„ჰეზბოლამ“ „მოსადს“ ბალისტიკური რაკეტა ესროლა - რა ხდება ისრაელის „მეორე ფრონტზე“?! - კვირის პალიტრა

„ჰეზბოლამ“ „მოსადს“ ბალისტიკური რაკეტა ესროლა - რა ხდება ისრაელის „მეორე ფრონტზე“?!

მოსადის“ შტაბ-ბინისკენ ბალისტიკური რაკეტა ჩვენ, „ჰეზბოლამ“ გავუშვით, რადგან სწორედ ეს ორგანიზაცია - „მოსადია“ პასუხისმგებელი პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებისა და „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი ფუნქციონერების მკვლელობაში", - მოაყოლეს “ახსნა-განმარტება“ ლიბანის სამხრეთიდან თელ-ავივის რამატ-ჰა-ავივის რაიონისკენ გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტას, სადაც ისრაელის მთავარი სადაზვერვო სამსახურის - „მოსადის“ შტაბ-ბინის კომპლექსია განთავსებული...

ისრაელის მხარის მტკიცებით, მათ მოიგერიეს „მოსადზე“ სარაკეტო თავდასხმა, მაგრამ ის ფაქტი, რომ „მოსადის“ შტაბ-ბინა 110 კილომეტრითაა დაშორებული ლიბანის სამხრეთ საზღვრიდან, ხოლო „ჰეზბოლას“ ბალისტიკური რაკეტის სტარტი ლიბანის ტერიტორიის სიღრმიდან განხორციელდა, მიუთითებს შემდეგზე - „ჰეზბოლას“ განკარგულებაში კვლავ რჩება 100 კილომეტრზე ბევრად შორს მფრენი ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტები, რომლებითაც „ჰეზბოლას“ თეორიულად შეუძლია, მისწვდეს ისრაელის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში მდებარე ისრაელის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს, მათ შორის - სამხედრო აეროდრომებს, რომ არაფერი ვთქვათ ებრაელების დიდ ქალაქებზე - ჰაიფაზე, ნაზარეთზე, თელ-ავივზე...

1-hez-1727256722.jpeg
„ჰეზბოლას“ არსენალში შორსმფრენი ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ისრაელის მთელ ტერიტორიას...

„ჰეზბოლას“ განსაკუთრებული გამძვინვარება გამოიწვია იმან, რომ „მოსადის“ აგენტებმა შესძლეს, ოპერატიულად დაედგინათ „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მთავარი მეთაურის, იბრაჰიმ ქუბაისის ადგილსამყოფელი და ის ზუსტი საჰაერო დარტყმით გაანადგურეს - ქუბაისი „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფებს კურირებდა და მისი ლიკვიდაცია „მოსადისთვის“ დიდ წარმატებად იქცა, რადგან ისრაელი „ჰეზბოლასგან“, ძირითადად, მხოლოდ ბალისტიკურ, ფრთოსან რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს უფრთხის, ვიდრე „ცახალს“ არ გადაულახავს საზღვარი და არ შეჭრილა სამხრეთ ლიბანში, რადგან მაშინ ისრაელის სამხედროებს დაემატებათ ბევრი ახალი თავსატეხი, დანაღმული ჩასაფრებებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სახით...

2-hez-1727256722.png
„მოსადის“ შტაბ-ბინა თელ-ავივში, რომელსაც „ჰეზბოლამ“ 15-ტონიანი ირანული ბალისტიკური რაკეტა Qader 1-ი დაუმიზნა...

საგულისხმოა, რომ თელ-ავივში „მოსადის“ შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიშის მიტანისას „ჰეზბოლამ“ პირველად გამოიყენა Qader 1 ტიპის ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტა, რომლის სიგრძე 16 მ-მდეა, დიამეტრი კი 1,25 მ-ს შეადგენს. რაკეტა 15 ტონაზე მეტს იწონის და 700-დან 1 000 კგ მასის საბრძოლო ქობინი გადააქვს 1 350-დან 1 950 კმ-მდე.

„ჰეზბოლას“ ლიბანის სამხრეთიდან ასეთი ძლიერი ბალისტიკური რაკეტა ისრაელის ტერიტორიისკენ ჯერ არ გაუშვია და თუკი მარაგში კიდევ დარჩა ისინი, მაშინ „ჰეზბოლას“ ისრაელის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეეძლება, თუკი ამას წინ არ აღუდგა ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები David's Sling და Arrow-3, რადგან კარგად ცნობილ Iron Dome - „რკინის გუმბათს“ მხოლოდ 4-დან 70 კმ-მდე მფრენი რაკეტების მოგერიება თუ შეუძლია, მაშინ, როდესაც „ჰეზბოლას“ მიერ პირველად გამოყენებული ირანული ბალისტიკური რაკეტა ათასს კმ-ზე ბევრად მეტ მანძილს ფარავს...

სწორედ ამიტომაც, „ჩრდილოეთის ისრების“ კოდური სახელწოდების სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის ავიაციამ ბოლო ორ დღეში 1 300-ზე მეტი საჰაერო დარტყმა მიაყენა ლიბანის სამხრეთ ნაწილს და თვით დედაქალაქ ბეირუთსაც...

3-hez-1727256722.jpg
ისრაელის საბრძოლო ავიაცია ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იმავე ტაქტიკას იყენებს, როგორითაც ღაზას სექტორში „ჰამასს“ გაუსწორდა...

გასაგებია, რომ ისრაელის ხელისუფლება იმ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ფიქრობს, რომელთა სასწრაფო ევაკუაცია მოუწია ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილიდან, სადაც „ჰეზბოლას“ გაშვებული, მცირე მანძილზე მფრენი პატარა რაკეტები კი არა, საარტილერიო ჭურვები და თვით ნაღმსატყორცნის ნაღმებიც კი წვდებიან, მაგრამ ისრაელის ავიაციის ამ მასობრივმა დაბომბვებმა ლიბანის ტერიტორიაზე 25 სექტემბრის დილის მონაცემებით, უკვე იმსხვერპლა არანაკლებ 569 ადამიანი, მათ შორის - 50-მდე ბავშვი, დაიჭრა 1 835...

შეიძლება ამ დაღუპულ-დაჭრილთა რიცხვში ბევრი სწორედ „ჰეზბოლას“ მებრძოლია (ისრაელის ხელისუფლება რამდენიმე დღეა, აქტიურად მოუწოდებს ლიბანის მოსახლეობას, დატოვონ ის ადგილები, სადაც „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებია განთავსებული), მაგრამ ასეთი ინტენსიური და მასობრივი საჰაერო დაბომბვა ლიბანის სამხრეთ ნაწილს უკვე ამსგავსებს მიწასთან გასწორებულ ღაზას სექტორს და ეს საშინელი მსგავსება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, თუკი ისრაელის „ცახალი“ ტანკებით გადალახავს საზღვარს და სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, როგორც ეს 2006 წელს გააკეთა, მეორე ლიბანის ომის დროს...