დანაღმული პეიჯერების აფეთქებით ისრაელი თავად ხსნის მეორე ფრონტს - გადაიზრდება თუ არა ეს მესამე ლიბანის ომში?
მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის კიბუცებზე სისხლიანი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც 27 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში "ცახალის" უფრო დაუნდობელი სახმელეთო ოპერაცია მოჰყვა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ისრაელის ყველა მოწინააღმდეგე - პალესტინელები, ირანელები, სირიელები თუ იემენელი ჰუსიტები გაერთიანდებოდნენ და მას 4-5 ფრონტს გაუხსნიდნენ.
ებრაელებისთვის გასახარად ასე არ მოხდა, რადგან ვერ გაერთიანდნენ მათი მოსისხლე მტრები. სამაგიეროდ, თავად ისრაელი გადავიდა შეტევაზე და ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ქვეყნის ჩრდილოეთიდან მეზობელი ლიბანის სამხრეთ ნაწილისკენ თავად ხსნის ახალ ფრონტს.
ისრაელის მოთხოვნები გასაგებია - ლიბანის სამხრეთში დისლოცირებული პროირანული სამხედრო დაჯგუფება "ჰეზბოლა", რომელსაც მსოფლიოს ნაწილი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ბალისტიკური რაკეტებით სერიოზულად ემუქრება ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილს, რის გამოც ისრაელის ხელისუფლებას ამ საშიში რაიონიდან ევაკუირებული ჰყავს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა სახლებში დასაბრუნებლად აუცილებელია "ჰეზბოლას" სარაკეტო საფრთხის განეიტრალებაო, - აცხადებენ თელ-ავივში. სწორედ "ჰეზბოლას" სარაკეტო თავდასხმები იქცა 2006 წლის 12 ივლისს მეორე ლიბანის ომის დაწყების მიზეზად, რასაც ისრაელის არმიის, "ცახალის" შეჭრა მოჰყვა სამხრეთ ლიბანში და ეს ომი 34 დღე-ღამე გაგრძელდა.
გადაიზრდება დღევანდელი შეიარაღებული დაპირისპირება მესამე ლიბანის ომში თუ არა, ჯერ ძნელი სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიის დაწერისას, 21 სექტემბერს, ისრაელის ავიაცია აგრძელებდა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" სარაკეტო დანადგარების აფეთქებას, ხოლო გადარჩენილი სასტარტო პოზიციებიდან "ჰეზბოლა" ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ უშვებდა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს. თუმცა ის, რაც წინ უძღოდა ამ ყველაფერს, ცალკე განხილვის თემაა, რადგან სულ ახალი სიტყვაა როგორც დივერსიული, ისე საბრძოლო მოქმედებების მსოფლიო ისტორიაში.
წარმოიდგინეთ, ქუჩაში, სადაც ასობით გამვლელი მიდი-მოდის, მოულოდნელად ათობით მათგანს ჯიბეებში ერთდროულად რაღაც უფეთქდება, გასისხლიანებული ადამიანები ძირს ეცემიან და შველას ითხოვენ. სწორედ ასეთი მრავალი ფაქტი დააფიქსირეს ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებმა 17 სექტემბერს ბეირუთსა და დამასკოში. მაინც ისეთი რა აუფეთქდათ ჯიბეებში და თანაც სამი ათასზე მეტ კაცს, რომ მათი ასეთი დაშავება და თვით დაღუპვაც კი გამოიწვია? - ჩვეულებრივი პეიჯერები... თუმცა საიდუმლო "დეტალებით"...
პეიჯერი პერსონალური გამოძახების ელექტრონული მოწყობილობაა, რომლის ეკრანზეც მიღებული ტექსტური შეტყობინება აისახება, მაგრამ თავად პეიჯერს საპასუხო ინფორმაციის გადაცემა არ შეუძლია.
პეიჯერები გასული საუკუნის 90-იან წლებში ძალზე პოპულარული იყო საქართველოშიც, სანამ მასობრივად შემოსულმა მობილურმა ტელეფონებმა პეიჯერები არ "ჩაძირეს". ნუთუ იმავე ბეირუთსა თუ დამასკოში ისე ჩამორჩენილია ცხოვრება, რომ ადგილობრივები საქართველოს ვერ "დაეწივნენ" და ისევ პეიჯერებს იყენებენ მობილურების სანაცვლოდ?! სულაც არა. თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით სავსეა ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ პეიჯერებს იყენებენ "ჰეზბოლას", საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული შეიარაღებული დაჯგუფების წევრები მას შემდეგ, რაც 1996 წელს ისრაელის სპეცსამსახურებმა მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუმონტაჟეს და "თავი წააცალეს" "ჰამასის" მთავარ ინჟინერ-ამფეთქებელს, იაჰი აიაშას.
მას შემდეგ "ჰეზბოლაში", ისევე, როგორც "ჰამასში", მიაჩნდათ, რომ მართალია, ისრაელის "მოსადმა" შეძლო შედარებით დიდი გაბარიტის მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟება, რომლის ინიცირება დისტანციურად ხდებოდა, მაგრამ იმავეს ვერ მოახერხებდნენ ბევრად კომპაქტურ პეიჯერებში და... მწარედაც შეცდნენ...
ბეირუთსა და დამასკოში აფეთქებული ყველა პეიჯერი ტაივანური ფირმა Gold Apollo-ს კონსტრუირებულია, თუმცა მათი სერიულად აწყობა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა და "ჰეზბოლამ" 5 ათასი პეიჯერი შეუკვეთა, რომლებიც ა.წ.-ის თებერვლიდან დაურიგდათ მის წევრებს ბრძანებების ოპერატიულად მისაღებად.
სავარაუდოდ, "მოსადის" აგენტებმა ამ პეიჯერების ჯერ კიდევ სერიული წარმოებისას მოახერხეს მათ აკუმულატორებში მძლავრი ბრიზანტური ასაფეთქებელი ნივთიერება პენტაერიტრიტილის ტეტრანიტრატის - PETN-ის შემცველი ფირფიტების ჩამატება, რომელთა მასაც 20-30 გრამი თუ იქნებოდა.
ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის მიუხედავად, PETN-ის ასაფეთქებელი ნივთიერება ძალიან მგრძნობიარეა და ტემპერატურის მომატებასთან ერთად, იზრდება მისი დეტონაციის ალბათობაც.
"ჰეზბოლას" შეძენილ პეიჯერებზე, რომელთა აკუმულატორებში თავიდანვე ფარულად იყო მოთავსებული 20-30 გრამი PETN-ი, ერთდროულად მივიდა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, მაგრამ დაშიფრული შეტყობინება, რომელმაც გამოიწვია პეიჯერების ლითიუმის აკუმულატორების ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, რამაც მათში ფარულად ჩამონტაჟებული PETN-ის ფირფიტების დეტონაცია განაპირობა.
ისრაელის სპეცსამსახურები არ დაკმაყოფილდნენ "ჰეზბოლას" მხოლოდ პეიჯერების მასობრივად დისტანციურად აფეთქებით და 18 სექტემბერს ფართომასშტაბიანი კიბერდივერსია გააგრძელეს პორტატიული რაციების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპებისა და თვით... ელექტრომოპედებისა და ელექტრომობილების აფეთქებებით...
საერთო ჯამში დისტანციურად აფეთქებულია "ჰეზბოლას" კუთვნილი 3-ათასზე მეტი პეიჯერი და 500-მდე პორტატიული რაცია, რამაც 4 ათასზე მეტი კაცი დააშავა. პეიჯერების აფეთქებებს - 16, ხოლო რაციებისას - 14 კაცი ემსხვერპლა.
დაშავებულ-დაღუპულთა დიდი ნაწილი "ჰეზბოლას" მებრძოლები იყვნენ (თუმცა, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის ბავშვებიც დაზარალდნენ), რაც ისრაელ-არაბების შეუწყვეტელი შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე შეიძლება შეფასდეს როგორც ისრაელის სპეცსამსახურებისა და უპირველესად "მოსადის" უდიდეს წარმატებად, რადგან მათ თავიანთი "საიდუმლო იარაღით" - ელექტრონული გაჯეტების ლითიუმის აკუმულატორებში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით რამდენიმე წამში ერთდროულად მწყობრიდან გამოიყვანეს ისრაელის ერთ-ერთი შეურიგებელი მტრის - "ჰეზბოლას" რამდენიმე ათასი მებრძოლი.
შეეძლო თუ არა "ჰეზბოლას" უსაფრთხოების სამსახურს პეიჯერების ჯერ კიდევ შესყიდვისას აღმოეჩინა მათში ფარულად ჩამონტაჟებული "ტროას ცხენები"? ეტყობა, არა, რადგან მისმა ჩამდებმა მხარემ, დიდი ალბათობით, სწორედ ისრაელის სპეცსამსახურებმა, გამოიყენეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგია პეიჯერების მინიაკუმულატორების დასანაღმავად.
ისრაელის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ერთდროული კიბერდივერსია - პერსონალური ელექტრონული მოწყობილობები გახდა მასობრივი შეტევის წყარო, ადამიანების ფიზიკური დაზიანებების გამოწვევით.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ისრაელის სპეცსამსახურებმა იჩქარეს "ჰეზბოლას" დანაღმული პეიჯერებისა და რაციების დისტანციურად აფეთქება...
მათი მოულოდნელი დეტონაცია სწორედ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც გახურებულ ომში "ჰეზბოლას" სამხედრო-პოლიტიკური მეთაურობა პეიჯერებისა და პორტატიული რაციების დიდ იმედზე იქნებოდა ბრძანებების გადაცემის თუ დანაყოფების მართვისას და ხელში ან ჯიბეში ათასობით "ჰეზბოლას" მებრძოლს მოულოდნელად ერთდროულად აუფეთქდებოდა დანაღმული პეიჯერები და რაციები, რაც გარდა იმისა, რომ მწყობრიდან გამოიყვანდა მათ დიდ ნაწილს, სრულიად მოშლიდა "ჰეზბოლას" დანაყოფების მართვას ბრძოლის კრიტიკულ მომენტში.
მაგრამ ასე არ მოხდა, ისრაელის სპეცსამსახურებმა ნაადრევად აამოქმედეს თავიანთი ზესაიდუმლო იარაღი, რის გამოც ისეთი შედეგი ვერ მიიღეს, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ამ რთული და, ამასთანავე, ძვირად ღირებული ზესაიდუმლო ოპერაციის დაგეგმვისას.
სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ "ჰეზბოლას" ორმა წევრმა რაღაც იეჭვა, თავის პეიჯერებში კირკიტი დაიწყო და სანამ მთელი "ჰეზბოლა" გაიგებდა დანაღმული პეიჯერების ამბავს და მათ თავიდან მოიშორებდა, "მოსადმა" დაშიფრული რადიოგზავნილი გაუგზავნა "ჰეზბოლას" ათასობით დანაღმულ პეიჯერსა და რაციას - "შალომ!"
რა საფრთხეს შეიცავს დანაღმული გაჯეტები
პირველი - დღევანდელ სამყაროში მილიარდობით ადამიანი სულ თან ატარებს ერთ ან რამდენიმე ელექტრონულ მოწყობილობას - სმარტფონებს, სმარტსაათებს, ლეპტოპებს, რომლებშიც, როგორც აღმოჩნდა, თავისუფლად შეიძლება მცირე მასის, მაგრამ ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების ჩამონტაჟება ჯერ კიდევ მათი წარმოებისას. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება კონკრეტული მფლობელის ან ადამიანთა ჯგუფის ფიზიკური დაზიანება/განადგურება დისტანციურად და ერთდროულადაც.
მეორე - თითოეულ ოჯახში ათობით ელექტრონული მოწყობილობაა (კომპიუტერები, მტვერსასრუტები, მაცივრები, ტელევიზორები და ა.შ.), თანაც ბევრად დიდი მოცულობის, ვიდრე მობილური ტელეფონებია და შესაძლებელია მათში უფრო მეტი მასის ასაფეთქებელი ნივთიერების მოთავსება, თავისი დეტონატორიანად.
მესამე - ისრაელის სპეცსამსახურებმა ამ მასშტაბური კიბერდივერსიით არა მარტო მწყობრიდან გამოიყვანეს "ჰეზბოლას" ასობით ან შეიძლება ათასობით წევრიც, არამედ "ჰეზბოლას" ოპერატიული მოქმედებების - ბრძანებების გაცემის საშუალებაც მოუსპეს. ამ სახის კიბერდივერსიით შესაძლებელი ხდება საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-ჩატარება მოწინააღმდეგის დანაყოფების პირადი შემადგენლობის მწყობრიდან გამოსაყვანად, თუკი, რა თქმა უნდა, წინასწარ დაინაღმება ის ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ომეში, მაგალითად, დრონები, რომლებსაც კონკრეტული მებრძოლი მხარე მასობრივად ყიდულობს მესამე ქვეყანაში.