"წარმოიდგინეთ, რომ ამერიკული ქალაქები ჩინური რაკეტებით იბომბება" - "მზად არის თუ არა დასავლეთი, რომ  უკრაინის მხარეს ომში ჩაებას?" - კვირის პალიტრა

"წარმოიდგინეთ, რომ ამერიკული ქალაქები ჩინური რაკეტებით იბომბება" - "მზად არის თუ არა დასავლეთი, რომ  უკრაინის მხარეს ომში ჩაებას?"

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ნიუ სტეიტსმენში“ (The New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „მზად არის თუ არა დასავლეთი, რომ უკრაინის მხარეს ომში ჩაებას?“ (ავტორი - ბრუნო მასაეში), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ზოგიერთი გარემოებაა განხილული - კერძოდ, რა საფრთხე ელოდება მსოფლიოს, თუ აშშ სრულ ნებას მისცემს უკრაინას, დასავლური იარაღით რუსეთის ღრმა ზურგის ობიექტები დაბომბოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთ ამერიკულ ქალაქზე ციდან ჩინური რაკეტები ცვივა და მართალია, ისინი ჩინეთის არმიის მიერ არ არიან გაშვებულნი, მაგრამ ბოროტმზრახველებს ასე სურთ წარმოაჩინონ. გვაქვს თუ არა უფლება ამ დროს, ვთქვათ, რომ ჩინეთი აშშ-სთან ომის მდგომარეობაში იმყოფება? ძნელია იმის დაჯერება, რომ ვაშინგტონი სხვაგვარად იფიქრებს.

ამიტომაც გაკვირვებას იწვევს შემდეგი ფაქტი: ბრიტანეთისა და ამერიკის მთავრობებიც ფიქრობენ, რომ უკრაინას ნება დართონ, რუსეთს იმ ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით დაარტყას, რომლებიც კიევს თვითონ მისცეს და ამ დროს აცხადებენ, რომ რუსეთთან ომი არ უნდათ, ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა: - ჩვენ რუსეთთან არავითარი კონფლიქტი არ გვსურს, ეს ჩვენ ოდნავადაც განზრახული არ გვაქვს, გულშიც კი არ გაგვივლიაო.

რით შეიძლება აიხსნას ასეთი გეოპოლიტიკური მოკრძალება?

ერთ-ერთი მოსაზრებით, ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო, უკრაინის წინააღმდეგ, დასავლელი პარტნიორები კი კიევს მხოლოდ თავდაცვაში ეხმარებიან. ეს მომენტი გასაგებია, მაგრამ ამ დროს კეთილგანწყობას და სიბრალულს მნიშვნელობა არ აქვს: თუ ეხმარები, ესე იგი, გარკვეულ მონაწილეობას ომში მაინც იღებ.

მეორე მოსაზრება იმით გამოიხატება, რომ დასავლური იარაღით რუსეთზე დარტყმის განხორციელებაზე ლაპარაკი ახალი არ არის. თუ ვიფიქრებთ, რომ იარაღის მიწოდება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ომში ჩაბმის ტოლფასია, მაშინ დღეს მთელი მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთთან ომში უნდა იყვნენ ჩაბმულნი - კონფლიქტი ბევრგან ხდება და, შესაბამისად, დაპირისპირებულ მხარეებს იარაღს ვიღაც მუდმივად აწვდის. თანაც კითხვა იბადება - განა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ზურგში მდებარე ობიექტის დაბომბვა ფრონტზე სიტუაციას რადიკალურად შეცვლის?

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ასე თვლის, რომ შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები ამას მოწმობს: როცა 12 სექტემბერს დასავლურმა მასმედიამ ამ საკითხზე კითხვა დაუსვა, რუსმა ლიდერმა ისეთი ტონით უპასუხა, როგორიც დღემდე გაუგონარი იყო. მან, პირველად ომის დაწყებიდან, განაცხადა, რომ ეს იქნებოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ომში ჩაბმა [და მათ ორივეს კრემლი მტრად შერაცხავდა]. რასაკვირველია, ამ დროს ვლადიმერ პუტინი არა იმდენად საკითხის იურიდიული მხარეს გულისხმობდა, არამედ - პოლიტიკურ და სამხედრო რეალიებს. ბრიტანული რაკეტები - Storm Shadow-ები ძალიან ზუსტ იარაღს წარმოადგენს და უკრაინის მიერ მათი გამოყენების დროს ლონდონი პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი კრემლის მიმართ პოზიტიურად არ ვართ განწყობილნი, იძულებულები ვართ, ვაღიაროთ: ვლადიმერ პუტინი მეტ-ნაკლებად მართალია. ისინი, ვინც ითხოვენ, რომ უკრაინას ნება უნდა მიეცეს, რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული სამიზნე-ობიექტები გაანადგუროსო, ამას სწორედ იმიტომ აკეთებენ, კონფლიქტის ახალ ფაზაში გადასვლა სურთ. ეს არის ომის ესკალაციის მცდელობა, ლონდონისა და ვაშინგტონის მხრიდან. ვლადიმერ პუტინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება, ამიტომ მას არ შეუძლია, უყურადღებოდ დატოვოს საკითხი, მას რეაგირება მოუწევს, თუ საფრთხე რეალური იქნება. მასაც ხომ სურს თავის გადარჩენა...

თუ დასავლეთი სრულ უფლებას მისცემს უკრაინას, რომ კიევმა რუსეთის ტერიტორია დასავლური რაკეტებით დაბომბოს, მაშინ, უეჭველია, რუსეთიც იმავენაირად უპასუხებს. მაგალითად, კრემლს სურვილი გაუჩნდება, ირანს და იემენელ ჰუსიტებს ჰიპერბგერითი რაკეტები მისცეს, რომლებსაც ისინი სპარსეთის ყურეში ან წითელ ზღვაში (ან მთლიანად ინდოეთის ოკეანის აკვატორიაში) მცურავი სამხედრო გემების - ავიამზიდების გასანადგურებლად გამოიყენებენ. არის თუ არა მზად დიდი ბრიტანეთი იმისათვის, რომ მის ერთ-ერთ ხომალდს იემენელი ჰუსიტების მიერ გასროლილი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა ჩაძირავს? ალბათ, მზად არ არის. ამიტომ პირველი ამოცანაა ლონდონი მოსკოვის ახალი შესაძლებლობებისათვის მოემზადოს, ხოლო მეორე ამოცანა - კარგად უნდა მოიფიქროს, თუ რომელი ახალი შეზღუდვა შეუძლია დააწესოს, ძველის უარყოფის შემთხვევაში.

წყარო