"ისევ ვმკურნალობ...საქართველოს ხელისუფლება ნუ ინერვიულებს..." - რას პასუხობს უკრაინაში მებრძოლი მამუკა მამულაშვილი ბოლოდროინდელ ბრალდებებს?
"უკრაინული სპეცსამსახურები საქმის კურსში არიან, საომარი მოქმედებების დროს პროვოკაციები და სიცრუის ტირაჟირება დასჯადია", - ამბობს, "ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ ქართულმა სამთავრობო ტელეკომპანიებმა გამოცემა "უკრაინა თუდეის“ სტატიაზე დაყრდნობით მოამზადეს სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ მამუკა მამულაშვილმა მოწამვლის ფაქტი გამოიგონა და მისი სისხლის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. სტატიის თანახმად, კონკრეტული პირები ფინანსური დონაციის მოზიდვის მიზნით, თაღლითურ სქემებს მიმართავდნენ და რეალურად დონაციით შემოსული თანხების ნაწილი უკრაინის ნაცვლად, მათ ანგარიშებზე მიდიოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ "უკრაინა თუდეი“ დაუკავშირდა "ქართულ ლეგიონს“ და საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. რა მოხდა სინამდვილეში, რა რეაქცია მოჰყვა ქართველი მეომრის მადისკრედიტირებელ სტატიას უკრაინაში და რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიისა და სატელევიზიო სიუჟეტების გმირი, ამის შესახებ მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:
- ეს იყო კარგად დადგმული რუსული პროპაგანდის ნაწილი. თქვენს მიერ ნახსენებ სატელევიზიო გადაცემებსა და სტატიებში წარმოდგენილი ბრალდებები არის აბსოლუტური სიცრუე. გაინტერესებთ, ვინ არის და რას წარმოადგენს ჩემი მადისკრედიტირებელი სტატიის ავტორი, ჯეი ბიჩერი და მისი "უკრაინა თუდეი“? ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ. ბიჩერის "უკრაინა თუდეის“ არაფერი არ აქვს საერთო უკრაინაში ნამდვილად მოქმედ ინტერნეტგამოცემა "უკრაინა თუდეისთან“, ის არის ბრიტანეთში დარეგისტრირებული დომეინი, რომელიც რუსული პროპაგანდის სამსახურშია. უკრაინული მედიის ყველა წარმომადგენელმა უარყო ჯეი ბიჩერთან რაიმე ტიპის კავშირი და თანამშრომლობა. სიტყვიერადაც უარყვეს ამ პროვოკატორთან ურთიერთობა და წერილობითი განმარტებაც გამოგვიგზავნეს იმის შესახებ, რომ ჯეი ბიჩერი მუშაობდა "კიევ პოსტში“ თარჯიმნად, მაგრამ პროვოკაციების გამო გააძევეს. ე.ი. ჟურნალისტიც კი არ არის, თარჯიმანია.
ამასთანავე, გაირკვა ისიც, რომ ბიჩერი ბრიტანეთში მოქმედი პრორუსული პარტიის წარმომადგენელი და ნაცისტური მოძრაობის გულმხურვალე დამცველია. ამ ადამიანმა ჩამოწერა სიცრუის ბლოგები და სათაურად დააწერა - "ქართული ლეგიონის“ მეთაური ცრუობს.“ ასეთი ქმედება უკრაინაში კანონით ისჯება, სპეცსამსახურები უკვე საქმის კურსში არიან და რაც საჭიროა, იმას გააკეთებენ. უკვე დიდი ხანია, მონდომებით ცდილობენ "ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ ამაოდ ირჯებიან, ეს არის დიდი ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს იურისტები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად იმოქმედებენ. იხილეთ სრულად