალი სტანდარტის შემუშავებას, არამედ მეცნიერული კომუნიკაციის იმ ახალი ფორმებისა და ეთიკის დანერგვას, რომელიც დღეს საყოველთაოდაა აღიარებული. სწორედ ამ მიზნით იქმნება მეცნიერთა საერთაშორისო ციფრული პლატფორმები, სამეცნიერო ნაშრომთა ინდექსაციის ბაზები და თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევით რესურსებზე. ეს პროცესი, თავის მხრივ, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც დემოკრატიის პრინციპების ინტეგრაცია მეცნიერებაში - პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ხდება­ მეცნიერების დემოკრატიზაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - დემოკრატიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ უფლებებს, იგი ვალდებულებებსაც მოიცავს. და თუ ჩვენ დღეს სრულად და სიღრმისეულად არ გავაცნობიერებთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას და ჩვენი ქმედებების მნიშვნელობას, ქართული მეცნიერების ევროინტეგრაციის პროცესი შეიძლება ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს ხანებში გავხდებით ევროპელი საზოგადოების ნაწილი და ქართული მეცნიერება (უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ჩემს დარგს ანუ ქართველოლოგიას) შეძლებს წარმატებით გაიაროს ევროინტეგრაციის გზა იმ ფორმითა­ და სტატუსით, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონზე საქართველოს "ღია მეცნიერების ღრუბელთან" მიერთება, რომელიც ემყარება შემდეგ პრინციპებს: ღია რესურსების შექმნა და მათზე გამარტივებული წვდომა, ღია რესუ­რსების თავსებადობის უზრუნველყოფა და მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის პროცესი ღია ხელმისაწვდომობიდან ღია მეცნიერებამდე, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა. ახლა ჩვენი ჯერია.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ უბრალოდ მიერთება ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან, არამედ მისი გამდიდრება ეროვნული რესურსებით, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ მეცნიერების ახალი პარადიგმის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართვა, ეს კი მხოლოდ 21-ე საუკუნისათვის შესაფერისი მეცნიერული და აკადემიური კეთილსინდისიერებით, ეთიკური ნორმების დაცვითა და ღირსეული ინტეგრაციის გზით არის მიღწევადი.

- 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდით ფრანკფურტში დიასპორულ ორგანიზაციას. რა პოტენციალი აქვს დიასპორას და რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?

- 2005 წელს, როდესაც ფრანკფურტში­ დავაარსე ქართული კულტურის ფორუმი,­ რომლის ფარგლებშიც გავხსენი საკვირაო სკოლა, მოგვიანებით ფრანკფურტის ქართული ლიტერატურის სალონი "ევტერპე", ქართული დიასპორა ფრანკფურტში თითქმის არ არსებობდა.­ დროთა განმავლობაში შემოვიკრიბეთ ფრანკფურტისა და ჰესენის მიწაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და 2008 წლიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. იმხანად ყველაფერი მხოლოდ დიასპორის ინიციატივით ხორციელდებოდა და გერმანიაში ქართულ დიასპორებს­ შორის კონტაქტიც ძალიან სპორადული იყო. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო უწყვეტი აქტივობა დიასპორული საზოგადოებების დასახმარებლად. 10 წლის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ მე, როგორც მეცნიერს, საშუალება მომეცემოდა ჩემი ცოდნა და კომპეტენცია დიასპორის ინტერესების მიმართულებით გამომეყენებინა. ვგულისხმობ ჩემი და ჩემი ახალგაზრდა კოლეგების, მარიამ გობიანიძისა და დავით მაისურაძის მომზადებულ სამეცნიერო-პოპულარულ ვებგვერდს "ჩემი რუსთაველი", რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორების დეპარტამენტმა დააფინანსა. ამ პროექტის ფარგლებში­ შექმნილი ვებგვერდი აერთიანებს "ვეფხისტყაოსნის" ქართულ ტექსტსა და მის თარგმანებს 6 ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური და ბერძნული). ჩვენ მიერ შექმნილი რესურსი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდას კულტურული მემკვიდრეობის ტრანსმისიის გზით და, ზოგადად, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას საქართველოს დიასპორებში.

დღეს ქართული დიასპორა უდიდეს პოტენციალს ფლობს­ და სახელმწიფოს მხარდაჭერის შემთხვევაში ძალუძს გააერთიანოს საქართველო შინ და გარეთ, ისე, რომ არ გაფერმკრთალდეს ეროვნული იდენტობა, ერთიანობა და სამშობლოს სიყვარული, რომელიც ასე მძაფრად გამოხატა უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, მწერალმა გრიგოლ რობაქიძემ - არავის არ უყვარს საქართველო ისე ძლიერ, როგორც უცხოეთში მცხოვრებ ქართველსო.

მეც ვუერთდები ამ სულისკვეთებას და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჩემი ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია ქართული მეცნიერების განვითარებისათვის მომეხმარებინა.

რუსა მაჩაიძე