"პუტინმა უკვე ბევრი რამ მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს მოიპარავს მსოფლიოს მომავალს"- ზელენსკის სიტყვა გაეროში
მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი მომავალი და მდგრადი განვითარება. მე ამას ვამბობ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელიც რუსეთის სასტიკ კოლონიალურ აგრესიას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ში, მომავლის სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენს შეიძლება მიაღწიოს გლობალურმა ერთიანობამ - როგორც აქ გაეროში, ასევე უკრაინის სამშვიდობო სამიტების მეშვეობით, სადაც ჩვენს მიზანს რუსეთისა და მისი თანამზრახველების დესტრუქციულობის დაძლევა წარმოადგენს. ჩვენ ახლა ვემზადებით მეორე სამშვიდობო სამიტისთვის, მივდივართ წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეტაპობრივად, მშვიდობის ფორმულის მიხედვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ამზადებს დოკუმენტს მეორე სამშვიდობო სამიტზე წარსადგენად.
„მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ერს, გააგრძელონ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერა სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლისთვის! პუტინმა უკვე ბევრი რამ მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს მოიპარავს მსოფლიოს მომავალს. დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
"ინტერპრესნიუსი"