ალიევი სომხეთს ემუქრება?! - "ჩვენთან შანტაჟის და ულტიმატუმების ენით საუბარი შეუძლებელია, ჩვენ მზად ვართ გავცეთ ნებისმიერი პასუხი"
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩვენ საგრძნობლად გავზარდეთ სამხედრო ძალა, შევქმენით ახალი შეიარაღებული ფორმირებები და რამდენჯერმე გავზარდეთ სპეციალური ძალების რაოდენობა. შეიქმნა ახალი სპეციალური დანაყოფები და სამეთაურო ძალები და მათი რიცხვი ყოველწლიურად გაიზრდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მეშვიდე მოწვევის მილი მეჯლისის პირველ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო მზადყოფნა გაიზარდა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება საჭირო დონეზეა.
„სომხეთმა და მის უკან მდგომმა ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენთან შანტაჟის და ულტიმატუმების ენით საუბარი შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ გავცეთ ნებისმიერი პასუხი - შეგვიძლია ეს და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ამისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, სომხეთში რევანშისტური ძალები იზრდება და ისინი უარს აცხადებენ „ყარაბაღის მეორე ომისა და ანტიტერორისტული ოპერაციის“ შედეგების მიღებაზე.
„სომხეთში რევანშისტური ძალები იზრდება. ეს არ არის მხოლოდ მარგინალური პოლიტიკური ელემენტები, არამედ სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც ამ აზრებითა და ილუზიებით ცხოვრობს. მათ არ სურთ შეეგუონ მეორე ყარაბაღის ომისა და ანტიტერორისტულ ოპერაციის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საჯაროდ სხვაგვარად გამოხატავენ, მათი ქმედებები, პოლიტიკა და ნაბიჯები სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევა“, - აღნიშნა ალიევმა.
"ინტერპრესნიუსი"