სასამართლომ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მიმართ 2008 წელს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება შეცვალა და ის დაზარალებულად ცნო - საქმის დეტალები
2024 წლის ივლისში თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წელს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება შეცვალა და ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა გასაღებაში ედებოდა ბრალი, დაზარალებულად ცნო.
2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე განმარტავს, საქმის ხელახალი გამოძიების პროცესში სოდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, მათ შორის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მისცეს ჩვენებები, რომლითაც აღიარეს ბიზნესმენზე განხორციელებული ზეწოლა და დაასახელეს დამკვეთიც. მისივე თქმით, საქმეში ჩაიდო იმ ადამიანების აღიარებითი ჩვენებები, ვინც ბიზნესმენის დაკავების სპეცოპერაციასა და ნარკოტიკების ჩადებაში იღებდა მონაწილეობას.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში გამოკვეთილი სამართალდარღვევების გამო პროკურატურამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება:
„საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა შესაბამისი გამოძიება, რომლითაც გადამოწმდა ყველა ის დეტალი, რაც საქმესთან შემხებლობაში იყო. დადგინდა, რომ არ არსებობდა რაიმე სახის ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბატონი ნოშრევანი რაიმე სახის დანაშაულს ჩადიოდა. 2008 წელს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულიც კი არ იყო და ჩხრეკა და ამოღებაც კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება“, - განმარტა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებასა და 2008 წელს მომხდარი დაკავების შესახებ პრესკონფერენცია გამართა ნოშრევან ნამორაძემ. მისი თქმით, მასსა და მის ოჯახზე რეპრესიები მაშინდელი სოდ-ის ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას დაკვეთით განახორციელეს.
ბიზნესმენის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა, მის მეუღლეს კანონის დარღვევით ჩამოართვეს კუთვნილი ავტომობილი და ე.წ ნარკოტიკების ჩადების შემდეგ დააკავეს, რასაც ზეწოლის შედეგად მრავალმილიონიანი ბიზნესის 200 ლარად დათმობა მოჰყვა:
„2005-2006 წლიდან დეველოპერული საქმიანობით ვიყავი დაკავებული და საკმაოდ წარმატებული კომპანია გვქონდა, თუმცა მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ბიზნესის მიმართ რეპრესიები იყო დაწყებული და გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი. 2008 წელს აღმოვჩნდი ბანდიტური დაჯგუფების სოდ-ისა და მისი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ყურადღების არეალში. ზოგადად, მისი ოჯახი გამოირჩეოდა სხვადასხვა ბიზნესისადმი მძიმე მიდგომით - ბიზნესმენებს, რომელთაც ვერ იმორჩილებდნენ, სთხოვდნენ წილების გადაფორმებას, კონკრეტული თანხის გადახდას, რაც იმ პერიოდისთვის უცხო არ იყო. ეს მიდგომა მეც შემეხო და ჩემ მიმართაც განხორციელდა წნეხი, თუმცა არ დავმორჩილდი. ბიზნესმენებს, რომლებიც არ ასრულებდნენ მათ დავალებებს, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. შესაბამისად, ჩემ მიმართაც ამუშავდა რეპრესიული მანქანა“, - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
ნოშრევან ნამორაძის თქმით, მისი ბიზნესის მიმართ კონკრეტულად სოდ-ის ხელმძღვანელს ჰქონდა ინტერესი, ბიზნესმენის წინააღმდეგობას კი დაკავების მუქარა მოჰყვა:
„მე არ ვაპირებდი უკან დახევას, იმიტომ რომ კეთილსინდისიერად ვახორციელებ ჩემს საქმიანობას, ბიზნესს და გადაცდომა არ მქონია, ამიტომ ბოლომდე დავუპირისპირდი ამ საშინელ ძალადობის მანქანას. არ დააყოვნა შედეგმა: შემოგვიცვივდნენ სახლში, ოჯახი ამიწიოკეს, ბავშვი ჩამიკეტეს სახლში, მეუღლე მანქანიდან ყაჩაღურად გადმოაგდეს ქუჩაში, რისი აქტიც არ არსებობს საქმეში“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ნოშრევან ნამორაძის თქმით, დაკავების შემდეგ მას ზეწოლით დაათმობინეს 7-8 მილიონიანი აქტივები და ასახელებს პირს, ვინც მისი თქმით, ბიზნესმენის კუთვნილი ქონება გადაიფორმა:
„ყველამ რომ იცოდეს, დავასახელებ გოგა ზაქაიძეს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს და ყურმოჭრილი სოდ-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ბიზნესმენი იყო მაშინაც და არის ახლაც. იმ პერიოდში ის მათი დავალებების პირდაპირი მონაწილე იყო. ზაქაიძეს გადაუფორმეს ყველაფერი და შემდეგ გაინაწილეს ერეკლე კოდუამ და სხვა პირებმა. ისინი ასე მართავდნენ ქვეყანას, რაც არასდროს არ განმეორდება. თავს შევაკლავთ, რომ ის უბედური პერიოდი არასდროს არ დადგეს. ის უბედურება, რაც ჩვენ გადავიტანეთ, არცერთმა ოჯახმა არ უნდა გადაიტანოს,“ - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
მისივე თქმით, დღეს ბიზნესმენებს საქმიანობის განხორციელება თავისუფლად, ზეწოლისგარეშე შეუძლიათ, ხოლო სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში არსებული სწორიპოლიტიკიდან გამომდინარე შეძლო. მან დამატებით მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას”, როგორც აღნიშნა, მათი სწორი პოლიტიკური ხედვებიდან გამომდინარე.