ექვსი მიმართულება ფრონტზე, სადაც უკრაინის დამცველებს ყველაზე მეტად უჭირთ - რომელ ქალაქებს ემუქრებათ რუსეთის ალყაში მოქცევის საფრთხე?! - კვირის პალიტრა

ექვსი მიმართულება ფრონტზე, სადაც უკრაინის დამცველებს ყველაზე მეტად უჭირთ - რომელ ქალაქებს ემუქრებათ რუსეთის ალყაში მოქცევის საფრთხე?!

თუ რა არის მოწინააღმდეგის მოიერიშე ძალების მხრიდან ალყაში აღმოჩენის საფრთხე, ძალიან კარგად გვახსოვს მათ, ვინც 31 წლის წინ, 1993 წლის 26 სექტემბერს, სოხუმში ვიყავით და ქალაქის დაცემამდე, თურმე, ერთი დღე გვრჩებოდა...

დღეს ანალოგიურ სიტუაციაში უკრაინელები იმყოფებიან და თანაც - ერთდროულად რამდენიმე დიდ-პატარა ქალაქის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან...

1-alqa-1727347366.jpg
უმოწყალოდ დაბომბილი უკრაინული ქალაქების ქუჩებში შეჭრილი რუსული ტანკები სამწუხარო რეალობაა...

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საარმიო დანაყოფებმა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კურკის ოლქში შეძლეს შეღწევა და 50 დღე-ღამეა, ახერხებენ ოკუპირებული რუსული მიწების შენარჩუნებას, თავად უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთი აგრძელებს, შეიძლება ნელი ტემპით, მაგრამ - ახალი უკრაინული მიწების ოკუპაციას. კიევის ჩანაფიქრმა, რომ კრემლი აეძულებინა, აღმოსავლეთ ფრონტიდან მოიერიშე დანაყოფები მასობრივად მოეხსნა და კურსკის დასაცავად გადაესროლა, ნაკლებად იმუშავა.

აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის დამცველებს ექვს მიმართულებაზე კრიტიკული სიტუაცია ექმნებათ, რასაც რამდენიმე, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევა და დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს...

პირველი - უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტს, თუკი ზემოდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჩამოვყვებით, ალყაში მოქცევის დიდი საფრთხე ელოდება კუპიანსკს, ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქს, რომლის დაცემის შემთხვევაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებს გზა ეხსნებათ დასავლეთით, ხარკოვისკენ და შეიძლება შეუერთდნენ ჩრდილოეთიდან, ვოლჩანსკიდან შეჭრილ სხვა რუს ოკუპანტებს;

მეორე - მძიმე მდგომარეობა შექმნილია ბახმუტის რაიონის სივერსკთან, რომლიდანაც სლოვიანსკი (ბოლომდე დაუპყრობელი დონეცკის ოლქის უკანასკნელი დიდი ქალაქი) მხოლოდ 30-ოდე კმ-ით თუ არის დაშორებული;

2-alqa-1727347469.png
რუსეთ-უკრაინის ომის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზი, რომელზეც რუსი ოკუპანტების შეტევების ექვსი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა კუპიანსკთან, სივერსკთან, კონსტანტინოვკასთან, პოკროვსკთან, კურახოვოსთან და უგლედართან.

მესამე - აღმოსავლეთ ფრონტის უფრო ქვემოთ, სამხრეთ ნაწილში, კონსტანტინოვკიდან ათიოდე კმ-ში, კიდევ ერთი „ტომრის“ შექმნის საფრთხე იკვეთება, რომლის ზედა „საცეცი“ ჩასოვ იართან იწყება, ქვედა კი -ტორეცკთან...

მეოთხე - პოკროვსკზე შეტევაც არ ჩერდება, რადგან მისი დაპყრობის შემთხვევაში, რუსი ოკუპანტები გადაჭრიან მთავარ გზებს, რომელთა საშუალებითაც პავლოგრადიდან მარაგდებიან უკრაინის აღმოსავლეთი ფრონტის დამცველები;

მეხუთე - კურახოვოსთან მტერი ექვს კმ-შია მიახლოებული და იქ შეჭრის შემთხვევაში, დაბლოკავენ ზაპოროჟიედან მიმავალ მთავარ ასფალტირებულ მაგისტრალს;

მეექვსე - ყველაზე მძიმე სიტუაცია კი მაინც აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტების კვეთაზე, უგლედართანაა შექმნილი, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე ალყაშია და მხოლოდ ჩრდილოეთით რჩება პატარა გასასვლელი, მაგრამ ეს „ფანჯარაც“ ეტყობა დღე-დღეზე ჩაიკეტება და უგლედარის 2,5 წლის განმავლობაში შეუცვლელად დამცველი უკრაინული 72-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის მებრძოლები, იმედია, ალყაში არ ჩარჩებიან.

3-alqa-1727347511.png
თვალსაჩინო ნახაზი, თუ სად არის უგლედარში უკრაინელების თავდაცვითი ზღუდეები (ლურჯად) და რა მიმართულებებიდან უტევენ რუსი ოკუპანტები (ყვითელი ისრები), წითელი ხაზი აღნიშნავს აღმოსავლეთიდან ფრონტის ხაზის მიახლოებას, ხოლო მწვანედ მონიშნულია ის ორი გრუნტის გზა, რომელთა გამოყენებითაც ჯერ კიდევ შეიძლება თითქმის ალყაშემორტყმული ამ პატარა ქალაქის დატოვება...

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია -რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჰყოფნით იმის ძალა და რესურსები, რომ ერთდროულად აწარმოონ მუდმივი შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთ ფრონტის ზემოჩამოთვლილ მიმართულებებზე და მიუხედვად დიდი საბრძოლო დანაკარგებისა (რომლებსაც კრემლში ისტორიულად „ჩამოწერენ“), მიაღწიონ მცირე ტემპებით წინსვლას.

ამის მიზეზი (გარდა აგრესორი რუსეთის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებისა) კი ისიცაა, რომ არასრულყოფილი და დაგვიანებული სამხედრო დახმარება მიეწოდება უკრაინას იმ დასავლეთიდან, რომელმაც ბოლომდე გვერდში დგომა აღუთქვა კიევს.

თუმცა აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის არმიის გახანგრძლივებული საბრძოლო წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მაინც თავად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხშირ, არასწორ ქმედებებში უნდა ვეძიოთ, მათ შორის - დაგვიანებული და არასრულყოფილი მობილიზაციის განხორციელების, ფრონტის ხაზზე მებრძოლი პირადი შემადგენლობის არადროული როტაციის, სარდლობის მხრიდან ოპერაციების შეცდომით დაგეგმვისა და წარმართვის სახით...