"ჩვენ კანონთან შესაბამისობაში ვართ, რასაც ვერ ვიტყვით „კორუფციულ ბიუროზე“ და სასამართლოზე - სასამართლო და ბიურო პოლიტიკური ტერორისა და რეპრესიების იარაღია ხელისუფლების ხელში" - კვირის პალიტრა

"ჩვენ კანონთან შესაბამისობაში ვართ, რასაც ვერ ვიტყვით „კორუფციულ ბიუროზე“ და სასამართლოზე - სასამართლო და ბიურო პოლიტიკური ტერორისა და რეპრესიების იარაღია ხელისუფლების ხელში"

„აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, „კორუფციულმა ბიურომ“ 6 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბანკებიდან უნდა გამოეთხოვათ ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო მის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებასთან. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბიურომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე იმ ინფორმაციის მიღება მოითხოვა, რომელიც მანამდე, 6 სექტემბერს „უკანონოდ” გამოითხოვა.

როგორც ლაგაზიძემ განმარტა, მათ ბიუროსგან მოითხოვეს ის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა დაწყებულიყო მონიტორინგი, თუმცა „მსგავსი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა“.

ამასთან, როგორც ლაგაზიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებაზე საკუთარ აზრს დააფიქსირებს უნდა ჩაითვალოს პარტიად, აბსურდულია.

„მოგესალმებით საქართველოს სამი მილიონ ხუთასი ათასი პარტიიდან ერთ-ერთი სახელად, ხათუნა ლაგაზიძე. არ მოგესმათ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე დიდავას პირით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს პარტია. იგივე გადაწყვეტილება, ყოვლად აბსურდული გაიზიარა „კორუფციულმა ბიურომაც“. მივყვეთ საქმეს ცოტა უფრო დეტალურად. 6 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს „კორუფციული“ ბიუროდან ეგზავნება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია აქ მჯდომი პარტიების, ასევე, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის „აირჩიე ევროპის“ ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებასთან. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა იმავე დღეს დააკმაყოფილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ასევე, ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა. მან ასევე, სწორედ ეს აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო, რომ თურმე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გამოთქვამს თავის აზრს ხელისუფლებაზე, შეიძლება და უნდა ჩაითვალოს პარტიად და შესაბამისი შეზღუდვები უნდა დაუწესდეს. გუშინ ბიუროს ხელმძღვანელი ატარებს ბრიფინგს, სადაც გვთხოვს იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე გამოთხოვილი ჰქონდათ 6 სექტემბერს უკანონოდ. ახლა რა ხდება, ჩვენ 20 სექტემბერს გავაგზავნეთ „კორუფციული ბიუროს“ სახელზე განცხადება იმის თაობაზე, რომ წარვუდგენდით მოთხოვნილ ინფორმაციას. ამავე დროს მათგან გამოვითხოვეთ ის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა დაწყებულიყო მონიტორინგი ჩვენი ფიზიკური პირებისა და ასევე, “აირჩიე ევროპას” გარშემო, ისევე როგორც, ისინი იქცეოდნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ პარტიის შემთხვევაში. მსგავსი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, მათ ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. შესაბამისად, არ ჰქონდა არც მონიტორინგის დაწყების უფლება და არც ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება. გუშინ გვაცნობეს, რომ თურმე გუშინ იწყებდნენ ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, უფრო სწორად, ჩვენ გვთხოვეს წარმოადგინეთ ინფორმაცია თქვენი საბანკო ანგარიშების შესახებო. მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ მაშინვე, 6-შივე მივმართეთ ბანკებს, რომ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, არ ჰქონდათ უფლება მიეცათ ჩვენი საბანკო ანგარიშები „კორუფციული ბიუროსთვის“. მაგრამ ერთ-ერთმა ბანკმა 17 სექტემბერს მომწერა წერილი, რომლის თანახმადაც, მათ უკვე როგორც ჩანს უკანონოდ, მისცეს ეს ინფორმაცია ბიუროს. აქედან გამომდინარე, კანონდარღვევით, კონსტიტუციის დარღვევით „ბანკების შესახებ კანონის” დარღვევით უკვე აქვს ეს ინფორმაცია „კორუფციულ“ ბიუროს. შემდეგ, აქეთ გვამუნათებს, რომ 5 დღეში თუ არ მომაწვდით ამ ინფორმაციას, ახალი გადაწყვეტილების მიღება მომიწევსო. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ ბატონი რაჟდენის [კუპრაშვილის] ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქეებმა და “აირჩიე ევროპამ” ფოსტის საშუალებით გავაგზავნეთ ყველა ჩვენს ხელთარსებული ფინანსური ინფორმაცია. ასე, რომ ჩვენ კანონთან სრულ შესაბამისობაში ვართ. რასაც ვერ ვიტყვით ანტიკორუფციულ ბიუროზე და სასამართლოზე. პირდაპირ ვამბობ, რომ როგორც სასამართლო, ასევე „კორუფციული ბიურო“ არის პოლიტიკური ტერორისა და რეპრესიების იარაღი საქართველოს ხელისუფლების ხელში“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ინფორმაციისთვის, „კორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ამასთან, „კორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.