"ყველაზე ღარიბი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში" - კვირის პალიტრა

"ყველაზე ღარიბი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში"

რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა და ქმედება ჰგონია. რუსეთის აგენტურა არიან პირდაპირ და დაუფარავად , - ამის შესახებ „ კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სტუდია“ საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იმეორებს იმას, რასაც რუსები ლაპარაკობენ და ასევე , მხოლოდ რუსები იწონებენ მათ განცხადებებს.

ელისაშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაზე დასავლეთის მიმართაც და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „თავის ზომა-წონას“ ვერ საზღვრავს.

„იმერეთში „ჭიპლიკიას" ეძახიან ტიპს, რომელიც თავის ზომა-წონას ვერ საზღვრავს. ძალიან პატარა რომ ხარ და ძალიან დიდი ტიპს ეჭიმები, აი, მაგას ეძახიან „ჭიპლიკიას" და „ქართული ოცნების“ საქმე არის „ჭიპლიკიასავით". პატარა, დეკორატიული ძაღლები რომ არიან, მაგრამ ძალიან ავები, თავის ზომა-წონა რომ არ იციან, მაგრამ კავკასიურ ნაგაზს და როტვეილერს რომ უყეფენ ხოლმე, ეგრეა „ქართული ოცნების“ საქმეც.

რუსების ყმობა მაგათ სუვერენული ქცევა და ქმედება ჰგონიათ. რუსეთის აგენტურა არიან პირდაპირ და დაუფარავად. რასაც რუსები ლაპარაკობენ, ესენიც იმას იმეორებენ და ესენი რასაც იტყვიან, მარტო რუსები უწონებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ლუსტრაციის კანონის მიღება, მაგრამ ახლა მიდის ღია ლუსტრაცია, თვითლუსტრაცია. ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ახლა ამოტივტივდნენ ყველანი. როგორც ჩანს ესენი არიან „ათაბაბადან" დანომრილები ჯერ „კაგებეს“ და შემდეგ „ეფესბეს“ მიერ. ესენი არიან ღია აგენტურა და ამიტომ უპირისპირდებიან აშშ-ს და ევროკავშირს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები „თან აგინებენ ამერიკას და თან კარგი ცხოვრება იქ უნდათ“.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ყველაზე ღარიბი დეპუტატია.

"ღარიბაშვილის შვილი სად სწავლობს, ოკრიბას „მარშუტკასავით" რომ მიატრიალა ის თვითმფრინავი, ჩვენი ფულით რომ წაახრიგინა და ლამის უნივერსიტეტის პარკინგზე რომ დასვა? სად სწავლობენ ასევე? ევროპაში. სად აქვთ ქონება? ყველაზე ღარიბი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში. არ მეამაყება სიღარიბე, მაგრამ ის მეამაყება, რომ ათი წელია პოლიტიკურ პროცესში ვარ, 2014 წელს გავხდი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი საბურთალოდან, მაგრამ არ გავმდიდრებულვარ, რა ქონებაც მქონდა, ის ქონება მაქვს. მე მინდა, რომ ჩემი შვილები ღარიბები არ იყვნენ და შეძლონ, რომ გამდიდრდნენ, მაგრამ შეხედეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქონება სად აქვთ: პარიზი, ბარსელონა, ლონდონი და ა.შ. სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში, თუ ნიჟნი-ტაგილში? ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში დადიან. კარგი უნდათ ევროპისგანაც და ამერიკისგანაც, მაგრამ თან აგინებენ იმიტომ, რომ მდიდრები არიან და ქონში ცურავენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"