ამერიკული წინადადება ერდოღანს, რომლის გამოც პუტინი შეიძლება ჭჯუიდან შეიშალოს - თურქეთს რუსული С-400-ების ამერიკულ F-35-ებით „ჩეინჯს“ სთავაზობენ - კვირის პალიტრა

ამერიკული წინადადება ერდოღანს, რომლის გამოც პუტინი შეიძლება ჭჯუიდან შეიშალოს - თურქეთს რუსული С-400-ების ამერიკულ F-35-ებით „ჩეინჯს“ სთავაზობენ

.

ერდოღანის მმართველობის ქვეშ მყოფი თურქეთი რომ პრობლემატური პარტნიორია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ეს ბოლო წლებში არა ერთხელ გამოჩნდა -ოფიციალურ ანკარას ხშირად აქვს თავისი ხედვა და გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოველთვის როდი ემთხვევა ნატოს საერთო კურსს...

ერთ-ერთ ასეთ, ერთგვარ შიდაალიანსურ დაპირისპირებად იქცა რუსული С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენა ნატოს წევრი თურქეთის მიერ, რამაც დანარჩენი ნატოს მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო აშშ-მა კი საერთოდ ამორიცხა თურქეთი F-35 ტიპის მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი ექვსი F-35 უკვე დამზადებული იყო და ჩრდილო-ამერიკის ცაში მათ თურქი სამხედრო მფრინავები ეუფლებოდნენ...

ამ პატური სიტუაციის ისტორია შემდეგნაირად გამოიყურებოდა - ერდოღანმა და პუტინმა 2017 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2,5 მლრდ დოლარის სანაცვლოდ, С-400-ის ოთხი დივიზიონის შეძენას ითვალისწინებდა, ისიც - რუსული კრედიტის ხარჯზე.

ის, რომ ნატოს წევრმა თურქეთმა ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და ალიანსის უპირველესი პოტენციური მოწინააღმდეგისგან გადაწყვიტა შედარებით თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენა, გარკვეულწილად დამნაშავეები თავად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არიან, პირველ რიგში კი, ამერიკელები, რადგან მათ არ მისცეს უფლება, ანკარას შეეძინა ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემები - „პეტრიოტები“ თურქეთში, მათი ნაწილობრივი აწყობის უფლებით.

უფრო მეტიც - როდესაც თურქულ ტენდერში ჩინურმა საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა გაიმარჯვეს (რომლებიც საბჭოთა С-300-ების ჩინურ კლონს წარმოადგენდნენ), ნატოს ხელმძღვანელობამ დიდი ზეწოლა განახორციელა თურქეთზე, ამ ტენდერის შედეგების გასაუქმებლად.

საინტერესოა, რომ რუსული С-300-ები მანამდე შეძენილი ჰქონდა საბერძნეთს, ასევე, ალიანსის წევრ და თურქეთთან დაპირისპირებულ ქვეყანას, რაზეც ნატოს დიდი პრეტენზიები არასოდეს ჰქონია.

ამ პროცესების გამო გაბრაზებულმა ერდოღანმა პუტინისგან С-400-ების ყიდვის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც კრემლიც წავიდა (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიის გენერალიტეტის ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, არ სურდათ იმ დროისთვის უახლესი С-400-ი ნატოს სამხედროების „საჯიჯგნი“ გამხდარიყო) წმინდა პოლიტიკური მოსაზრებით, რომ ნატოს რიგებში განხეთქილება შეეტანა...

ეს პუტინს გარკვეულწილად გამოუვიდა - რუსული С-400-ების შეძენის გამო, ამერიკამ თურქეთს F-35-ების მიყიდვა შეუჩერა, ისევე, როგორც თურქული F-16-ების სამოდერნიზაციო პროგრამა.

წელს თურქეთს აღუდგა F-16-ების მოდერნიზაციის პროგრამა და ისიც - დიდი პოლიტიკური ვაჭრობის შემდეგ, ანკარა სამაგიეროდ დათანხმდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრებას.

ახლა კი С-400-ებისა და F-35-ების საკითხის საბოლოო გარკვევის დროც დადგა...

გასულ წელს ამერიკული მხარე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქებთან, ფანტასტიკური შეთავაზებით, რომლის გამოსვლის შემთხვევაში, კრემლის ბებერი ბინადარი, ალბათ, ჭკუაზე შეიშლებოდა - თურქეთს დავაბრუნებთ F-35-ების პროგრამაში, თუკი ანკარა ამ რუსულ С-400-ებს... უკრაინას გადასცემსო, სთავაზობდნენ ოკეანისგაღმიდან...

2-tur-1727270694.jpg
ექვსი თურქული F-35-ი მერამდენე წელია, ამერიკულ სამხედრო აეროდრომზეა „გაყინული“ - ანკარა ესწრაფვის, დაბრუნდეს F-35-ების საერთაშორისო პროგრამაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა რუსული С-400-ების საკითხის საბოლოო მოგვარება...

ერდოღანმა ამდენი ვერ გარისკა და პუტინთან ყველა გზა არ გადაჭრა, უკრაინული ვარიანტი გამოირიცხა, მაგრამ სამაგიეროდ, ვაშინგტონი ანკარას ახალ ვარიანტს სთავაზობს - უკვე თურქეთში ჩატანილი С-400-ების ოთხივე დივიზიონი კონსერვდება და განთავსდება თურქეთის სამხრეთში, ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელზეც აშშ-ის სამხედრო კონტინგენტიც იმყოფება, რის შემდეგაც F-35-ები მალევე „დაფრთიანდებიან“ თურქულ ცაში...

ამერიკელ სამხედრო სპეციალისტებს სერიოზულად აღელვებთ ის, რომ თუკი F-35-ებს გადასცემენ თურქებს და, ამასთან, თურქული ცის კონტროლს განახორციელებს რუსული წარმოების С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამ უკანასკნელს შეეძლება F-35-ების „სტელსის“ საიდუმლოს ამოხსნა ანუ რუსეთის სამხედრო დაზვერვა შეიტყობს იმ ზუსტ რადიოლოკაციურ პარამეტრებს, რაც F-35-ებს ფრენის დროს ახასიათებთ და გააადვილებს ნატოს სხვა ქვეყნების F-35-ების ადრეულ რადიოლოკაციურ აღმოჩენას, რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ (იმ F-35-ებზე,რომლებიც ევროპის ცაში მშვიდობიანობის დროს დაფრინავენ, დამატებით დაყენებულია რადიოლოკაციური შემჩნევადობის გაზრდის სპეციალური აპარატურა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ ეხსნება).

თავის მხრივ, არც რუსეთის მხარეს სურს, რომ თურქეთისთვის მიყიდული С-400-ები ამერიკელი სამხედროების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს, რაზეც ნამდვილად იარსებებდა მკაცრი შეთანხმება რუსულ და თურქულ მხარეებს შორის...

მოკლედ, ასეა თუ ისე,მალე რაღაც ძვრები აუცილებლად მოხდება (მით უმეტეს, რომ თურქეთში ძალიან გაღიზიანებულები არიან იმით, რომ საბერძნეთი უკვე იღებს თანამედროვე ამერიკულ F-35-ებს), რაც საბოლოო გარკვევას შეიტანს რუსული С-400-ებისა და ამერიკული F-35-ების „ჭიდილში“, თურქეთის ცაში...