თუ ავტობუსის კონტროლიორმა უსამართლოდ დაგაჯარიმათ ანუ აქვს თუ არა აზრი ჯარიმის გასაჩივრებას?!
„ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმის გასაჩივრებისას თავდაპირველად მუნიციპალიტეტს მივმართავთ 10 დღის ვადაში და მათგან პასუხის შემდეგ შეგვიძლია წავიდეთ სასამართლოში“, - ამის შესახებ იურისტმა ანა აბრამიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, სასამართლოში ასეთი ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევა არ არსებობს, თუმცა მუნიციპალიტეტის დონეზე, ასეთი საქმეები არის.
„სასამართლომდე მისული საქმე ჯერ პრაქტიკაში არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი მიმდინარე ნამდვილად არის. საქმე არის ასეთი, როდესაც მგზავრი ავიდა ტრანსპორტში, აღმოჩნდა, რომ ერთი აპარატი გაფუჭებული იყო და სანამ მგზავრი მეორე აპარატთან მივიდა, დააჯარიმეს. კონტროლიორის პასუხი იყო, რომ მგზავრს ასვლისთანავე უნდა გადაეხადა მგზავრობის საფასური.
აქ არ მოხდა იმის გათვალისწინება, რომ ერთი აპარატი გაფუჭებული იყო და მგზავრი მიდიოდა მეორე აპარატთან. ამ დროს მგზავრი ორმაგად დაზარალდა, რადგან ტრანსპორტირებისას მოუწია გადაადგილება და ამავდროულად, მიიღო 20-ლარიანი ჯარიმა“, - აღნიშნა იურისტმა.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, არასდროს აწვდის სასამართლოს ტრანსპორტში არსებული კამერების ჩანაწერებს და საქმის განხილვა იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით ხდება, რომელიც არსებობს. ამიტომ ადვოკატების მთავარი სამუშაო სწორედ მგზავრის სიმართლის დამამტკიცებელი მტკიცებულებების შეგროვებაა.
„ავტობუსში კამერები ყოველთვის მიმართულია აპარატებისკენ. გასაჩივრებისას ვითხოვთ ხოლმე არა მარტო ჯარიმის გაუქმებას, არამედ კამერის ჩანაწერს. ხშირ შემთხვევაში პასუხი არის, რომ კამერის ჩანაწერი არ არსებობს. ამ დროს მივმართავთ სასამართლოს კამერის ჩანაწერის მოპოვების შუამდგომლობით და თუ სასამართლოსაც არ აძლევს ჩანაწერებს ადმინისტრაციული ორგანო, ხდება საქმის გამოკვლევა იმ საბუთებით, რაც არის ადგილზე. თუ არსებობს ხოლმე რაიმე ეჭვი, ეს ჩვენს მხარეს არის ხოლმე გაქარწყლებული. თუმცა, აქაც აუცილებელია, რომ რაღაც მტკიცებულება იყოს. უბრალოდ, მგზავრის ნაამბობზე არ ხდება საქმის გადაწყვეტა. ადვოკატების ძირითადი საქმე სწორედ საჭირო მტკიცებულებების შეგროვებაა“, - აღნიშნა ადვოკატმა.