ესმის თუ არა ტრამპს კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა?! - კვირის პალიტრა

ესმის თუ არა ტრამპს კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა?!

"ტრამპის ადმინისტრაცია რომ მნიშვნელოვანი იზოლაციისკენ მიდის, ხოლო ჩვენი რეგიონის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია, დიდ საფრთხეს გვიქმნის - ჩვენ არ ვიცით, დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ, რამდენად მონდომებული არიან, რომ არ გავიდნენ რეგიონიდან. რუსეთისთვის საქართველო სასიცოცხლო ინტერესების სფეროა, ამიტომ კარგია დასავლური მხარდაჭერა, მაგრამ ამასთან, გვჭირდება მტკიცება იმისა, რომ ისინი ამ რეგიონიდან არ გავლენ. თუ სიტუაცია ისე განვითარდა, რომ რუსეთმა აქ მაქსიმალურად გააძლიერა თავისი გავლენა, რესურსები მაქსიმალურად დახარჯა, რომ მყარად მოიკიდოს ფეხი, ხოლო დასავლეთმა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები აკეთა და არ გაიმყარა პოზიცია, ბუნებრივია, სუპერგმირების საზოგადოება უნდა ვიყოთ, რომ ამ სუპერზეწოლას გავუძლოთ", - ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი და ხსნის, რა გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე.

- დავიწყოთ რუსეთ-უკრაინის ომით და ზელენსკის "გამარჯვების გეგმით", რომელსაც ამ კვირაში წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს. გეგმა მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე შორსმოქმედი შეიარაღების გამოყენების ნებართვას ვაშინგტონისგან. მიიღებს თუ არა უკრაინა თანხმობას და საჭირო რესურსს და რამდენად თავისუფლად შეძლებს მათ განკარგვას?

- არავის მოუგია ომი, არ შეუჩერებია აგრესორი იმ პირობის შესრულებით, რომ მას არა აქვს უფლება აგრესორის ტერიტორიას რაღაც კილომეტრების სიღრმეში დარტყმა მიაყენოს. ეს აბსურდია და მას არათუ სამხედრო, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და თუნდაც საინფორმაციო გამართლება არ გააჩნია. ამიტომ არის ასეთი რთული ამ სიტუაციის დიდი ხნით შენარჩუნება. აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდია და დემოკრატები ძალიან ფრთხილობენ. ბაიდენის ადმინისტრაცია შეიარაღების მიწოდებაში მკაცრ და უამრავ შეზღუდვას აწესებდა, მერე კი თანდათანობით ხვდებოდა ამ შეზღუდვების აბსურდულობას და მათი მოხსნა უწევდა. ახლა დემოკრატებს უნდათ საარჩევნო პროცესი ნოემბრამდე უპრობლემოდ მიიყვანონ და არ სურთ არჩევნების დასრულებამდე საგარეო პოლიტიკა კონტროლიდან გამოვიდეს.

- ალბათ, დახმარების გაჭიანურებისა და ნებართვის მიცემის დამაბრკოლებელი ერთ-ერთი ფაქტორი "შეშლილი დიქტატორის" გამო დასავლეთის შიშიცაა. რამდენიმე დღის წინ მედვედევი (ვინ იცის, მერამდენედ) დაიმუქრა, თუ მოთმინება ამოიწურება, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო.

- კრემლი და პუტინი დღედაღამ იმუქრებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის შემდეგ შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენონ. რა თქმა უნდა, მუქარა გათვლილია დასავლეთის პოლიტიკური ისთებლიშმენტის შიშებზე, რომ ეს იქნება ბოლო ზღვარი, რუსეთმა შესაძლოა "გააფრინოს" და ა.შ. ამიტომაც დასავლეთში არავის სურს პრობლემები, მით უფრო ამერიკაში, სადაც მთავარია, საარჩევნო პროცესი ნორმალურად მივიდეს ფინალამდე და პროცესს არ ახლდეს საგარეო-პოლიტიკური კრიზისი. კრემლი მათ აშინებს, თუმცა კი ამის პოტენციალი არა აქვს, მაგრამ მაინც არის შიში, რომ რუსეთი რაღაც მომენტში გადავა ზღვარს, რომ ამერიკელები ვერ გათვლიან, რას მოიმოქმედებენ რუსები. ბაიდენის ადმინისტრაცია ამისთვის მზად არ არის, ვინაიდან არჩევნებია, ჰარისი ჯერ არ არის ფიგურა, რომელსაც შეუძლია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკაში. ევროპელი ლიდერებიც, განსაკუთრებით ფრთხილობენ. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ არჩევნები არ დასრულდება - ჰარისის ადმინისტრაცია და მკაფიო პოზიცია არ ჩამოყალიბდება, როგორ მოიქცნენ შემდგომში რუსეთთან. ინფორმაციამ გამოჟონა, რომ ამერიკელები თანახმა კი არიან იარაღი შორ მანძილზე იქნეს გამოყენებული, მაგრამ მოითხოვენ სამიზნეების გადამოწმებას, ამერიკული მხარის დასტურს. ესეც ნონსენსია, მაგრამ ის, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონა, მეტყველებს, რომ ამერიკული მხარე კარგა ხანია განიხილავს ამ დარტყმების მიყენებას.

- საქართველოზე რა ზეგავლენას მოახდენს აშშ-ის არჩევნები და მისი შედეგები?

- ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესი ერთგვარად შენელდა. ჩვენთან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, შესამჩნევია ამერიკის ყურადღების გადამისამართება სომხეთში. გასაგებია, რომ რეგიონში საქართველოს დაკარგვით დასავლეთი პრაქტიკულად დაკარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე. ამიტომ ყველას ესმის, განსაკუთრებით არსებულ დემოკრატიულ ადმინისტრაციას - ბაიდენსა და ჰარისს, სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საქართველოს მნიშვნელობა ძალიან დიდია. ეს არის მოცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების საქციელის გამო ინტერესი თითქოს შენელებულია.

საგრძნობლად განსხვავდება ტრამპის პოზიცია, რომელიც იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებს - არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან, ევროპიდანაც გაცილებით განზე მდგომი პოზიცია აქვს. ჩვენ ვიცით, რით მთავრდება ხოლმე ამერიკული იზოლაციონიზმი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბოლო 70 წლის განმავლობაში, მსოფლიო წესრიგი და ის, რითაც ჩვენ ვსარგებლობთ - მეტ-ნაკლები სიმშვიდითა და გაზრდილი კეთილდღეობით, რეალურად ამერიკული წესრიგისა და საერთაშორისო ინსტიტუტების დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ავღანეთისა და პაკისტანის დონეზე ვიქნებოდით. სწორედ იმიტომ, რომ დასავლური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების სტრუქტურების ქოლგაში ვართ შეფარებული, მიუხედავად ჩვენი პოსტსაბჭოური სივრცისა და იმ ჯოჯოხეთისა, რაც 90-იან წლებში გამოვიარეთ, ჩვენ მოვახერხეთ საგრძნობლად განვითარება, მათ შორის სოციალ-ეკონომიკური.

- "ქართულ ოცნებას" დამარცხების საფრთხე თუ დაემუქრა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი პირდაპირ ჩაერიოს არჩევნებში? ამ შემთხვევაში დასავლეთმა რა უნდა მოიმოქმედოს კრემლის შესაჩერებლად, კრიზისულ ვითარებაში მთავარი აქტორის როლის შესასრულებლად და არჩევნების შედეგების დასაცავად?

- რუსული სივრცისთვის დემოკრატიული წესით არჩევნების წაგება და ხელისუფლების გადაბარება წარმოუდგენელია, ვერ თავსდება ვერც მათ წარმოსახვაში, ვერც კულტურაში. თუ რუსეთის მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ არჩევნების გზით არ გაიმყარა პოზიცია, ის მშვიდობიანად რომ წავიდეს და პოზიციები დაუთმოს ოპოზიციურ ძალას, ეს რუსეთისთვის ნიშნავს რეგიონიდან საბოლოოდ ამოძირკვას და დასავლეთის დამკვიდრებას. ნუ გვგონია, რომ რუსეთს ყველაფერი შეუძლია, მისი რესურსები საგრძნობლად შეზღუდულია, არ შეუძლია აქ მეორე ფრონტის გახსნა და კონვენციური ომის დაწყება, მთელი რეგიონის ცეცხლის ალში გახვევა, ვინაიდან გვერდით არის თურქეთი, აზერბაიჯანი, ენერგოკორიდორი, სომხეთი, რომელიც საქართველოს ტრანზიტით სარგებლობს. გლობალური მოთამაშეებისთვის ასეთი სცენარი წარმოუდგენელია, ამას არავინ დაუშვებს. რუსეთს შეუძლია ჰიბრიდული, ფარული ძირგამომთხრელი საქმიანობა აქ ჩანერგილი თავისი აგენტურით. მას შეუძლია სიტუაციის არევა სხვადასხვა მეთოდებით. თუნდაც, ასე ვთქვათ, მიჯირყნოს პოლიტიკური ოპოზიციისა და საზოგადოების მხარდამჭერი მასები. მოსალოდნელია კრემლმა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების რეპრესიებით დარჩენის საშუალება მისცეს ამ ხელისუფლებას, რომელიც მის ინტერესებს ყველაზე მეტად პასუხობს.

დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ ნებისმიერ რეგიონში, სადაც კონკურენციაში შედის რუსეთთან, ისეთივე რაოდენობის რესურსებითა და ისეთივე მეთოდებით უნდა იმოქმედოს, როგორც რუსეთი მოქმედებს. პირობითად, თუ დასავლეთი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებითა და მხარდაჭერით შემოიფარგლება, ბუნებრივია, რუსეთი აქ დიდ უპირატესობას მოიპოვებს. აქ კრემლს ჰყავს ოპერატიული აგენტების მთელი ჯარი, აქვს დიდი რესურსი. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან რუსი ტურისტები და ე.წ. ტურისტებიც, ჩვენი სპეცსამსახურები კი არაფერს გვეუბნებიან, როგორც ჩანს, ამაში ვერც ხედავენ საფრთხეს, რაც კატასტროფაა. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასე არ არის?

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში არსებობს ორი რამ, რაც მოწინააღმდეგე მხარეს აიძულებს მოიქცეს ისე, როგორც შენ გინდა. ეს არის მკაფიოდ შეკავებისა და დაშინების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ დასავლეთი მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ მზად არის გააკეთოს ყველაფერი, არანაირი შეზღუდვები არა აქვს რეგიონში სამოქმედოდ და გააკეთებს ყველაფერს, რათა თავისი პოზიციები დაიცვას რეგიონში, მათ შორის ის ძალა, რომელიც რეგიონში მის ინტერესებს დაიცავს. ერთია ამის ჩვენება, სიგნალის გაგზავნა, რომ ამისთვის მზად ხარ და მეორე - კონკრეტულად იმის ჩვენება, რომ ამისთვის რესურსი გამზადებული გაქვს. თუ მეორე მხარე ხედავს, რომ ამისთვის რესურსი არა გაქვს, სიგნალი ფუჭი იქნება. სტრატეგიული სიგნალის გაგზავნა აუცილებელია. ეს რესურსი უნდა იყოს მრავალმხრივი, შეიძლება იყოს პოლიტიკური, მათ შორის ე.წ. კრიზისის მენეჯმენტის ჯგუფი, რომელიც მუდმივად იქნება აქ და რუსეთს არ მისცემს მიზნის მიღწევის საშუალებას.

ყველაზე მეტად რაც გვინდა, ეს არის საარჩევნო პერიოდში დასავლეთის აქ ყოფნა მაქსიმალურად მაღალი წარმომადგენლობით. იმის ჩვენება, რომ აქ არიან, დაამშვიდებს სიტუაციას და რუსულ მხარეს და რუსეთის მხარდამჭერ ქართველ პოლიტიკურ მოთამაშეებს ვითარების დაძაბვის საშუალებას არ მისცემს. მეორე მხრივ, აუცილებელია დასავლელი პოლიტიკოსებისა და კრიზისმენეჯერების თუ სხვა დიდი პოლიტიკური ჯგუფის აქ ყოფნა და მათი სურვილი, რომ სანამ სიტუაცია არ განიმუხტება, აქ იქნებიან. ეს იძლევა ძალიან კარგ წინა პირობას იმისთვის, რომ თუ ვითარება უფრო დაიძაბა, ევროკავშირისა და აშშ-ის დამატებითი რესურსი იქნება გამოყენებული, რათა სიტუაციაზე კონტროლი არ დაიკარგოს.