"დიაგნოზი რომ გავიგე, პირველი ფიქრი იყო, რომ ვკვდები... თავისით მომდიოდა ცრემლები" - ხათუნა სამნიძე ცხოვრების რთულ პერიოდზე
რამდენიმე თვის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა სამნიძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა:
"ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძოლაში აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს..
ვერაგი დაავადებაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის და ამ ბრძოლაშია“ - თქვა ხათუნა სამნიძემ.
დეპუტატმა ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში დიაგნოზსა და რთულ პერიოდზე ისაუბრა:
"დიაგნოზი რომ გავიგე, პირველი ფიქრი იყო, რომ ვკვდები... ეს რომ მითხრა ექიმმა თავისით მომდიოდა ცრემლები და კითხვებს ვსვამდი უაზროდ.
გამოვიტირე თითქოს ეს ამბავი და მეორე დღიდან არ მიტირია, მივხვდი, რომ უნდა ვიბრძოლო. ამბობენ, რომ ჩუმი მკვლელიაო, მესამე სტადიამდე ქალი ვერ გრძნობს, მეც ვერ ვიგრძენი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩნე, რომ მეოთხე სტადიაში იყო" - ხათუნა სამნიძე დიაგნოზზე
ვიდეო: "მთავარი არხი"