წავა თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან ზურიკო დავითაშვილის კლუბში?! - კვირის პალიტრა

წავა თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან ზურიკო დავითაშვილის კლუბში?!

ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" "ნიცასთან" კატასტროფული მარცხის (0:8) შემდეგ მძიმე დროება უდგას. მართალია, "მწვანეების" მთავარი მწვრთნელი ოლივიე დალ'ოლიო ჯერჯერობით პოსტზე რჩება, მაგრამ მის მომავალთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა და თუ უახლოეს ტურში ვითარება არ გამოასწორდა, უკვე ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სენტ ეტიენის" ხელმძღვანელობას რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

გამოცემა "დეილი მერკატოს" (Daily Mercato) ინფორმაციით, დალ'ოლიოს ალტერნატივად 3 კანდიდატურა განიხილება და ერთ-ერთია ვილი სანიოლი - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თუმცა ისმის კითხვა - მზად არის კი ვილი, დატოვოს "ჯვაროსნები" და წავიდეს პრობლემატურ გუნდში, სადაც ნულიდან მოუწევს საქმის დაწყება?

ცნობისთვის, სანიოლი სენტ ეტიენშია დაბადებული და ეს კლუბიც, რომელიც საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონია, მისთვის მშობლიურია - აქ გადადგა პირველი ნაბიჯები პროფესიულ ფეხბურთში.

კიდევ ერთი ვარიანტია სანიოლის ყოფილი თანაგუნდელი პატრიკ ვიეირა, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს "სტრასბურიდან", და 70 წლის ჟან-ლუი გასე ("სენტ ეტიენს" 2017-19 წლებში ავარჯიშებდა), თუმცა ასაკის გამო ამ უკანასკნელის კანდიდატურა მთლად დამაჯერებელი არ არის.

LELO.GE