ფრონტზე ვითარება დაიძაბა - უკრაინელები რუსეთში სხვა მხრიდანაც შეიჭრნენ, თუმცა უგლედარში მათ ალყა ემუქრებათ - კვირის პალიტრა

ფრონტზე ვითარება დაიძაბა - უკრაინელები რუსეთში სხვა მხრიდანაც შეიჭრნენ, თუმცა უგლედარში მათ ალყა ემუქრებათ

უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ჯარების 95-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის დანაყოფებმა ჯავშანტექნიკასთან ერთად, შეძლეს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გარღვევა კურსკის ოლქის სხვა მონაკვეთზეც...

ბოლო დღეებში ეს უკვე მეორე წარმატებული მცდელობაა რუსეთის საზღვრის გარღვევისა კურკის ოლქის მონაკვეთზე, რომელიც დაცილებულია იმ ადგილებიდან, სადაც უკრაინის არმია ჯერ კიდევ 6 აგვისტოს შეიჭრა და მეშვიდე კვირაა ოკუპირებული აქვს რუსეთის ტერიტორიის ნაწილი...

რუსეთის საზღვრის ახალი გარღვევის ზუსტ კოორდინატებს უკრაინის გენშტაბი ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს, თუმცა ავრცელებს სადაზვერვო დრონიდან გადაღებულ ეფექტურ ვიდეოკადრებს, რომელზეც მოჩანს, თუ როგორ იჭრება რუსეთის საზღვარზე უკრაინელი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ჯავშანტექნიკა, როგორ ახორციელებს დისტანციურ განაღმვას და ტანკებით როგორ ანადგურებს რუსულ თავდაცვით პოსტს...

1-ugledari-1727085766.png
ასე გამოიყურებოდა უკრაინული უგლედარი ომის დაწყებამდე კოსმოსიდან...

რუსეთის საზღვრის კიდევ ერთ მონაკვეთზე გარღვევას შეიძლება წმინდა სამხედრო მნიშვნელობის გარდა, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს, რადგან უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში და იქ მაღალი დონის შეხვედრებზე ეცდება დაუმტკიცოს დასავლეთელ პოლიტიკოსებს, რომ მაშინ,როდესაც კიევს ძალიან უჭირს უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, რატომ უტევს და იჭრება რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმია...

2-ugledari-1727085767.png
DeepState ოპერატიულ რუკაზეც კარგად ჩანს ის 90 გრადუსიანი „მოსახვევი“, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტების შეერთების ადგილზე,სწორედ უგლედართან წარმოიქმნა...

აღმოსავლეთ ფრონტზე კი უკრაინის დამცველების მდგომარეობას სახარბიელო მართლაც ვერ დაერქმევა-რუსეთის საოკუპაციო ძალები სამი-ოთხი ძირითადი მიმართულებით განუწყვეტლივ აგრძელებენ შეტევებს და პოკროვსკის გარდა, ძალზე კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა უგლედართანაც...

უგლედარი პატარა უკრაინული ქალაქია დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონში და სხვა დროს არ მიიქცევდა დიდ ყურადღებას, რომ არა თავად ფრონტის ხაზის ოპერატიული მდგომარეობა, რომელიც სწორედ უგლედართან თითქმის 90 გრადუსიან „მოხვევას“ აკეთებს და ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ,ზაპოროჟიეს ოლქისკენ „მიისწრაფის“...

3-ugledari-1727085766.jpg
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინულ უგლედარს უტევენ როგორც აღმოსავლეთიდან, ისე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდანაც...

სწორედ ეს 90 გრადუსიანი „მოსახვევი“ დღეს დიდ პრობლემად გადაექცათ უკრაინის დამცველებს, რადგან მტერი უგლედარს უტევს როგორც აღმოსავლეთიდან, ისე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდანაც...

უგლედარის დაპყრობას რუსი ოკუპანტები ორი წელია, 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული,განსაკუთრებული სიჯიუტით ცდილობენ და დიდძალი ცოცხალი ძალაც შეაკლეს ამ იერიშებს, უგლედარის მისადგომები კი მოფენილია განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკით...

უგლედარის დაპყრობის ასეთი სურვილი რუსეთის გენშტაბს კი იმიტომ აქვს, რომ ეს 17 ათასიანი(რა თქმა უნდა, ომამდე) უკრაინული ქალაქი მაღლობზე მდებარეობს და ამასთან, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული, საიდანაც უკრაინელ მებრძოლებს უადვილდებათ უფრო შორ მანძილზე გააკონტროლონ ქალაქის მისადგომები და ამასთან, მიაყენონ ზუსტი საარტილერიო დარტყმები 18 კმ-ში გამავალ იმ სარკინიგზო ხაზს, რომლითაც რუსი ოკუპანტები აღმოსავლეთიდან სამხრეთ ფრონტზე და პირიქით, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის გადასროლას ცდილობენ...

აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტების გასაყარზე მდებარე უგლედარის დამცველებს ამ მომენტშიც უწევთ მოწინააღმდეგის მუდმივი შეტევების მოგერიება და არსებობს ძალიან დიდი საფრთხე ამ ქალაქის სრულ ალყაში მოქცევის, რაც კარგად ჩანს უკრაინული ინერნეტ-რესურსის DeepState ოპერატიულ რუკაზეც...

რუსეთის საზღვრის ახალი გარღვევის კადრები