დევნილობიდან დიდ მეურნეობამდე - ახალგაზრდა ფერმერისა და მეურნის კრეატიული იდეები - კვირის პალიტრა

დევნილობიდან დიდ მეურნეობამდე - ახალგაზრდა ფერმერისა და მეურნის კრეატიული იდეები

22 წლის რატი კობერიძე სამაჩაბლოდან, სოფელ თამარაშენიდანაა. მშობლიური სოფელი 2008 წლის აგვისტოში, 6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად დატოვა. ამჟამად სოფელ წილკანში თავის ფერმაში ცხოვრობს, მუშაობს და აგროსფეროში დიდი გეგმები აქვს. სკოლის შემდეგ თსუ-ში ბიოტექნოლოგიებისა და გამოყენებითი მეცნიერებებს სწავლობდა, მაგრამ იმის გამო, რომ მუშაობა ფერმაში გადაწყვიტა, სწავლის დროებით შეჩერებამ მოუწია.

რატი კობერიძე:

- 2008 წლის შემდეგ დრო გავიდა, რაღაცები გადახარშულ-გააზრებული მაქვს, მაგრამ ემოციურად მაინც რთულია, უმძიმესი პერიოდები გამოვიარეთ. იქიდან ბევრი ტრავმა მაქვს შემორჩენილი, მათ შორის, ომის შიში... თავიდანვე ვგრძნობდი, რომ მიწადაკარგული ადამიანი ვიყავი - ადამიანი, რომელმაც თავის მიწა და სახლ-კარი დაკარგა. წაართვეს ადგილი, სადაც დაიბადა, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ და მასაც უნდა ეცხოვრა...

ჩვენს სოფელში მიწათმოქმედება კარგად იყო განვითარებული. ფერმაც გვქონდა, ბაღებიც, ვენახიც. წლების შემდეგ მოვინდომე მიწას დავბრუნებოდი და სოფლის მეურნეობაში თავი დამემკვიდრებინა.

ეს ბავშვობიდან გადავწყვიტე. სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ ვამბობდი, აგრონომი უნდა გამოვიდე-მეთქი. ამ ინტერესის გაღვივებაში როლი ჩემმა პაპებმაც ითამაშეს. ერთი აგრონომი იყო და მეორე - ჟურნალისტი, თოხი და ბარი ხელში არ აუღია, მაგრამ "ოქროს კალმის" მფლობელი გახლდათ და სულ მეუბნებოდა, აგრონომი უნდა გამოხვიდეო, მოტივაციას მაძლევდა.

მამაჩემი მიწას ყოველთვის ამუშავებდა, მეც ვეხმარებოდი და სამეურნეო საქმით დაინტერესება წლების განმავლობაში მიძლიერდებოდა.

c7074742-fafb-4cad-b5de-12a5ac19971b-1727116152.jpg

- დევნილობის შემდეგ მშობლებმა წილკანში მიწის ნაკვეთი შეიძინეს?

- კი, რვა წლის წინ, სადაც მამაჩემმა ხეხილის ბაღი გააშენა, ვაშლი და ქლიავი დარგო. მერე სხვა ნაკვეთიც შევიძინეთ, სადაც ტარხუნის მოყვანა ვცადეთ, მაგრამ ამ საქმემ დიდად არ გაამართლა. ორი წლის წინ აქ მამა საცხოვრებლად გადმოვიდა და ძროხა იყიდა. მე მაშინ უდაბნოში, ფერმაში დავიწყე მუშაობა, რათა ამ საქმის კიდევ რაღაცები მესწავლა. იქ ნუშის ბაღებია გაშენებული და რეგენერაციული აგრიკულტურის შემსწავლელ ჯგუფში ვიყავი, სადაც თან ვსწავლობდით რეგენერაციული აგრიკულტურის პრინციპებს და თან ვტესტავდით. შემდეგ ჩემს მიწაზე, წილკანში გადავწყვიტე მუშაობა, რათა ჩვენი ფერმა მეტად გამეფართოებინა და მამასთან ერთად გამევითარებინა. იმდენი საქმეა, ჩვენი ფერმისთვის ორი კაციც ცოტაა, მაგრამ მაინც შეღავათია.

- რას უვლით და რა მოგყავთ?

- 10 სული საქონელი გვყავს, 700 ფრთა ქათამი, 1 ჰექტარზე ხეხილის ბაღია. ორ კვირაში მარწყვის პლანტაციის გაშენებას ვიწყებ. ჩემი ინტერესის სფერო უფრო მცენარეებია, მაგრამ მთელი ჩემი მეურნეობის ბაზაზე სრული ეკოსისტემის შექმნა მინდა... საქონელი ჩვენს საძოვარზე გვყავს გაშვებული, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად არიან, ასეთივე პირობებში გვყავს ქათმებიც.

- 22 წლის ბიჭისთვის ამდენი საქმის ერთდროულად კეთება რთული არ არის?

- არ არის რთული. საერთოდ, მძიმე საქმეების კეთება არასდროს მეზარებოდა და მეთაკილებოდა, შრომა ბავშვობიდან მიყვარდა.

საქონელთან დაკავშირებით გათვლა, ძირითადად, მერძეულ მიმართულებაზე მაქვს - რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე, უმეტესად ყველის. ამასთან, თანმხლები პროდუქტია ხორციც - მაგალითად, მოზვერი რომ დაიბადება და გაიზრდება, იმას ხომ ვერ მოწველი?! მეფრინველეობაში კი კვერცხის წარმოებაზე ვარ ორიენტირებული.

ff15aca0-ad89-42b7-92a2-772fd93f2924-1727116152.jpg

- როგორია შენი ერთი დღე?

- დილის 6 საათიდან ვიწყებ შრომას: ქათმებს სიმინდს ვუყრი, დავხედავ კრუხს, კვერცხები ხომ არ გამოიჩეკა, შემდეგ ვაჭმევ ხბოს, მერე გადავდივარ ძროხებთან, მოვწველი და დავაპურებ. თუ შესაბამისი მასალა საკმარისად მაქვს, ყველის გაკეთებას ვიწყებ. სანამ ყველი შედგება, მანამდე სხვა საქმეზე ვინაცვლებ.

ახლა მარწყვის დარგვის წინა პერიოდი მაქვს. 1000 კვადრატზე, ღია გრუნტში უნდა დავრგო. ოთხი ჯიშის მარწყვი მექნება: ორი - რემოტანტული, წელიწადში რამდენიმე მოსავალს მოგვცემს, ორი ჯიში კი - წელიწადში ერთ მოსავალს. მინდა ეს ყველაფერი ბიოდინამიკურისა და ნატურალურის ნაზავი იყოს. გარემო თუ შესაძლებლობას მომცემს, ვეცდები, მოსავალი ბიოპრეპარატების გარეშეც მოვიყვანო. მაგრამ თუ პრობლემა გაჩნდა, ბიოპრეპარატსაც გამოვიყენებ. ის მიმართულება, რომელსაც ადრე მივდევდი, არანაირ პრეპარატს არ აღიარებს.

fc090283-b051-4cf1-b24a-505380a2ca5a-1727116152.jpg

- არც ბიოს და არც ქიმიურს?

- არა, მაგრამ თუ ამის საშუალება არ იქნება, თავდაცვის მიზნით ბიოპრეპარატების გამოყენება შეიძლება. მარწყვს ზაფხულში ნათელი ჩრდილი სჭირდება, რათა მზემ არ დაწვას. ინფრასტრუქტურა საშუალებას მაძლევს, რომ მოჩრდილვა ვაზის ხეივნით შევქმნა.

მეურნეობაში რომ ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობდეს, ამას განსაზღვრული ეკოსისტემა სჭირდება. მაგალითად, მამაჩემმა ვაშლის ბაღი რომ გააშენა, მონოკულტურული იყო. ისეთი ამერიკული ჯიშებია, რომლებიც ინდუსტრიული მეურნეობისთვის არის გამოყვანილი. ამიტომ შხამქიმიკატების გარეშე აქ შედეგის მიღება შეუძლებელია. სწორედ ამის გამო ახლა ამ მეურნეობის მთლიანად გადაკეთებას ვაპირებ, რადგან შხამქიმიკატებით მიღებული პროდუქციის როგორც საკვებად გამოყენება, ისე გაყიდვა ჩემთვის დაუშვებელია. მინდა ისეთი ეკოსისტემა შევქმნა, სადაც ცხოველებიც, ფრინველებიც და მცენარეებიც ერთობლივად იქნებიან და მთლიანად ჯანსაღი სისტემა შეიქმნება.

d8a50586-ee38-4880-8776-a8830980b67f-1727116151.jpg

- საინტერესო გეგმები გქონია.

- უმეტეს შემთხვევაში, როცა ამბობენ, რომ ნატურალური მეურნეობა აქვთ, ის, ძირითადად, არ არის ნატურალური, უბრალოდ, ხალხმა არ იცის, რას ნიშნავს ნატურალური პროდუქტი. ამიტომ მინდა მსურველებმა გაიგონ ნატურალურის არსი. ნატურალური მეურნეობაა, როცა პროდუქტს პრეპარატების გარეშე მივიღებთ. ვცდილობ, მოსავლის დიდი პროცენტი, პრეპარატების გარეშე იყოს. ვაპირებ ნუშის გაშენებასაც, რომელსაც აუცილებლად ქიმიური და ბიოპრეპარატების ჩარევის გარეშე მოვიყვან.

- თავისუფალი დრო თუ გრჩება?

- არის დღეები, როცა თავისუფალი დრო მრჩება, მაგრამ არის დღეები, ერთი წამიც არა მაქვს თავისუფალი. როცა მამა არ არის ფერმაში, აქედან ვერ გავდივარ. ზამთარში უფრო მოიძებნება ხოლმე დრო, მაგალითად, შარშან ხეზე ვმუშაობდი, მიყვარს ხისგან რაღაც ნივთების გაკეთება, მათ შორის, დანების. ჩემი ოცნებაა სამჭედლო მქონდეს.

- შენს მეგობრებში როგორ აღიქმება შენი ფერმერობა?

- მხარდაჭერით, პატივისცემით ვსარგებლობ. მაქვს შემოთავაზებები, - ჩამოვალ, დაგეხმარები ან მეც მასწავლეო... ჩემი ინტერესის სფერო ღვინის დაყენებაცაა და ეს დარგი კარგად რომ შევისწავლო, მეღვინე მეგობრებს საქმეში ვეხმარები. ერთგვარი ჰობივითაა - ვეხმარები ღვინის დაყენებაში, ყურძნის დაწურვაში, ბებიების დახმარებაც მიწევს ბაზალეთსა და წეროვანში, რომლებიც დევნილთა დასახლებებში ცხოვრობენ. ვკითხულობ შესაბამის ლიტერატურას, ინფორმაციას, რაც მჭირდება ან მომავალში დამჭირდება. სოციალურ ქსელში ვაქტიურობ და მსურველებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. მომავალ პოტენციურ კლიენტებს იმის ნახვა უნდა შეეძლოთ, რას როგორ ვაკეთებ. შესაძლოა ესა თუ ის ვიდეო ვინმესთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რაც ძალიან გამიხარდება.