"არჩევნების გაყალბების დიდოსტატი ხათუნა გოგორიშვილიც კი ამბობდა, რომ შედეგების 7%-ზე მეტად გაყალბება შეუძლებელიაო" - რა მოხდება 26 ოქტომბერს?! - კვირის პალიტრა

"არჩევნების გაყალბების დიდოსტატი ხათუნა გოგორიშვილიც კი ამბობდა, რომ შედეგების 7%-ზე მეტად გაყალბება შეუძლებელიაო" - რა მოხდება 26 ოქტომბერს?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 23 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- როგორც არ უნდა სცადონ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება, თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ეს შეუძლებელი იქნება, თანაც არჩევნების გაყალბების დიდოსტატი, პროფესიონალი, ხათუნა გოგორიშვილი იყო და ისიც კი ამბობდა, შედეგების 7%-ზე მეტად გაყალბება შეუძლებელიაო. ეს მაშინ, როცა ყუთებს მთლიანად იტაცებდნენ. დღეს კი, მოგეხსენებათ, დიდწილად ელექტრონულად, ავტომატიზებულად იქნება ხმის მიცემა. ამიტომაც მგონია, რომც სცადონ, ტოტალურად გაყალბება ვერ მოხერხდება. ცდები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ საერთო სურათს ვერ შეცვლის.

რა, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა 2012 წელს არჩევნების გაყალბება? - რა თქმა უნდა, უნდოდა, მაგრამ ვერ გააყალბა. გაყალბებას რა მოჰყვება ხოლმე, კი ვიცით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ასეთი მკვეთრი განცხადებები დასავლეთიდანაც, თავისივე პოლიტიკას აზიანებენ. სიმართლე უნდა ითქვას, იქაც ბევრ შეცდომას უშვებენ. არც ამერიკულ თუ ევროპულ პოლიტიკაში ჩანს დიდი სიღრმისეული მოსაზრებები თუ ქმედებები.

- გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო "ლელოს" ჯგუფისა და გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" მოლაპარაკება არჩევნებზე ერთი ფრონტით გასვლის თაობაზე, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ. თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, დიდი ალბათობით, ჩაშლილია. მეტიც, მხარეები ურთიერთბრალდებებზე გადავიდნენ. თქვენი აზრით, ეს საარჩევნოდ ამ პოლიტიკური ძალების იმიჯს არ დააზიანებს?

- სცადეს მოლაპარაკება, ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე პირადად მათი გაერთიანების პერსპექტივა არ მომწონდა. ჩემი შეფასებით, იმ ხალხში, რომელსაც არ მოსწონს არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა", ცოტაა ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც ორივე - ხაზარაძე და გახარია მოსწონს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს არჩევანის საშუალება. ვფიქრობ, ორივე ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, მაგრამ გაცილებით უკეთესი მაჩვენებლის მიღების პერსპექტივა გახარიას აქვს. ამიტომ ცოტა გაუგებარია, რაში სჭირდებოდა "ლელოსთან" გაერთიანება.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, მოლაპარაკების დაწყება დაგვიანებულიც იყო. თუ გაერთიანება სურდათ, უფრო ადრე უნდა ეფიქრათ ამაზე და შესაძლოა მიეღწიათ კიდეც შეთანხმებისთვის.

გახარია გვინახავს პრემიერ-მინისტრად. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იყო, ვინც კი გვყოლია, თან ურთულეს დროს, პანდემიისას მოუწია ქვეყნის მართვამ, რასაც ძალიან კარგად გაართვა თავი. ბევრისთვის სწორედ ამიტომაც არის გახარია მისაღები. ბევრისთვის შესაძლოა ცუდია, რომ არ მოხდა ძალთა კონსოლიდაცია, ამას თავისი პლუსები ექნებოდა, მაგრამ ამ შეუთანხმებლობაში მე ვერ ვხედავ დიდ პრობლემას. როგორც მედალს, ამასაც აქვს ორი მხარე. ძალიან ეკლექტიკური ალიანსი ჩამოყალიბდებოდა და შეიძლება ხმები უფრო დაეკარგათ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ...

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის ძალიან კარგი ბიზნესმენია, მაგრამ პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს გამოუცდელობის ბრალია.

- არ ცხრება ვნებათაღელვა ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო, რომელიც აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდას გულისხმობს. "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - განაცხადა ივანიშვილმა. ეს განცხადება ძალიან მოეწონათ რუსეთში. ახლა ჩვენგან ბოდიშს სოხუმიც ითხოვს 1990-იანი წლების მოვლენებისთვის.

- რა გითხრათ, ძალიან არასწორი განცხადებაა. დადგეს და პირადად მოიხადოს ბოდიში ვისთანაც უნდა - ოსებთან, აფხაზებთან თუ პუტინთან. მე ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი, ისევე, როგორც მთელ საქართველოს. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლებას თავს ნურავინ აძლევს.

ივანიშვილს, როგორც ჩანს, ჰგონია, ამგვარი განცხადებებით, ბოდიშებითა და მოფერებით, ან რუსეთს შეაგნებინებს რამეს, ან სეპარატისტებს. ხომ ნახეთ, მადა გაეხსნათ და ოსებმა უკვე მორალური და ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ეს მიდგომაც, როგორც ბევრი სხვა, ყოვლად არასწორია. ბოდიშებით ვერაფერსაც ვერ მიაღწევს. ოკუპირებულ რეგიონებში ისეთი მაფიოზური ინსტრუმენტებია ჩართული, ისეთი გაუგონარი კავშირები და ამბები ხდება, ამასთან ბრძოლა ამგვარად სასაცილოც კია. ამის წინააღმდეგ სულ სხვა ტიპის პოლიტიკაა გასატარებელი.

- დღევანდელი გადასახედიდან და იმ საარჩევნო სუბიექტების გათვალისწინებით, ვისაც აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, თუ შეიძლება რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება?

- შემიძლია ერთი რამ ვთქვა - აუცილებლად დადგება დღის წესრიგში კოალიციის შექმნა. სულ ტყუილად ლაპარაკობს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. მეტიც, ჩემი აზრით, მომავალი კოალიციის დედაბოძი არც "ქართული ოცნება" იქნება და არც "ნაციონალური მოძრაობა". ეს იქნება შუალედური ძალა - მეტს ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი...

ყველაზე უარესი სცენარით, შეიძლება ვერ მოხერხდეს მთავრობის ჩამოყალიბება და დაიწყოს პოლიტიკური კრიზისი, რასაც რიგგარეშე არჩევნების რეჟიმში გადასვლა მოჰყვება.

წაიკითხე ვრცლად: „ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა იქნება ...“