აპოკალიფსის დოქტრინა: პუტინი მსოფლიოს განადგურებით კვლავ ემუქრება - დააჭერს თუ არა წითელ ღილაკს კრემლის ბინადარი?! - კვირის პალიტრა

აპოკალიფსის დოქტრინა: პუტინი მსოფლიოს განადგურებით კვლავ ემუქრება - დააჭერს თუ არა წითელ ღილაკს კრემლის ბინადარი?!

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინს, ახალი საფრთხეების კვალობაზე, რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეაქვს. რას ნიშნავს მისი ნაბიჯი - ბლეფს თუ მტკიცე განზრახვას?“ (ავტორი - ჯეიმს კილნერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მისამართით ბირთვული მუქარები გააძლიერა - რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთზე შეტევა, რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც ჩვეულებრივი იარაღით, რომლის უკან ბირთვული სახელმწიფო დგას, აღქმული უნდა იყოს ერთობლივ დარტყმად. შესაბამისად, აუცილებელია კრემლის ბირთვული დოქტრინის „კორექტირება“, რათა კანონმდებლობით ნებადართული იყოს საპასუხო ბირთვული შეტევის განხორციელება.

„რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, ნებისმიერი არაბირთვული ქვეყნისგან, მაგრამ რომელიმე ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით და მონაწილეობით, განიხილება მათ ერთობლივ თავდასხმად რუსეთის ფედერაციაზე“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ადრე რუსეთის ბირთვული დოქტრინა ნებას იძლეოდა, ბირთვული პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაცემულიყო, თუ მოწინააღმდეგე რუსეთს პირდაპირ დაარტყამდა, ბირთვული იარაღით. უკრაინას ამჟამად ბირთვული რაკეტები არ აქვს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „რუსეთისათვის ახალი სამხედრო საფრთხეებისა და რისკების გაჩენა“ ნიშნავს, რომ მოსკოვს „მეტი არჩევანი აღარ რჩება - უნდა განახლდეს ქვეყნის ბირთვული დოქტრინა, დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით“.

მართალია, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინა არ დაუსახელებია, მაგრამ აშკარაა, რომ გაფრთხილების ადრესატს ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოადგენს, რომელიც აშშ-ში იმყოფება და ქვეყნის ხელმძღვანელებთან, კერძოდ - ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებისას განზრახული აქვს, ითხოვოს შორი მოქმედების რადიუსის მქონე ამერიკული წარმოების რაკეტების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, თავის მხრივ, გარკვეული ზეწოლა მოახდინა ჯო ბაიდენზე იმით, როცა თვითონ ნება დართო უკრაინას, ბრიტანული Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები უკრაინას გამოეყენებინა არა მარტო ოკუპირებულ ყირიმში განლაგებული რუსული სამხედრო სამიზნეების დასაბომბად, არამედ - უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების წინააღმდეგაც.

სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინმა ისიც განაცხადა, რომ თუ კიევი მართლაც ისარგებლებს ბრიტანეთის მიერ მიცემული ნებართვით, კრემლი ასეთ ნაბიჯს ნატოს მხრიდან გადადგმულ მტრულ ნაბიჯად - რუსეთზე თავდასხმად ჩათვლის. ეს კრემლის სხვა ჩინოვნიკებმაც დაადასტურეს: ასეთ სიტუაციაში რუსეთს შეუძლია [დიდი ბრიტანეთის მიმართ], საპასუხო ბირთვული დარტყმა განახორციელოს.

„ჩვენ ამ შესაძლებლობას განვიხილავთ, როგორც კი ინფორმაციას მივიღებთ საჰაერო-კოსმოსური იარაღის გამოყენებაზე, რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს - ეს იქნება ჩვეულებრივი უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები), თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები თუ სტრატეგიული ან ტაქტიკური ავიაცია, ჰიპერბგერითი თვითმფრინავები და სხვა საშუალებები“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა გუშინდელი გამოსვლისას. ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინა ვრცელდება კრემლის საკვანძო მოკავშირეზეც - ბელარუსზეც.

გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები რეგულარულად იმუქრებოდნენ, რომ რადგანაც დასავლეთი აქტიურად ეხმარებოდა იარაღით უკრაინას, კრემლს უფლება ჰქონდა, ზოგიერთი დასავლელი ქვეყნისათვის ბირთვული დარტყმა მიეყენებინა. ამ ფონზე, რუსეთმა, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, განათავსა თავისი ბირთვული ძალები ბელარუსის ტერიტორიაზე, იმავდროულად, გამოსცადა დიდი ზომის ბალისტიკური ბირთვულქობინიანი რაკეტები.

მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი სავარაუდო მოწინააღმდეგის მიმართ ბირთვულ დარტყმას არ განახორციელებს, რუსეთის პრეზიდენტი ესოდენ რადიკალური ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ არის. ასევე, ითვლება, რომ ჩინეთმა, კრემლის ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, მოსკოვს განუცხადა, რომ ვერ მოითმენს და ძალზე ნეგატიურად აღიქვამს რუსეთის მიერ განხორციელებულ სავარაუდო ბირთვულ დარტყმას.

როგორც პავლე პოდვიგი - გაეროს ეგიდით არსებული შეიარაღების პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი ამბობს, მართალია, ვლადიმერ პუტინს ცვლილებები შეაქვს რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში, მაგრამ ბევრ მომენტს ბუნდოვანს ტოვებს, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს, ბრძანების გაცემისაგან თავი შეიკავოს. „როგორი ხასიათი უნდა ჰქონდეს აგრესიას, რომელიც სახელმწიფოს არსებობას ემუქრება? ამ შემთხვევაში წინასწარგანზრახულად არის დაშვებული საკითხის ორაზროვნობა“, - აღნიშნავს პავლე პოდვიგი.

უკრაინელი კომენტატორები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება ბლეფია, იგი ცდილობს, სასურველი სინამდვილედ გაასაღოს და ამ ყველაფერს დასაშინებლად იყენებს - ისე, როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე.

„ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ყოველთვის, როცა კი პუტინი ბირთვულ იარაღზე იწყებს ლაპარაკს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საქმეები კარგად არ მიდის“, - ამბობს ანტონ გერაშჩენკო, უკრაინელი ანალიტიკოსი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ვოლოდიმირ ზელენსკი არა ერთხელ მოუწოდებდა დასავლელ მოკავშირეებს, ნება მიეცათ უკრაინისათვის, მათი მიწოდებული შორი მოქმედების რაკეტები რუსეთის ტერიტორიის დასაბობად გამოეყენებინა, რაც საომარი ცეცხლის შეწყვეტისათვის უკრაინის პრეზიდენტის გეგმის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს.

ამ კვირაში რუსეთმა გააძლიერა ე.წ. პლანირებადი ბომბებით სარგებლობა უკრაინის საოლქო ცენტრისათვის - ქალაქ ზაპოროჟიესათვის ზიანის მისაყენებლად. ოთხშაბათს სამი ასეთი ბომბი რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქ კრამატორსკშიც ჩამოაგდეს, რამაც დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

თავის მხრივ, უკრაინამ საკუთარი პროგრამა შეიმუშავა, შორი მოქმედების რადიუსის მქონე უპილოტო საფრენის აპარატების (დრონების) გამოსაყენებლად, რუსული სამიზნეების განადგურებისთვის, მაგრამ ასეთი დრონები ძლიერნი არ არიან (შორ მანძილზე საფრენად მათ მეტი საწვავი სჭირდებათ და, შესაბამისად, ბომბების წონა მცირდება) და მაინცდამაინც არც სიზუსტით გამოირჩევიან, რომ რუსეთის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო ბაზებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს დიდი ზიანი მიაყენონ.

წყარო