ექსკლუზიური რეპორტაჟი: გელათის "რკინის გუმბათი" - „მუდმივი ინტრიგებია, ცდა, რომ ეს უზარმაზარი შრომა დაამცრონ“
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელიც ქართველი ერისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლია, ბოლო დროს აქტიური განხილვის საგანია. ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შეთანხმების შედეგად, 2023 წლის 6 აპრილიდან გელათის მონასტრის რეაბილიტაციის მართვა საქართველოს საპატრიარქოს დაევალა - შეიქმნა გელათის მართვის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მისი მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი). იუნესკოს მოთხოვნის საფუძველზე, გუმბათის დაბლა ტაძრის მთლიანი სხეული ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურის ქვეშ მოექცა, რაც კედლის მხატვრობისა და მოზაიკის გადარჩენისთვის ძალზე საჭიროა. ჩვენ მოგვეცა საშუალება თავად ჩავსულიყავით გელათში და გავსაუბრებოდით მამა კირიონს, რომელმაც მსოფლიო დონის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ყველაფერი ნულიდან დაიწყო.
- მამაო, ძეგლის რეაბილიტაციაზე ჩვენს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა.
- როდესაც ჩვენმა ეკლესიამ ხელი მოჰკიდა გელათის რეაბილიტაციის პროექტს, ვიცოდით, რამხელა პასუხისმგებლობა ვიკისრეთ. ეს პროექტი ჩუმად და იოლად რომ არ გაკეთდებოდა, ამისთვის მზად ვიყავით.
- მით უმეტეს, ამ მასშტაბის პროექტია.
- დიახ, და თან, პოლიტიკური ნაწილიც დიდი იყო გელათის კონსერვაციის პროცესში. ამხელა პროექტი საქართველოში ჯერ არც განხორციელებულა, სრული დასავლეთევროპული სტანდარტით და ამის პარალელურად არის მუდმივი ინტრიგები, ცდა, რომ ეს უზარმაზარი შრომა დაამცრონ, რათა საზოგადოებაში დანერგონ ნიჰილიზმი, ეს ძალზე გულდასაწყვეტია. გული გვტკივა, ის, რაც არ გაკეთებულა საქართველოში კი არა, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპაში, ის კეთდებოდეს დღეს გელათში და ვერ ხედავდე, უსინდისობაა. ამას ქართველები ვაკეთებთ. მერე რა, რომ გერმანელები მუშაობენ ფიზიკურად, მერე რა, რომ ინჟინერი გერმანელია? ნაცვლად იმისა, გვიხაროდეს, რომ ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის მოვლისთვის ამხელა ნაბიჯი გადავდგით, პირიქით ხდება.
- როგორც ვიცით, ამ ყველაფრის სათავეში მისი უწმინდესობა დგას...
- დიახ, მისი ლოცვა-კურთხევით კეთდება ყველაფერი. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ეკლესიისათვის, ეს არ არის იოლი.
როცა პატრიარქისგან მივიღეთ კურთხევა, შეიქმნა საბჭო და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. უწმინდესს გამუდმებით ვაწვდით ინფორმაციას. ის ისეთი ადამიანია, რომ რაზეც კურთხევას იძლევა, იმ საქმეს ბოლომდე მიჰყვება. რომ გგონია, თითქოს რაღაც აღარ ახსოვს, აუცილებლად გკითხავს და ჩაეძიება ყველაფერს. რამდენიმე დღის წინ ვიყავი მასთან და მოვუყევი სიახლეები. ის გისმენს და თუ კითხვა დაებადება, აუცილებლად გკითხავს. მისი მითითება ყოველთვის ასეთია: "იფრთხილეთ, არ იჩქაროთ და ყველაფერს დაუკვირდით".
- მამაო, უამრავი უცხოელი სპეციალისტი გყავთ მოწვეული ამ პროექტში. ხომ არ გააცნობთ მათ საზოგადოებას?
- პროექტის არქიტექტორია ბატონი ვახტანგ ზესაშვილი, ინჟინრულ-სტრუქტურული პროექტის ხელმძღვანელი - ფოლკერ კნობლოხი. ბატონ კნობლოხთან ერთად პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართველი ინჟინრები, ზურაბ ოქროშიძე და დავით ქევანიშვილი, ასევე კომპანია "ლეიერის" სტრუქტურის ინჟინრები. მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელია მსოფლიოში აღიარებული გერმანული კომპანია. ჩვენთან მუშაობენ ასევე მოწინავე გერმანული კომპანია "ქუადრექსის" მშენებელი ინჟინრები. ეს არის არქიტექტურული, სტრუქტურული და ინჟინრული პროექტი. გარდა ამისა, ამ სამ კონცეპტუალურ პროექტს ახლავს 933 გვერდი კონსტრუქციული გათვლები. მაგრამ ზოგიერთი მაინც ჯიუტად გაიძახის, ეს პროექტი არ არისო. კომპანიასთან, რომელიც გელათის გადახურვაზე მუშაობს, ხელშეკრულება 3 მაისს გავაფორმეთ. ვიყავით 487-ე სიაში. მათ 5 ტოპ-ინჟინერ-მენეჯერი ჰყავთ, მათ შორის, ყველაზე გამოცდილია მენეჯერი ტობიასი და სწორედ ის გამოუშვეს ჩვენთან სამუშაოდ, რადგან გელათი რთული ნაგებობაა. ბატონ ტობიასს გაუკვირდა კიდეც, მსოფლიოში არ ყოფილა ამხელა გადახურვაო. არადა, ამბობენ, არაფერი ხდებაო. ჩვენ დავდეთ კიდეც ჩვენს ვებგვერდზე არქიტექტურული და სტრუქტურული ნაწილი. ყოველივე ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვება მთავარი ფიგურა, გერმანელი ინჟინერი ფოლკერ კნობლოხი, რომელიც 27 ინოვაციის ავტორია. მატერია, რომლითაც ტაძარი გადავხურეთ, 21 მეგა-პასკალ ქარს და წნევას უძლებს. ჩვენ წინასწარ გამოვითხოვეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ინფორმაცია, თუ რა სიმძლავრის ქარი იცის ქუთაისის რეგიონში. ყველაზე ძლიერი ქარი დაფიქსირდა 1978 წელს - 0, 90 მეგა-პასკალი ანუ 1 პასკალიც არ არის. წარმოიდგინეთ, რა სიმძლავრის მატერიით ვხურავთ სახურავს!
- დაახლოებით როდის დამთავრდება გადახურვა?
- ნოემბრის ბოლოს. ერთი ფაზაა ტაძრის გადახურვა გუმბათქვეშ, ხოლო მეორე - თავად გადახურვა გუმბათისა, რაც ტაძარში ძალოვანი ხარაჩოს დადგმას საჭიროებს. იცით, როცა მეკითხებიან, ამდენ ხანს რას შვრებითო, გული მისკდება. წარმოდგენა არა აქვთ, ეს რამხელა მასშტაბურ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ, საქმეში ამ დიდი გუნდის ჩართულობამ მარტივად გადაგვაწყვეტინა ურთულესი საკითხები. დროებითი გადახურვა შენობას 100 პროცენტით დაიცავს წვიმისაგან.
- შემდეგ რა ეტაპზე გადახვალთ?
- შემდეგ არსებული სახურავები უნდა ავხსნათ. ჯერ თუნუქის დამცავი ფენები აიხსნება, მერე კრამიტი და ყველაფერი უნდა ამოსუფთავდეს. რაც გაკეთდა, ყოველივე ამის მიზანი იყო გელათის ე.წ. რკინის ქოლგის ქვეშ მოქცევა. რომც იწვიმოს ან ითოვოს, ხელი აღარ შეგვეშლება შიდა სამუშაოებში.
„სამეცნიერო კვლევების გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება“
დავით ლორთქიფანიძე, საზოგადოება "ივერიისას" ქტიტორთა სათათბიროს წევრი, აკადემიკოსი: - დასავლეთში რეპუტაციას დიდ ყურადღებას აქცევენ და აქ მომუშავე სამივე კომპანია არ გაიფუჭებს სახელს.
ასეთ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივია ნებისმიერი ქართველისთვის, მით უმეტეს, მეცნიერისათვის. ამ პროცესში საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით ჩავერთე. საზოგადოება "ივერიისამ" დააფინანსა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ვებგვერდის შექმნა, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე აფინანსებს ფრანგი არქიტექტორების მონაწილეობით შედგენილ გელათის გენერალურ გეგმას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ვაკეთებთ: რაც მთავარია, გელათი 100 პროცენტით დაცული იქნება წვიმისგან და მეორე - აქ უკვე მშვიდად შეიძლება მუშაობა. მოგვეცემა კვლევის საშუალება, თუ რა მასალაა გამოყენებული და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ მუდმივ გადახურვაზე.
- მხატვრობას რა ბედი ელის?
- საქმე ის არის, რომ ნესტი ინტერიერისკენ წავიდა, გაააქტიურა მარილები და დაიწყო მარილების ზემოქმედება მხატვრობაზე.
11 სინჯი ავიღეთ და დადგინდა, რომ გელათში 10 ტიპის მარილია. ეს მთავარი დამაზიანებელი ფაქტორია. ის ძრავს ფერწერის ფენებს და აფხვიერებს ნალესობას, აზიანებს ფრესკებს. წინ კიდევ უამრავი კვლევაა, რაც მთავარია, ამ სახის გადახურვით, ფაქტობრივად, ძეგლი გადარჩენილია. სამეცნიერო კვლევების გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება. თავის მხრივ, ჯგუფი, რომელიც მუშაობს კედლის მხატვრობაზე, ატარებს კვლევებს. ამ პროცესში ასევე ჩართულია იტალიელ სპეციალისტთა ჯგუფიც.
ჩემი ვარაუდით, გაისად გელათი მნახველებს ლიმიტირებული საათებით მიიღებს, რათა მხატვრებს ხელი არ შეეშალოთ. გელათი ჩვენი იდენტობის ფუნდამენტია - იდენტობა, მასში გაერთიანებული ჩვენი ცოდნა და რწმენა. ის ქართველებისთვის ღირსებისა და სიამაყის სიმბოლოა.
რუსუდან შაიშმელაშვილი