ქართულ მისიებზე ავღანეთსა და ერაყში, უკრაინაზე და მშვიდობაზე - ირაკლი კობახიძის სრული სიტყვა: რა თქვა პრემიერმა გაეროს სხდომაზე - კვირის პალიტრა

ქართულ მისიებზე ავღანეთსა და ერაყში, უკრაინაზე და მშვიდობაზე - ირაკლი კობახიძის სრული სიტყვა: რა თქვა პრემიერმა გაეროს სხდომაზე

გუშინ ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. გთავაზობთ პრემიერის სრულს სიტყვას. აი, რა თქვა გუშინ ირაკლი კობახიძემ.

"1946 წლის გაეროს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაჰპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატო-ს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის უკლებლივ ყველასთვის, და ამ პირობებში დიდად სამწუხაროა უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით. გვესმის რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი შევუწყვეთ, მივუერთდით და მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, საქართველოს მთავრობა ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი უშუალო რეგიონი - სამხრეთ კავკასია - კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ. მთელი გულით გვახარებს და მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის 8 ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად. სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით არის გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

მშვიდობა და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებებთან და განვითარებასთან ერთად, გაეროს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია. საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური, მიზნისთვის უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვი გაეროა, გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურად სტაბილურობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის.

დღევანდელი შეხვედრა უნდა გვთავაზობდეს უკეთესი მომავლის დაპირებას, რაც ასე საჭიროა ამჟამინდელ მშფოთვარე სამყაროში.

ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა "მშვიდობის ფორმულის ინიციატივის" მნიშვნელობასა და მის მხარდაჭერას.

და ბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ ჩვენი დაპირების შესრულებას - შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას. დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს კრიტიკული საჭიროება იმისა, რომ მოხდეს საერთაშორისო პრინციპებისადმი უფრო ძლიერი ერთგულების, ეფექტური მულტილატერალიზმისა და ანგარიშვალდებულების დემონსტრირება", - განაცხადა პრემიერმა.