ემუქრება თუ არა საქართველოს სამთავრობო კრიზისი 26 ოქტომბრის შემდეგ და რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები?!
ემუქრება თუ არა საქართველოს სამთავრობო კრიზისი 26 ოქტომბრის შემდეგ, დაინიშნება თუ არა რიგგარშე არჩევნები, რა შემთხვევაში მოიგებს "ოცნება" და რა შემთხვევაში ოპოზიცია?! - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" ისაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, ჩვენი სასაუბრო თემა არის ხაზარაძესა და გახარიას შორის ვერშემდგარი "პოლიტიკური ქორიწინება". თქვენი შეფასებით, რამდენად საშური საქმე იყო ეს?
- გაერთიანება რომ შემდგარიყო, იქნებოდა უფრო კარგი, ვიდრე - ცუდი. პირველ რიგში, მოიხსნებოდა, 5%-ის გადალახვასთან დაკავშირებული კითხვები - ვფიქრობ, უფრო მეტ პროცენტს მიიღებდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე გასვლის შემთხვევაში. ზოგადად, გაერთიანებებს სინერგიის ეფექტი აქვთ. ზოგჯერ სუბიექტები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ორივე კარგავს ელექტორატს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი საფრთხე არ იყო. სამწუხაროდ, გაერთიანება არ შედგა და ეს არ არის კარგი. წესით, ასეთი მგრძნობიარე საკითხის გადაწყვეტის წინ, ორივე მხარეს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაემართა იმისათვის, რომ დაწყებული განაცხადი - ჩვენ ვაპირებთ ერთად ყოფნას, არ დამთავრებულიყო ისე, როგორც დამთავრდა, ვინაიდან ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ფლუსტრაცია. გამიჭირდება იმის თქმა, საზოგადოების რა ნაწილში გამოიწვია ამ შეთანხმების ჩაშლამ გულგატეხილობა და რა ტიპის ზიანს მიიღებენ ხაზარაძისა და გახარიას პარტიები. არ არის გამორიცხული, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ელექტორატიც დაკარგოს, მაგრამ შესაძლოა, არც დაკარგოს.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს თემა ხომ პრეზიდენტმა შემოაგდო? შეცდომა ხომ არ დაუშვა პრეზიდენტმა?
- პრეზიდენტი წავიდა რისკსა და პროვოცირებაზე იმიტომ, რომ გაერთიანების დიდი სურვილი არ ჩანდა. შეიძლება პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ საკითხის გასაჯაროების შემთხვევაში, ორივე მხარე დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან. ვინაიდან, მოლაპარაკებაზე უარის თქმა ორივე მხარისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. ალბათ, სალომე ზურაბიშვილმა ივარაუდა, რომ თუ ორივე მხარეს დასვამდა მაგიდასთან, მერე გაერთიანებაც მოხერხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მოლოდინი არ გამართლდა. ახლა ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხი შესაბამისად არ იყო მომზადებული, მაგრამ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ვიტყოდით, - ნახეთ, რა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა პრეზიდენტმა, რისკზე წავიდა, მაგრამ დადებითი შედეგი მოიტანაო. ჩემი აზრით, ახლა უკვე სჯობს, შევეშვათ დამნაშავის ძიებას, რათა ორივე მხარემ და, ზოგადად, ოპოზიციამ ნაკლები ზიანი მიიღოს.
- ერთია, რომ ვერ ვერ თანმხდებიან, მაგრამ მეორეა ის, რომ შეთანხმების ჩაშლის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობენ...
- ეს არ არის გონივრული.
- თქვენ რა განცდა გაქვთ, ვინ ჩაშალა შეთანხმება?
- არ ვიცი. ზოგადად, ნებისმიერი მოლაპარაკების ჩაშლაში რაღაც წვლილი ორივე მხარეს მიუძღვის. შეიძლება ერთი მეტად იყო დამნაშავე, მეორე - ნაკლებად, მაგრამ ბრალი ორივეს აქვს. მოლაპარაკებების დაწყების წინ ორივე მხარე მზად უნდა იყოს კომპრომისისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკება დადებით შედეგს არ მოიტანს. ჩვენთან კომპრომისზე წასვლა ყოველთვის უჭირთ
- ადრე „ლელოს“ და „ახალს“ ჰქონდა გაერთიანების მცდელობა და ისიც არ გამოვიდა.
- არ გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად დასრულდა.
- მშვიდობიანად კი დასრულდა, მაგრამ... პოლიტიკოსები ერთმანეთს ეუბნებიან, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, ამ არჩევნებში წყდება საქართველოს ბედი, გადაწყდება, ევროპაში წავალთ თუ რუსეთის უკანა ეზოში დავბრუნდებით, ამიტომ ყველაფერი უნდა გადადოთ და არჩევნებზე მოხვიდეთ. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, თავად ვერაფერიც ვერ გადადეს გვერდზე. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, თავად რატომ ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას?
- სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოლაპარაკებებს წინასწარი მომზადება სჭირდებოდა. შესაძლოა, ეს პოლიტიკური გამოუცდელობის გამო დაემართათ, შესაძლოა, საზოგადოებას რომ ეუბნებოდნენ, გარდამტეხია არჩევნები ქვეყნის ცხოვრებაშიო, თავადაც დაიჯერეს, ტემპერატურა ასწიეს და ვეღარ ასწიეს, რაღაცები გვერდზე ვეღარ გადასდეს. დიდი მოლოდინის შემდეგ დიდი ვარდნა ძალიან მტკივნეულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტემპერატურა ძალიან მაღლა არ უნდა ასწიო, რათა დაცემისას არ დაზიანდე.
- ამ ყველაფრის შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა: ახლა თუ ვერ მოილაპარაკეს, არჩევნების მოგების შემთხვევაში როგორ შეთანხმდებიან კოალიციაზე, მთავრობაზე, აქ თუ ვერ დაძლიეს ამბიციები, მერე დაძლევენ?
- იქ ასეთი საფრთხე ნაკლებია. წარმოვიდგინოთ, მე და თქვენ საარჩევნო სუბიექტები ვართ და ორივეს გვაქვს იმის საფრთხე, რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადავლახავთ და ვერ შევალთ პარლამენტში. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გაერთიანების სტიმული უფრო მაღალია. მაშინ კი, როდესაც მე და თქვენ გარანტირებული გვაქვს პარლამენტში შესვლა, ეს სტიმული მცირდება და ვფიქრობთ იმას, მოდი, ჯერ პარლამენტში შევიდეთ და მერე ვნახოთ... ახლავე თუ დავიწყე დათმობები, მერე იქნებ მე უფრო ნაკლები წილით შევიდე პარლამენტში, ვიდრე - მარტო რომ გავსულიყავი. არის ასეთი გათვლებიც.
- წარმოვიდგინოთ, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო უმრავლესობა და ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ რაღაცაზე. იქაც ხომ დაიწყება ასეთი გაუგებრობა?
- ნახეთ, იქ სხვა სტიმულია. თქვენ, მე, პეტრემ და პავლემ თუ ვერ მოვილაპარაკეთ და უმრავლესობის შექმნაზე ვერ შევთანხმდით, მაშინ პარლამენტი დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. რიგგარეშე არჩევნებზე კი რა გარანტია გაქვს, რომ ისევ გადალახავ ზღვარს და ისევ შეხვალ? გარდა ამისა, რიგგარეშე არჩევნები ფინანსურად იმდენივე დაჯდება, რაც მორიგი არჩევნები დაჯდა, ე.ი. ორმაგი ხარჯი დაუჯდებათ. ამის აწევა ოპოზიციური პარტიებისთვის იოლი ნამდვილად არ იქნება.
- მე მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ორი პრეცედენტი გვქონდა - „ლელო“ და „ახლები“ უნდა შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ, როგორც ამბობენ, იქ პრემიერ-მინისტრის თემა იყო, გახარია-ხაზარაძის შემთხვევაშიც ათასი თემა გამოჩნდა...
- მესმის, მაგრამ ყველასათვის უკეთესი იქნება, თუ ყველა თავის საქმეს მიხედავს და ამ საკითხზე საუბარი შეწყდება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში უფრო ადვილი იქნება შეთანხმება, ვიდრე - ახლა, არჩევნებამდე.
- დავუშვათ, პირველი მოლაპარაკებისას ვერ დააკომპლექტეს მთავრობა, შემდეგ როგორ გრძელდება პროცესი?
- პროცედურები ასეთია - როდესაც პარლამენტი შეიკრიბება და საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს, შემდეგ, ერთკვირიან ვადაში, პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ (დიდი ალბათობით, „ქართულმა ოცნებამ“) პრემიერობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი ამ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. პრემიერობის კანდიდატმა უნდა შეადგინოს მთავრობის შემადგენლობა, სამთავრობო პროგრამა და წარუდგინოს პარლამენტს. ამის შემდეგ კენჭი უნდა ეყაროს მთავრობის ნდობას. დიდი ალბათობით, „ოცნება“ ნდობას ვერ მიიღებს. ამის შემდეგ, ორკვირიან ვადაში, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მესამედმა ან მეტმა უნდა წარადგინოს პრემიერობის სხვა კანდიდატი. ამ კანდიდატმა უნდა წარადგინოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა (რადგან ერთ მესამედზე მეტია, აქ შესაძლებელია, გამოჩნდეს პრემიერობის ორი კანდიდატი. თუმცა ამის ალბათობა დაბალია, ჩვეულებრივ, ერთი კანდიდატის წარდგინება ხდება ხოლმე). ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, ოპოზიციაში როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი. არ არის გადმორიცხული, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ერთი კანდიდატი წარადგინოს, მეორე ნაწილმა - მეორე კანდიდატი, მაგრამ პარლამენტის ერთსა და იმავე წევრს არ შეუძლია, ხელი მოაწეროს ორივე კანდიდატის წარდგენას. შემდეგ მათ უნდა ეყაროთ კენჭი. თუ ამ კანდიდატის წარდგენილი მთავრობა მიიღებს მხარდაჭერას ანუ 76 ხმას, მორჩა, ეგ არის!
- ასეთი სცენარი განვიხილოთ: "ოცნების" კანდიდატი ჩავარდა, მაგრამ ოპოზიციაც ვერ შეთანხმდა ერთ კანდიდატზე და ხმები ორად გაიყო.
- ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი ვალდებულია, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს არაუგვიანეს ორი თვისა. ეს არის იმპერატიული ვალდებულება. ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება, ეს პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას. მთავრობა ვინ იქნება? - დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ანუ ვინც აქამდე იყო.
- ე.ი. „ოცნება“ დარჩება?
- დიახ.
- როგორც გახარიამ განაცხადა, ხაზარაძეს წაუყენა პირობა, რომ არც „ნაციონალებს“ შეუქმნის მთავრობას და არც „ოცნებას“. ეს მათემატიკურად არ გამოდის, „ოცნება“ 35%, მაქსიმუმ 40%-ს მაინც მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ს. ერთად 60 ან 55% მაინც გამოუვათ.
_ თუ „ქართულმა ოცნებამ“ და 5-მა ნომერმა ჯამში 50%-ზე მეტი მიიღეს, ოპოზიცია ვერ შექმნის უმრავლესობას ერთ-ერთის გარეშე, მაგრამ თუ ჯამში 50%-ზე ნაკლები მიიღეს, მაშინ შესაძლებელია.
- ამის შანსი ხომ ნაკლებია?
- დიახ, ნაკლებია.
- ამიტომ ერთ-ერთთან უნდა შექმნა კოალიცია და გახარიას პირობა უცნაურია.
- ვთქვათ, შეთანხმებული იყვნენ გახარია და ხაზარაძე, რომ არც „ნაცებთან“ და არც „ოცნებასთან“ არ შექმნიან უმრავლესობას და შემდეგ დალაგდა შედეგები, იმის მსგავსად, როგორც „ედისონ რისერჩის“ ბოლო გამოკითხვისას იყო. მაშინ ასეთი შეთანხმების შედეგი რა იქნება, იცით? - ის, რომ რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს, რაც ჩემი აზრით, გონივრულია.
- მეორე ვარიანტი ის არის, რომ „ოცნება“ დაიშალოს და ამ პარტიის წევრები გადმობარგდნენ სხვა პარტიებში?
- კი, ასეთი შემთხვევა არა ერთხელ მომხდარა.
- კი, მაგრამ, რომ არ დაიშალოს, მერე რას შვრები, ან ვისთან ერთად იღებ კანონებს, იმათთან ერთად, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა?
- ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნებამდე ასეთი მკვეთრი და რადიკალური განცხადებების გაკეთება არარაციონალურია. ზოგჯერ, არჩევნებამდე ორი, სამი დღით ადრე რაღაც ისეთი ხდება, რაც მკვეთრად ცვლის ამომრჩევლის განწყობას. ჩვენ მხოლოდ ალბათობაზე მსჯელობა შეგვიძლია, რა ალბათობაა, რომ ასე ან ისე მოხდება, მაგრამ შესაძლო შეთანხმების წინასწარ განჭვრეტა გონივრული არ არის.
- გახარია ისეთი ამომრჩევლის მიმხრობას ცდილობს, ვისაც არც „ოცნება" მოსწონს, არც „ნაცმოძრაობა", მაგრამ შემდეგ ხომ მოგიწევს ვიღაცასთან შეთანხმება და შენი ამომრჩეველი ხომ მოტყუებულად იგრძნობს თავს?!
- შეიძლება, ეს ნაკლებად აწუხებს, არ ვიცი.... მე ვიცი ერთი რამ, ჩემთვის პირადად პრინციპულია - „დასავლეთი თუ რუსეთი“...
- ვიღაცისთვის „ნაცმოძრაობა" პრინციპულად მიუღებელია.
- დიახ, მაგრამ „ნაცების“ ხელისუფლების დასრულების შემდეგ 12 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში კი ყველაფერი, მათ შორის - ადამიანებიც, იცვლებიან.
- „ნაციონალურ მოძრაობას“, მიშას ეტყობა, რომ შეიცვალა?
- კი, ეტყობა. აბა გაიხსენეთ, რა ხდებოდა 11, 12 წლის წინ. თუ დააკვირდებით, განსხვავებას აშკარად დაინახავთ. ამიტომ თუ რაიმე პრინციპული არ არის, მოქმედების არეალი არ უნდა შეიზღუდო. რაც მეტად შეიზღუდავ, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდები და ვეღარ მოახერხებ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას.
- კიდევ ერთი საკითხი განვიხილოთ, პროცედურებთან დაკავშირებით. ხშირად ისმის კითხვები იმ პარტიების მანდატებთან დაკავშირებით, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. კანონში საკმაოდ უცნაურად არის განმარტებული. იქ წერია, რომ ამ მანდატების რაოდენობა ანგარიშდება ასე - მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა იმ პარტიების საერთო რაოდენობაზე, ვინც გადალახა ბარიერი და საბოლოოდ მანდატები თითქმის აღარ რჩება.
- როცა დაკარგული ხმების პროცენტი მცირეა (ახლა, მაგალითად, „ედისონ რისერჩის“ კვლევით, დაკარგული ხმების რაოდენობა 5 თუ 6% გამოდის), გაუნაწილებელი მანდატი, რომელიც დაკარგულ ხმებს უნდა წაეღო, შეიძლება იყოს ორიდან ოთხამდე.
- ე.ი. არასწორია საუბრები იმის შესახებ, რომ იმ პარტიების ხმები, ვინც ბარიერს ვერ გადალახავს, „ოცნების“ ჯიბეში წავა...
- არა, რა თქმა უნდა. წარმოვიდგინოთ, რომ დაიკარგა ხმების 10%. ვინც ბარიერი გადალახა, მათი ხმები 90%-ია. ეს 10% პროპორციულად ნაწილდება მათ შორის, ვინ ბარიერი გადალახა. შესაბამისად, თუ ოცნებამ მიიღო 35% და ოპოზიციამ - 55 %, მაშინ ამ 10 პროცენტიდან ანუ 15 მანდატიდან ერთ მესამედს „ოცნება“, ორ მესამედს კი - ოპოზიცია წაიღებს.
- შესაბამისად, მართალი არ არის მოსაზრება, რომ გადაულახავი მანდატებით "ოცნება" ისარგებლებს.
- ისარგებლებს ის, ვისაც მეტი ხმა ექნება. თუ „ოცნებამ“ იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მთელმა ოპოზიციამ, ჯამურად, მაშინ, რა თქმა უნდა, ისარგებელებს.
- რამდენი პროცენტი ჰყოფნის „ოცნებას“ იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს? ეს ერთ-ერთი საინტერესო საკითხია, იმიტომ, რომ ამ გადაულახავი პარტიების ხმები თუ დაემატება, მაშინ 50% აღარ სჭირდება.
- ეს არის დამოკიდებული იმაზე, ხმების რამდენი პროცენტი დაიკარგება. წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: ვთქვათ, დაკარგული ხმების რაოდენობა 20%-ია...
- ეს ბევრია.
- კი, მაგრამ საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხმების 50% დაიკარგა. ეს იყო 1995 წელს. მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 40%, დაკარგულია 20%. უნდა ვიანგარიშოთ ასე - 40 უნდა გავყოთ 0,8 მეათედზე, ეს იქნება 50. ე.ი. ასეთ შემთხვევაში, "ოცნება" მიიღებს 75 მანდატს და იქ რომ მეათედებით დაგროვდება, გაუნაწილებელი მანდატები, იქიდანაც შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი მანდატი. 75-ს მივუმატოთ ერთი მანდატი არის 76. ეს რას ნიშნავს? თუ არჩევნებზე 40%-ზე ნაკლები მიიღო, მაშინ დაკარგული ხმების რაოდენობა 20%-ზე მეტი უნდა იყოს, უმრავლესობის დაკომპლექტება რომ შეძლოს.
- იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციაში რაღაც ტიპის, დიდი თუ არა, პატარა გაერთიანებები მაინც შეიქმნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხმების 20% არ დაიკარგება. თუ ხმების მხოლოდ 10% დაიკარგა, „ოცნებას“ არჩევნებში მიღებული 40% არ ჰყოფნის. 45% თუ აიღო?
- 40% აღებული და 20 % დაკარგული იძლევა ისეთივე შედეგს, როგორსაც მიღებული 45% და დაკარგული 10%. მაგრამ „ოცნების“ 45%-ის მიღება ზღაპრად მიმაჩნია.
- ყველა წინა არჩევნებზე მოახერხა 45%-ის აღება. ყოფილა შემთხვევები, რომ 46, 47, 48 პროცენტიც აუღია.
- კი, მაგრამ ახლა ვეღარ მოახერხებს. „ოცნება“ ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ საკუთარ თავს აზიანებს. თუნდაც გორში გაკეთებული და შემდეგ რუსთავში გამეორებული ბოლო განცხადება გავიხსენოთ. ე.ი. პირდაპირ საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის ომში. ამან თავად „ოცნებას“ დაარტყა.
- 2020 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ 900 000 ხმა აიღო. მთავარია, ხალხმა იცოდეს, რომ რაც მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით ნაკლებ პროცენტს მიიღებს „ოცნება“.
- რა თქმა უნდა. მმართველ პარტიას ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი. ხელისუფლების მხარდამჭერები არჩევნებზე მიჰყავთ. ყველა დანარჩენი, ვინც საკუთარი ნებით მივა, „ქართული ოცნების“ მომხრე არ არის. ამიტომ, რაც მეტი მივა, უფრო ნაკლები იქნება „ოცნების“ ხმების პროცენტული მაჩვენებელი.
- იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე 2 მილიონი ადამიანი მივა, „ქართული ოცნების“ 900 000 ამომრჩევლის ხმა იქნება 45%. ე.ი არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს.
- დიახ, მაგრამ მე ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ 900 000 ხმას ვეღარ მიიღებს და იმასაც ვფიქრობ, რომ არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ადამიანი მივა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, არასოდეს ყოფილა ისეთი აქტიურობა ემიგრანტებში, როგორიც ახლაა. მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე დგება.
- წინა არჩევნებზე მონაწილე ემიგრანტების რაოდენობა 30 000-საც არ გადასცა.
- თქვენ თუ გახსოვთ, 2012 წელს სააკაშვილმა თურქეთის მოქალაქე ლაზების დიდ ნაწილს მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა. თქვენ იცით, რომ ლაზებმა დაიწყეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა. მათ ამ დრომდე არასდროს მიუღიათ არჩევნებში მონაწილეობა.
- საინტერესოა... საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- საკმაოდ სანდო წყაროდან.
იხ. ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია გამოიწვევს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” და პარტია “ლელოს” გაერთიანების ჩაშლა საზოგადოებაში ნიჰილიზმს და შეიძლება თუ არა ამით ისარგებლოს “ქართულმა ოცნებამ” - ვახტანგ ხმალაძე სტუმრად “პოლიტ-ქალაქში”