ჯოზეფ ბორელი ამერიკელებს აფრთხილებს - "ისტორიული შეცდომა არ დავუშვათ"
ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თავიდან არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა და რა შევთავაზეთ უკრაინას დასაწყისში? ჩვენ ჩაფხუტები შევთავაზეთ, ახლა კი F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება შესამჩნევია. ჩვენ ეს უნდა გავაგრძლოთ.
არ ვიცი რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ ამერიკელები, აშშ, ახალი პრეზიდენტი, მაგრამ ჯერჯერობით ევროკავშირის სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის. 100 მილიარდ ევროზე მეტია ის თანხა, რომელიც ჩვენ გამოვყავით, მათ შორის 45 სამხედრო მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს აშშ-ზე ნაკლებია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სანამ უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ”, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ჩვენი მხარდაჭერის გარეშე უკრაინა იძულებული გახდება კაპიტულაცია გამოაცხადოს. ომის მსგავსად დასრულება არ გვსურს. ჩვენ არ გვსურს უკრაინის კაპიტულაცია, მისი ეროვნული იდენტობის, თავისუფლების, ტერიტორიის დაკარგვა და მეორე ბელარუსად გადაქცევა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.