ტრამპს, თურმე, სვანეთის მთებშიც ირჩევენ ანუ როგორ „ერევა“ საქართველო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში
არჩევნების წინ ამა თუ იმ ქვეყანაში და ბოლო პერიოდში - ჩვენს საქართველოშიც, ხშირად გაისმის ბრალდებები, რომ რომელიღაც უცხო ქვეყანა ფარულად ან სულაც - ღიად ერევა საარჩევნო კამპანიაში...
მაგრამ ის, რომ თავად საქართველოს ფაქტორი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ცოტა მოულოდნელად ჟღერს, თუმცა - ფაქტია...
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიის შტატის ამომრჩევლებისთვის "ფეისბუქში" განათავსა რეკლამა, რომელზეც დატანილია წარწერა: „დარეგისტრირდი, რომ ხმა მისცე ტრამპს“... საქართველოს სვანეთის ულამაზესი მთაგორიანი პეიზაჟის ფონზე...
რამდენად მისცემენ ხმას ამერიკელ ტრამპს ქართველი სვანები, ცოტა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ტრამპის შტაბის „გოგონა-დიზაინერებს“ (შეიძლება, სულაც, მამაკაციც იყო) შტატი Georgia, ქვეყანა Georgia-ში აერიათ და ინტერნეტის ფოტობანკ Shutterstock-იდან ამერიკული ჯორჯიის ცისფერი ხერგილის მთების ნაცვლად, საქართველოს სვანეთის მწვერვალების ძალზე შთამბეჭდავი ფოტო აირჩიეს, ჯორჯიელებისთვის ტრამპის პრეზიდენტად არჩევის პროპაგანდისთვის...
არ არის გამორიცხული, ამერიკული ჯორჯიის რიგმა ამომრჩევლებმა, რომლებიც არ აპირებდნენ ტრამპისთვის ხმის მიცემას, სვანეთის მთების ულამაზესი პეიზაჟით მოხიბლულებმა, აზრი შეიცვალონ და მართლაც ტრამპს დაუჭიროს მხარი და საქართველო ამ სახით „ჩაერიოს“ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში...
ისე კი, ასეთი კომიკური შემთხვევები, შტატ ჯორჯიასა და ქვეყანა - ჯორჯიასთან დაკავშირებით ადრეც მომხდარა...
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ამერიკული ტელეკომპანიები გადასცემდნენ ვიდეოკადრებს, რუსული ტანკების ჯორჯიაში -საქართველოში შეჭრის შესახებ, ჯორჯიის შტატის არა ერთი მაცხოვრებელი გამოსულა ქუჩაში, რუსული ტანკების სანახავად...
ზოგადად, სარეკლამო ბანერებზე ფოტოებისა და ფონის შეცდომით განთავსება ძალიან ხშირია, მაშინაც, როდესაც ეს სამხედრო თემასა და ომებს უკავშირდება...
იმავე ამერიკელმა დიზაინერებმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს პროფესიული დღესასწაული ისეთი ბანერით მიულოცეს, რომელზეც ამერიკული სამხედრო ხომალდის ნაცვლად... რუსული ატომური სარაკეტო კრეისერი იყო გამოსახული...
რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის ქალაქებში ბანერები გაიკვრა, რომლებზეც ბავშვით ხელში, მებრძოლი, ყველას რუსეთის არმიასთან კონტრაქტის დადებას და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას მოუწოდებდა, ოღონდ ფოტოზე... უკრაინელი მებრძოლი იყო გამოსახული...
უფრო ხშირად რუს „გოგონა- დიზაინერებს“ მოსდით უკვე ტრადიციად ქცეული შეცდომა - 9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ბანერებზე საბჭოთა ჯარისკაცების ნაცვლად, გერმანული ვერმახტის მებრძოლებია გამოსახული, რომლებიც რუსულად ულოცავენ გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე...
ამ შეცდომებს კი, ალბათ, იმიტომ უშვებენ „გოგონა-დიზაინერები“, რომ მეორე მსოფლიო ომში უფრო ხარისხიან ფოტოებს გერმანელები იღებდნენ, დღევანდელი დიზაინერებიც კი ბანერებისთვის ფოტოშოპში უფრო ადვილად დასამუშავებელ ფოტოებს ირჩევენ და ვერ ხვდებიან, თუ ვინ და რა არის ზედ გამოსახული...