"გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს დასავლელ პარტნიორებთან..." - რა ფუნქციებს აკისრებს მამუკა ხაზარაძე ყოფილ პრეზიდენტს
გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს დღეს საქართველოში. მისი ეს კავშირები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ „ძლიერ საქართველომ“ საქართველო დააბრუნოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ვექტორზე, - ასე უპასუხა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საარჩევნო სიაში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის არყოფნას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მეოთხე პრეზიდენტის მხარდაჭერა კოალიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„გიორგი მარგველაშვილი გუშინ შემოუერთდა კოალიცია „ძლიერ საქართველოს“. მეოთხე პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ჩართული იქნება მთლიანად ჩვენი პროგრამის განხორციელებაში, მის ადამიანებთან მიტანაში და ა.შ. გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც, მგონი, ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს დღეს საქართველოში. მისი ეს კავშირები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველო „ძლიერ საქართველომ“ დააბრუნოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ვექტორზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო სია წარადგინა. სიაში არაა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კოალიციას გუშინ შეუერთდა.