„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს და გაეროში ამის თქმაზე დასცინებდნენ" - პაატა ზაქარეიშვილი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე - კვირის პალიტრა

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს და გაეროში ამის თქმაზე დასცინებდნენ" - პაატა ზაქარეიშვილი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი გლობალური ომის პარტია არ არსებობს და გაეროში ამის თქმაზე დასცინებდნენ - ეს მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ ეს არის მიამიტი, ბრიყვი, გულუბრყვილო ქართველი ამომრჩევლის მისამართით თბილისში გაკეთებული განცხადებები, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავარი დესტაბილიზატორი - რუსეთი არ უხსენებია, რაც პოლიტოლოგის შეფასებით, მოსალოდნელი იყო.

„რა თქმა უნდა, ამაზე უკეთეს ნამდვილად არ მოველოდი. მოლოდინი მქონდა, რომ ეს მორიგი სადღეგრძელო და დემაგოგია იქნებოდა. „ქართული ოცნება“ ახალ ლიტერატურულ ჟანრს იგონებს, რომელიც არც სადღეგრძელოა და არც დემაგოგია, ამავე დროს ორივე ერთადაა. არაფერი ახალი არ თქვა, საერთოდ არაფერი თქვა. კობახიძე უკვე მერამდენედ ცდილობს არაფერი არ თქვას, როცა რაღაცაზე საუბრობს. ყველაზე თვალშისაცემი ის იყო, რომ რუსეთი საერთოდ არ უხსენებია. „ვიღაც მარსიანელები, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ამ ოკუპაციის ხაზის მიღმა, ჩვენ ოსებს და აფხაზებს რაღაც სიკეთეებს საქართველოში ვთავაზობთ“, იქ რუსები რომ დგანან, ამაზე ხმა არ ამოუღია. „ვიღაც მარსიანელები ამ საცოდავ უკრაინელებს თავს ესხმიან, ამ უკრაინაში საერთოდ საშინელი მდგომარეობაა, რა უბედურებაა და ჩვენ, საქართველო მათ ყველანაირად ვეხმარებით, 600 რეზოლუციას ხმა მივეცით“. აბსოლუტურად, გამორიცხულია, გამოშიგნულია რუსული კონტექსტი. „კავკასიაში მშვიდობა გვინდა“ - მთავარი დესტაბილიზატორი, მთავარი ფაქტორი არ უხსენებია. ეს გამოსვლა საერთოდ ამოვარდნილი იყო რეალობიდან, რაც მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის განმარტებით, ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლისას მკაფიოდ და ცალსახად უნდა ეთქვა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

„ამაზე მაღალი ტრიბუნა მსოფლიოში არ არსებობს, სწორედ ამიტომ, ირაკლი კობახიძეს მკაფიოდ და ცალსახად უნდა ეთქვა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რუსეთს თავის თავზე ვალდებულება აღებული აქვს. კერძოდ, რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ვალდებულება თავის თავზე აღებული აქვს, რომ ჯარებს გაიყვანდა, ხოლო რუსეთი ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ანუ ახალი არაფერი არ უნდა ვთქვათ, რასაც რუსეთმა ხელი მოაწერა, ის უნდა ვთქვათ. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარები არ გაჰყავს, მათ ხელშეკრულება დაარღვიეს, „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ესეც მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთი უკანონობას ჩადის. ამასთან, ის რაც ხდება უკანაში, არის გაგრძელება 2008 წლის ოკუპაციისა საქართველოს წინააღმდეგ. ეს კობახიძეს მკაფიოდ და ცალსახად უნდა ეთქვა. რუსეთის აღნიშნული ქმედებები მუდმივად გასამეორებელია, როცა ჩვენ ამას არ ვიმეორებთ, მაშინვე მსოფლიოში განცდა ჩნდება, რომ საქართველო ამას შეეგუა. ჩვენი სტრატეგიული მეგობრები - აშშ და ევროკავშირი, რეგულარულად ამბობენ, რომ რუსეთმა ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს, ჩვენ სამარცხვინოდ ამას არ ვამბობთ.

სასაცილოა, ჯერ ერთი, რატომ მიმართა გაეროდან აფხაზებს და ოსებს. ეს ხალხი გაეროში აღიარებულია თუ რაშია საქმე? ეს ამ გამოსვლის ყველაზე დიდი ბოროტება არ არის, მაგრამ ეს არის შიშნარევი რაღაცა კომპლექსები, იმიტომ, რომ აფხაზებს და ოსებს თბილისიდან უნდა მიმართო. კი ბატონო, მათ გაეროდანაც მიმართე, პრობლემა არ არის, მაგრამ როცა რუსეთს არ ახსენებ და აფხაზებს ახსენებ, რაც უცნაურია. რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ის ანგრევს მის მეზობლებს - საქართველოს, უკრაინას. კობახიძე რუსეთს არ მიმართავს და აფხაზებს და ოსებს მიმართავს, რომლებიც გაეროს წევრი სახელმწიფოები არ არიან. აფხაზები და ოსები ვალდებულები არ არიან გაეროში გაჟღერებულ სიტყვებს მოუსმინონ. არანაირად ლოგიკაში არ ჯდება, რატომ უნდა ახსენო გაეროს ტრიბუნაზე აფხაზები და ოსები და არ ახსენო რუსეთი? ეს არანაირ ლოგიკაში არ არის. თვალშისაცემია - არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა, სიმხდალე და ა.შ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ არაფერი გაკეთებინათ“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"