ასლან აბაშიძის "აჩრდილი" მოლდოვაში: პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი - ქალი ქალის წინააღმდეგ ანუ ვის დაავალა კრემლმა ამ ქვეყნის შიგნიდან აფეთქება - კვირის პალიტრა

ასლან აბაშიძის "აჩრდილი" მოლდოვაში: პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი - ქალი ქალის წინააღმდეგ ანუ ვის დაავალა კრემლმა ამ ქვეყნის შიგნიდან აფეთქება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთხელ ხმამაღლა განაცხადა: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას ოდნავ მაინც ესმის რუსული ენაო. რას ნიშნავს პუტინის ლექსიკაში „აქტივობა“, მგონი, ყველასთვის გასაგებია.

დღეისთვის რუსეთის სპეცსამსახურებში დიდი ყურადღება ეთმობა “რბილი ძალის” კონცეფციის ახლებურ გააზრებას და ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მომზადებას. მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთის ყველა სპეცსამსახურს ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აქვს, სადაც სხვადასხვა მრავალფეროვან კვლევით თემატიკას შორის „ჰიბრიდული ომის“ წარმოების თანამედროვე სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებიც მუშავდება. რუსი „სამხრეებიანი მეცნიერები“ ამჟამად რუსული “რბილი ძალის” ძირითად ინსტრუმენტებად მიიჩნევენ: რუსულ ენას, კულტურას (კლასიკურსა და თანამედროვეს), მეცნიერებასა და განათლებას, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას ( სხვა ქვეყნებში, თორემ რუსეთში მხოლოდ ხელისუფლების მიერ დაფინანსებული „ჯიბის“ „არასამთავრობო“ ორგანიზაციებიღა დარჩა), ახალგაზრდული პროგრამების ამოქმედებას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებებს (პრორუსული ტელევიზიები, პროპაგანდისტული ელექტრონული მედია და ა.შ.), ტურიზმსა და ასევე -მიგრაციას.

“რბილი ძალის” გამოყენების შედეგად რუსეთის ხელისუფლება ცდილობს: სამიზნე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედებას, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებას, რუსეთის დადებითი იმიჯის შექმნისა და რუსეთის იმპერიული აგრესიის გასამართლებლად და სხვ.

როგორ ვებრძოლოთ რუსეთის „ჰიბრიდულ შეტევებს“? ეს პრობლემა სწორედ ახლაა ყველაზე აქტუალური, რადგანაც კარს მომდგარია ძალზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში (5 ნოემბერს) და მოლდოვაში (20 ოქტომბერს), ასევე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში (26 ოქტომბერს).

დღეს მოლდოვას მაგალითზე ვნახოთ, თუ როგორ ებრძვის „დავითი“ „გოლიათს“. თუ აშშ-ში და საქართველოში რუსეთის „მეხუთე კოლონა“, ძირითადად, ფარულად მოქმედებს, მოლდოვაში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია, რომლებიც ღიად და დაუფარავად ასრულებენ მოსკოვის დავალებებს. თუ მოლდოვას ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური კურსი ევროინტეგრაციაა, პრორუსული ძალები „ევრაზიული კავშირისკენ“ მიათრევენ ამ პატარა ქვეყანას. იქ მას „გველეშაპი“ ელოდება, რომელიც წამიერად „გადასანსლავს“ (ბელარუსი და შუა აზიის ქვეყნები ამის თვალნათელი მაგალითია). ასე რომ, რეალურად მხოლოდ ეს ორი არჩევანია. ე.წ. „ნეიტრალიტეტი“ მოლდოვასთვის (როგორც საქართველოსთვის) იმავე კრემლისკენ მიმავალი გზაა, რაც უნდა ლამაზად „შეფუთონ“ ეს „დოქტრინა“.

იგორ დოდონს მოლდოვას „დამოუკიდებელი პრეზიდენტი“ ერქვა, თუმცა 2016-2020 წლებში, თვე არ გავიდოდა, რომ რუსეთის დედაქალაქს არ სტუმრებოდა და იქ დავალებები არ მიეღო. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუსთან დამარცხების და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგორ დოდონის „სოციალისტური პარტიის“ კრახის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დარწმუნდნენ: დოდონი უკვე იმდენად იყო კომპრომეტირებული, რომ ის „პოლიტიკურ სცენიდან“ უნდა წასულიყო.

picture4-1727418075.jpg

ალექსანდრე სტოიანოღლო და იგორ დოდონი

იგორ დოდონი „მოლდოვა-რუსეთის ბიზნესკავშირის“ თავმჯდომარედ დანიშნეს, სადაც, არსებული ინფორმაციით, მისი ყოველთვიური ხელფასი (ალბათ, უფრო აგენტურული გასამრჯელო) ორმოცდაათ ათას დოლარზე მეტია. დოდონმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და თავის მომხრეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ყოფილ გენერალურ პროკურორს ალექსანდრე სტოიანოღლოს, რომელიც ამ თანამდებობიდან 2021 წელს გაათავისუფლეს, პრეზიდენტ სანდუსთან კონფლიქტის გამო. ასე რომ, 2024 წლის 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლმა ახალ, პრორუსული ორიენტაციის „დოღის ცხენზე“ დადო ფსონი და დღეს ალექსანდრე სტოიანოღლო მაია სანდუს მთავარი კონკურენტია.

მოლდოვას ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთის „ჰიბრიდულ შეტევებს“ კონტრღონისძიებებით უპასუხოს. 2023 წლის ზაფხულში მოლდოვამ ქვეყნიდან 22 რუსი დიპლომატი და 23 ტექნიკური პერსონალი გააძევა, რომლებიც ღიად და ფარულად მოლდოვაში დესტაბილიზაციის ოპერაციებს ახორციელებდნენ. რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევების მიზეზად მოლდოვას ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურების არნახული გააქტიურება დაასახელა.

picture3-1727418075.jpg

რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ტოვებენ მოლდოვას

რუსეთის „ჰიბრიდული შეტევის“ ავანგარდში რუსულენოვანი ტელევიზიები არიან. ასევე იყო მოლდოვაშიც, სადაც ანტისახელისუფლებო რიტორიკა და პრორუსული პროპაგანდა დღითი დღე ძლიერდებოდა. „ თუ მაია სანდუ კვლავ გახდება პრეზიდენტი, არ იქნება ქვეყანა და არ იქნება ეკლესია“, – არ ცხრებოდნენ მოსკოვიდან დაფინანსებული „ექსპერტ-ანალიტიკოსები“. ამიტომ ქვეყანაში, რუსული მედიის გავლენის შემცირების მიზნით, მოლდოვას ხელისუფლებამ რუსულენოვან სატელევიზიო არხებს სამაუწყებლო ლიცენზიები შეუჩერა.

picture2-1727418075.jpg

მაია სანდუ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში. კიშინიოვი, 2024 წლის 12 სექტემბერი

გუშინ, 2024 წლის 26 სექტემბერს, მოლდოვას მთავარი სპეცსამსახურის - „ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის“ რეკომენდაციით, მოლდოვას ხელისუფლებამ ხუთი რუსული პროპაგანდისტული და ერთი მოლდოვური ინტერნეტსაიტი დაბლოკა . ესენია: Nezavisimaya Gazeta, RIA Novosti, RIA Novosti Crimea, News of Crimea, ასევე - ყირიმის ე.წ. მთავრობის ვებსაიტი. ასევე, დაბლოკილია მოლდოვის ანტიევროპული პროპაგანდისტული პორტალი Nu Acum.

მოლდოვას ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროინტეგრაციის შესახებ რეფერდუმის შედეგების გაყალბება კრემლის მთავარი მიზანი იქნება. ამიტომაც მოლდოვას ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებსა და რეფენდუმში რუსეთის ჩარევა მაქსიმალურად შეამციროს. ამიტომაც იყო, რომ რუსეთში მცხოვრები და ხმის მიცემის უფლების მქონე მოლდოვას მოქალაქეებისთვის მხოლოდ 5 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ნაცვლად ადრე გამოცხადებული 29 საარჩევნო უბნისა. ვფიქრობ, მოლდოვას ხელისუფლებას ამ ხუთ საარჩევნო უბანზეც გაუჭირდება რუსეთის ეფ-ეს-ბეს მიერ ორგანიზებული „კარუსელების“ თავიდან არიდება და ოცდაათ საარჩევნო უბანზე ხომ სრული განუკითხაობა იქნებოდა! - პრეზიდენტობის პრორუს კანდიდატს „კამაზებით“ ჩაუყრიდნენ საარჩევნო ბიულეტენებს.

შედარებისთვის გეტყვით, რომ მთლიანობაში, მოლდოვა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის 234 საარჩევნო უბანს გახსნის, მათ შორის: იტალიაში (60), გერმანიაში (26), საფრანგეთში (20) და ა. შ.

რუსეთის წინასაარჩევნო „ჰიბრიდული შეტევის“ მნიშვნელოვანი იარაღი მოლდოვას სეპარატისტული რეგიონები არიან. თუ „დნესტრისპირეთის რესპუბლიკა“ 20 ოქტომბრის არჩევნებში არ მონაწილეობს, სხვა მდგომარეობაა გაგაუზიასთან დაკავშირებით: ის ფორმალურად მოლდოვას რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის, თუმცა თითქმის მთლიანად პრორუსული რეგიონია. იქაური მოსახლეობა (დაახლოებით, 150 ათასი ადამიანი), ძირითადად, რუსულ ენაზე საუბრობს და არასოდეს ხმას არ აძლევს პროდასავლურ პოლიტიკოსებს. გაგაუზია, ფაქტობრივად, რუსეთის ოფიციალური „მეხუთე კოლონაა“ მოლდოვაში (დაახლოებით იგივე, რაც ასლან აბაშიძის დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის).

არ გაგიკვირდეთ და რუსეთის „ჰიბრიდულ ომში“ ხშირად პირადად დიქტატორი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს, თუმცა ის თავის თავზე ყველაზე „მძიმე მისიებს“ იღებს. ასე იყო, მაგალითად, როდესაც ვლადიმერ პუტინი პირადად შეხვდა გაგაუზიის ხელმძღვანელს (ბაშკანს), ცნობილი პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოს-ბიზნესმენ-ავანტიურისტის, ილან შორის პარტიის წევრს, ქალბატონ ევგენია გუცულს.

picture1-1727418075.jpg

არა და არ ისვენებს რუსეთის დიქტატორი

ეს 2024 წლის 6 მარტს, სოჭში გამართული „მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის“ ფარგლებში, ვითომ „შემთხვევით“ მოხდა. ამ ღონისძიებას რუსები ეძახიან „მსოფლიო ფესტივალს“, თორემ იქ მხოლოდ დსთ-ის, БРИКС-ისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები იყვნენ. რუსეთის ოფიციალურმა მედიამ ამ შეხვედრას „ხანმოკლე საუბარი“ უწოდა, თუმცა ასე ნამდვილად არ იყო. მეორე დღეს თავად ევგენია გუცულმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა: „სოჭის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩემთან განიხილა ის რთული რეგიონალური და გეოპოლიტიკური საკითხები, რომლის ეპიცენტრი ჩვენი გაგაუზიაა... კიშინიოვი ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს უფლებამოსილებებს, ზღუდავს ჩვენს ბიუჯეტს, არღვევს ჩვენს კანონიერ უფლებებს, ახდენს არასტაბილურობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას გაგაუზიასა და მთელ ქვეყანაში. რუსეთის ლიდერმა პირობა დადო, რომ საერთაშორისო არენაზე მხარს დაუჭერს გაგაუზიას და გაგაუზ ხალხს, ჩვენი ლეგიტიმური უფლებების, უფლებამოსილების და პოზიციების დაცვაშიო“.

ცხადია, ქალბატონმა ევგენია „ცუნცულამ“ არ დაწერა მთავარი, რომ პირადად პუტინისგან მიიღო დავალება: იმუშაოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაია სანდუს წინააღმდეგ და გაგაუზიამ პრორუს კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი.

პუტინთან „დაუვიწყარი“ შეხვედრის შენდეგ ევგენია გუცულმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “გაგაუზია, როგორც მოლდოვას ნაწილი, მიიღებს მონაწილეობას შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში და რეფერენდუმში ევროინტეგრაციის შესახებ, მაგრამ მის წინააღმდეგ მისცემს ხმასო. აი ასე „არ ერევა“ რუსეთი სხვა ქვეყნების საქმეებში!