"მისი დანახვაც არ მინდა... მინდა რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის და?
კესარია აბრამიძე დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. უამრავ ადამიანთან ერთად მის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა. კესარია აბრამიძის და "რუსთავი 2"-თან ბექა ჯაიანზე საუბრობს, რომელიც აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
"სულ უნდოდა ჩემ დას წავეყვანე სადმე გადაცემაში, გვესაუბრა ჩვენს დობაზე და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ვერ წარმომედგინა, რომ მას რამე დაემართებოდა.
მისი დანახვაც არ მინდა... მის სახელსაც კი არ ვახსენებ. მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი. გავიგე, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება და უნდა ვთქვა, რომ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, არც მისი სიკვდილი მინდა. მინდა რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - ამბობს კესარია აბრამიძის და.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვიდეო: "რუსთავი 2"