როგორია ზელენსკის "გამარჯვების გეგმა" და რა მოხდება, თუ უკრაინამ ომი წააგო? - "უკრაინის მარცხი მსოფლიოსათვის დასავლეთის ავტორიტეტის საჩვენებელი კრახი იქნება“
ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექტეიტორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „როგორ გამოიყურება და რას ნიშნავს „გამარჯვება“ უკრაინულად?“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“, რომელიც ამჟამად, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს იხილება. გარდა ამისა, მასალაში საუბარია რუსეთ-უკრაინის ომის საგარეო-პოლიტიკურ ასპექტებზე და სავარაუდო კომპრომისებზე, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ამ კვირაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ხელისუფალთ თავის „გამარჯვების გეგმას“ აცნობს, განუმარტავს ომის წარმატებულად დასრულების დეტალებს და იმედი აქვს, რომ ამერიკა უკრაინას უფრო აქტიურად დაეხმარება. მაგრამ რას ნიშნავს რეალურად „გამარჯვება“? რა იგულისხმება და რა აზრია ჩადებული ამ სიტყვაში, უკრაინული გაგებით? ჩნდება კითხვები, რომლებიც ფუნდამენტურ უთანხმოებას იწვევს, როგორც კიევსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის, ასევე, თვითონ ქვეყნის შიგნითაც.
ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების პრაქტიკული შედეგი უნდა გახდეს რუსეთის ჯარების გაძევება ქვეყნის ტერიტორიებიდან, „ძალადობრივი ან დიპლომატიური საშუალებებით“. იგი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. იმავდროულად, ყველა ხედავს კიევის განცხადებების შეუსაბამობას: უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გამარჯვებაზე „დამაჯერებლად“ ლაპარაკობენ, ამ დროს კი რუსეთის ჯარები დონბასში შეუჩერებლად წინ მიდიან.
უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ძირითად ელემენტს თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გაფართოება წარმოადგენს. ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა კიევისთვის 5,5 მილიარდი დოლარის ტრანში გამოაცხადა, რომლის გარკვეული ნაწილი იარაღის მიწოდებას მოხმარდება (717 მილიონი დოლარი), მაგრამ ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების რემონტისათვის, სურსათისათვის, მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის, განაღმვითი სამუშაოებისათვის და ა.შ.
ვოლოდიმირ ზელენსკის კი უფრო მეტად შორი მოქმედების რაკეტების მიღება და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად მათი გამოყენების უფლების მიღება სურს. მას უნდა, რომ დასავლეთმა გარანტირებულად მხარი დაუჭიროს უკრაინის მიღებას ნატოში და ევროკავშირში. თუ ზელენსკის სურვილები არ შესრულდება, მაშინ, როგორც ბორის ჯონსონი (ბრიტანეთის ექსპრემიერი) წერს, უკრაინა დამარცხდება. ეს იქნება „კატასტროფული მარცხი, არა მარტო კიევისათვის, არამედ - ნატოსთვისაც. უკრაინის მარცხი მთელი მსოფლიოსათვის დასავლეთის ავტორიტეტის საჩვენებელი კრახი იქნება“.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბორის ჯონსონის ლოგიკის თანახმად, თუ უკრაინიდან რუსეთის ჯარები მთლიანად არ იქნებიან გაყვანილნი (იგულისხმება 2014 წლიდან დაკავებული ყველა ტერიტორიიდან), მაშინ ეს უკრაინის დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც, უკრაინა ვალდებულია, იმდენ ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება ანუ ვიდრე მიზანს არ მიაღწევს. ამისათვის უკრაინა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ჯარში იძულებითი გაწვევის ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უკრაინას ტერიტორიები არ დაუბრუნდება და რუსეთი არ დაისჯება, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.
ამასობაში კი უკრაინული საზოგადოების პოზიცია ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება - სულ უფრო მეტი მცხოვრები ითხოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მშვიდობის დამყარებას და უსაფრთხოებას. იქნებ უკრაინის გამარჯვების ჭეშმარიტება გამოიხატება არა იმდენად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, არამედ - ქვეყნის დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოდ გადაქცევაში? ისეთ ქვეყნად, რომელსაც სამომავლოდ გარანტიები ექნება ნატოს წევრად მიღებაში? იქნებ სწორედ ეს არის ის „გამარჯვება“, რომ ახალგაზრდა უკრაინელების - ქვეყნის მთავარი სიმდიდრის გარდაუვალი სიკვდილი, ნგრევა, უბედურება აღარ გაგრძელდება და ქვეყანა ფერფლისაგან აღდგება?
ამას წინათ კიევში გახლდით და ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტის ერთ-ერთ ყოფილ მინისტრთან საუბარი მომიხდა. „ჩვენ იძულებულნი ვართ, დაკარგული ტერიტორიები მოვიკვეთოთ, სახელმწიფოს გადასარჩენად. ამპუტაცია გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, განგრენა მთელ სხეულს მოედება. დღეს მმართველი პოლიტიკური ელიტა რუსეთთან ომს აგებს. მთავრობასა და რიგით უკრაინელებს შორის გაჩენილი ნაპრალი ამჟამად ისეთი დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - მითხრა მან კონფიდენციალურად. სხვათა შორის, მოსახლეობის განწყობას ადასტურებს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებიც...
რა ხდება? ნუთუ ვოლოდიმირ ზელენსკი ისეთი მიამიტია, რომ ვერაფერს ხვდება, ვერ აცნობიერებს და კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინას შეიძლება ომამდელი საზღვრები დაუბრუნდეს? ან იქნებ იგი, როგორც ამას პრეზიდენტის შიდაოპონენტები აცხადებენ, სპეციალურად ცდილობს, მოსახლეობას დასავლეთის მზაკვრული ღალატი აჩვენოს და შემდეგ თქვას - „მე ყველაფერი ვიღონე, დასავლეთი კი არ გვეხმარება, ამიტომ იძულებული ვარ, რუსეთთან მოლაპარაკება დავიწყოო“ ანუ თვითონ ღირსება შეინარჩუნოს და ყველაფერი დასავლეთს გადააბრალოს.
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო (იგი მაიდნის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამჟამად კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია) ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ვაშინგტონისათვის მომზადებული „გამარჯვების გეგმის“ და ამბიციური სურვილების ნამდვილი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ გეგმა ამერიკამ უარყოს.
იური ლუცენკოსეული სცენარით, „შექმნილი სიტუაციის გამო“, უკრაინის პრეზიდენტი იძულებული გახდება, კრემლთან დათმობაზე წავიდეს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. მოსკოვის მოთხოვნებში, ალბათ, 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკების პუნქტებიც იქნება შეტანილი, რომლებიც უკრაინის ნეიტრალიტეტს ეხება და მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ სტატუსსაც. მიღწეული შეთანხმების შემდეგ ჩატარდება რეფერენდუმი, რომლის წინ მთავრობა განაცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობის გადასარჩენად. ამით ვოლოდიმირ ზელენსკის ექნება შესაძლებლობა, რომ „მშვიდობის პრეზიდენტის პოზაში დადგეს“.
უკრაინის საზოგადოების ნაწილი, ალბათ, ცეცხლის ნებისმიერი სახით შეწყვეტის წინააღმდეგი იქნება და ფრონტის ხაზის სადემარკაციო ხაზად გადაქცევას სამშობლოს საშინელ ღალატად და ეროვნულ-ისტორიულ სირცხვილად შეაფასებს. გამოჩნდებიან საზოგადოების ის წარმომადგენლებიც, რომლებიც თავის დროზე სტამბოლის მოლაპარაკების შეწყვეტის მიზეზთა გარკვევას დაიწყებენ - თუ ამდენი მსხვერპლის ფასად ისევ იმ შედეგებამდე მივიდოდით, მაშინ საინტერესოა, ვინ და რატომ ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო პროცესიო. თუ იქნება მესამე მხარე, რომელსაც ყველაფერი დაბრალდება, მაშინ დასავლეთი შეძლებს იმ უკრაინელთა შერიგებას, რომლებიც მშვიდობასა და სამართალს ითხოვენ. ეს იქნება გასაღები სამომავლოდ უკრაინის მართვის შესანარჩუნებლად.
იდეაში, „გამარჯვება“, რასაკვირველია, მშვიდობისა და სამართლიანობის ელემენტებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ უკრაინის ტერიტორიული გაყოფა, როგორ ტრაგიკულადაც უნდა ჟღერდეს, უკვე განხორციელდა. გავიხსენოთ დეიტონის შეთანხმებები, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ: მომლაპარაკებელმა მხარეებმა აღიარეს, რომ დაკარგული მიწების უკან დაბრუნება და „სტატუს ქვო ანტე ბელუმ“-ის (ლათ. „რაც იყო ომამდე“) აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დონბასში და ყირიმში ამჟამად, ფაქტობრივად, მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. და თუ მათ ისევ უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრებას აიძულებენ, განა ამით უკრაინა ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება? ალბათ - უფრო პირიქით.
ბევრი ადამიანი, რომლებიც უკრაინის ურყევი მოკავშირეები არიან, ამტკიცებენ, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიის 22%-ს მიიღებს, ეს კრემლისთვის ჯილდო იქნებაო. „ჩვენ თუ ასე გავაკეთებთ, მაშინ ყოფილი საბჭოთა იმპერიის პერიფერიებით ვრისკავთ“, - განაცხადა გასულ კვირას ბორის ჯონსონმა, - „ალბათ, მალე ვიქნებით სხვა ადგილებში კრემლის აგრესიული პოლიტიკის ესკალაციის მომსწრენი და ვლადიმერ პუტინი იფიქრებს, რომ მისმა მოქმედებამ გაამართლა. იგივე მოხდება სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში (ჩინეთის მოქმედებით) და ახლო აღმოსავლეთში (ისრაელის მხრიდან)“.
მაგრამ განა ვინმე ამტკიცებს, რომ ფინეთმა 1939-40 წლებში „ზამთრის ომი“ წააგო, როცა იოსებ სტალინის „უძლეველ“ წითელ არმიას ებრძოდა? პირიქით: მიუხედავად მტრის მრავალრიცხოვნობისა, მამაცმა ფინელებმა თავიანთი თავგანწირული ბრძოლით რუს დამპყრობლებს დიდი ზარალი მიაყენეს და გარკვეული [გარდაუვალი] ტერიტორიული კომპრომისის ფასად შეძლეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, შეძლეს ქვეყნის აყვავება და მართვის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება.
რა თქმა უნდა, კომპრომისებს ძალიან ხშირად თან ახლავს სინანული, სირცხვილისა და ღალატის გრძნობა: „რას იტყვის ჩვენზე შთამომავლობა? როგორ სახელს ვტოვებთ ქვეყნის ისტორიაში?“. დიახ, ომს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით უკრაინელმა სახლ-კარი დაკარგა და უცხოეთს შეფარა თავი... მაგრამ იგივე მოხდა 1945 წელს პომერანიისა და აღმოსავლეთ პრუსიის მცხოვრებ გერმანელთა მიმართ, იგივე მოხდა ქაშმირელების, პენჯაბელებისა და ბენგალიელების მიმართ, 1947 წელს, კვიპროსელთა მიმართ, 1974 წელს... ალბათ, რუსეთ-უკრაინის ომიც მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, როცა ვერც ერთი მხარე ერთმანეთს ვერ ამარცხებს, ზარალი კი - კატასტროფულად მატულობს.
დიახ, ტერიტორიული დათმობის დროს სამართლიანობის დაცვაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია და ხშირად - შეუძლებელიც. მაგრამ უკრაინას შეუძლია დასავლეთის ძლიერების გარანტიით თავისი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება შეინარჩუნოს, თავისუფალი დარჩეს, აყვავდეს და განვითარდეს. იქნებ, უკრაინის რეალური დიდება და გამარჯვება უსასრულო ბრძოლებში კი არ გამოიხატება, არამედ - ახალი დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში?!