რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 26 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ?! - მთავარი მოთამაშეები, გარე ფაქტორები და მოსალოდნელი სიურპრიზები - კვირის პალიტრა

რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 26 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ?! - მთავარი მოთამაშეები, გარე ფაქტორები და მოსალოდნელი სიურპრიზები

გთავაზობთ ეპიზოდს დავით ზურაბიშვილისა და რამაზ საყვარელიძის ინტერვიუებიდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 23 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტები საუბრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ.

დავით ზურაბიშვილი:

- "ქართული ოცნება" დღეს მთლიანად ორიენტირებულია ძალისმიერ მეთოდებზე, პოლიციაზე, გამგებლებზე ანუ ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს საკუთარი ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანას. იდეოლოგიურად "ოცნება" მიმართავს­ ყველაზე რეტროგრად, ყველაზე ანტიდასავლელ, ყველაზე კორუმპირებულ ამომრჩეველს. აშკარად მათთვის არის ეს რიტორიკა განკუთვნილი, ასეთი ამომრჩეველი კი საქართველოში ნამდვილად არ არის უმრავლესობა, დიდი უმცირესობაა. "ოცნება" ძალის იმედზეა - აქვს ბერკეტები, რესურსები, მაგრამ სადამდე გაქაჩავს ამ რესურსებით, დამოკიდებულია იმაზე, ხალხში რამდენად იქნება განცდა იმისა, რომ ახლა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და აუცილებელია "ოცნების" მმართველობა დასრულდეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი კამპანია გამარჯვების შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ოთხი სუბიექტია, ყველა თავისას ილაპარაკებს და ვნახოთ, რა იქნება.

ხელისუფლების პრობლემა კი თავად ხელისუფლებაა. ოპოზიცია მას დიდ პრობლემას ვერ უქმნის, თვითონ იქმნიან. მაგალითად, ივანიშვილის განცხადებას მთლად ციხის კადრებს ვერ შევადარებ, მაგრამ შესაძლოა ძალიანაც არ ჩამორჩებოდეს. ეჭვი მაქვს, აფხაზებზეც გაიმეორებს. როცა ასეთ რაღაცებს აკეთებ და მერე "გაპრავებას" იწყებ, არ უთქვამსო - როგორ არ უთქვამს, როცა ყველამ მოვისმინეთ, - "ოცნებამ" ასეთი რაღაცების ხარჯზე შეიძლება წააგოს. თუკი ხელისუფლება მოიგებს, დიდი ანგარიშით ვერ მოიგებს, საკონსტიტუციო უმრავლესობაზე­ ლაპარაკი ზღაპარია. 900 ათასზე მეტი ხმა "ქართულ ოცნებას" არასდროს ჰქონია და მილიონ-ნახევრის ამღები ახლაც არ არის. 400-500 ათას ხმას ვერ მოიმატებს ამ რუსული კანონის მიღების მერე - ეს აბსურდია! მაშინ არჩევნები არც უნდა ჩაატაროს და ცესკოს დააწერინოს ის ციფრები, რაც სჭირდება. არა მგონია, ეს შესაძლებელი იყოს.

- მაინც რომ დაიწეროს, ამის შანსი როგორია? მით უმეტეს, კომისიების უმრავლესობაში სწორედ ხელისუფლებაა.

- მიჭირს ამის დაჯერება, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაიწერონ. ეს ტექნიკურად ძალიან ძნელი იქნება, რადგან­ ცესკო, ასე თუ ისე, მარტო არ არის. მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი ფეხებზე უნდა დაიკიდონ და თქვან, ფეხებზე გვკიდია, თქვენ რა ოქმები გაქვთ, ასე გვინდა და მორჩაო. ცივილიზებული ხერხებით რომ სცადონ ამის გაკეთება, საამისო რესურსი არ არსებობს, რადგან ეს "საარჩევნო კოდექსი" ამის საშუალებას არ იძლევა­. თუმცა ის, რომ ოპოზიციის ჯამი არ იყოს უფრო მეტი, ვიდრე "ოცნების", ეს შესაძ­ლებელია. მე მგონია, საბოლოოდ ოპოზიციას უფრო მეტი ექნება, მაგრამ არცთუ ბევ­რით მეტი. ასე რომ, ორივე შემთხვევაში, ანუ ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ ხელისუფლება, გამარჯვების პროცენტი დიდი არ იქნება. ერთმანეთს ბევრით ვერ მოუგებენ, მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის ყველა ვარიანტში მარცხია. თუკი ბიძინას, მინიმუმ, 90 დეპუტატი მაინც არ ეყოლება, თავს მყარად მაინც ვერ იგრძნობს, რადგან ყოველთვის შეიძლება 3-4 კაცი ხელიდან გამოეცალოს, სათუოდ კი თავს არ გაიხდის. რა თქმა უნდა, თუ ოპოზიციამ არ იყოჩაღა­ და ისევ ბოიკოტის რეჟიმზე არ გადავიდა. რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საერთაშორისო­ შეფასება, ჩაითვლება თუ არა ლეგიტიმურად არჩევნები.

ბიძინა ივანიშვილზე დღეს დასავლეთს ძალიან "აკრეფილი" აქვს. ივანიშვილისგან ეს ცოტა გასაკვირიც კია, რადგან ის ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო და როგორც ბოლო დროს აშშ-სა და დასავლეთს ექცევა, არაფერში არ ჯდება. ამას პუტინი და ლუკაშენკო არ აკეთებენ და ასე რის იმედზე იქცევიან, ვერ გავიგე.­ აქ უკვე აშკარად ირაციონალური ამბები შემოდის. საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს ელემენტარული ეთიკის ნორმები, რასაც ივანიშვილი სულ არღვევს, თან ატყუებს, დასავლეთი რამდენჯერმე გადააგდო, ეს კი უპატიებელი ცოდვებია, რასაც ყველა ვარიანტში მოჰკითხავენ. შეიძლება უფრო რბილად მოჰკითხონ, თუ წააგებს, თუ "მოიგებს", ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებენ, - ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. შესაძლოა საქმეც აღძრან.

როდესაც სენატორი რიში და მისი მსგავსი პირები თაღლითებს უწოდებენ­ შენს ხელისუფლებას, უნდა ხვდებოდნენ, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან. ამიტომაც ვამბობ, რომ ივანიშვილი ძალიან წინდაუხედავად იქცევა და, თუ დამარცხდა, სწორედ ამის გამო დამარცხდება.

- "ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციებს ლამის მტრებად აცხადებს­. პარალელურად დაანონსებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა... შესაბამისად, თუკი დაიწერა ნეგატიური დასკვნები, როგორი იქნება ივანიშვილის პასუხი?

- ივანიშვილი რას იტყვის, მნიშვნელობა­ არა აქვს, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი შედეგია. თუ არსებითი შედეგით მოიგო ოპოზიციამ, ეჭვი მაქვს, ივანიშვილს მოუწევს ამის აღიარება. თუ სხვაობა პატარა იქნება, არ ვიცი, როგორი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. ამიტომაც ბევრი რამ დამოკიდებულია სწორედ მათ დასკვნებზე. თუ ლეგიტიმური­ არჩევნები ჩატარდა და ივანიშვილმა მოიგო, ასე თუ ისე, ეს მისთვის მისწრება არ იქნება, მას არ დააკმაყოფილებს 2-3 დეპუტატით მეტი, მაგრამ სხვა გზა არ ექნება, ოპოზიცია კი როგორ მოიქცევა, არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, ისევ 2020 წლის უმძიმესი­ შეცდომა დაუშვან და ისევ ბოიკოტი გამოაცხადონ.

- რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ?­

- წარმოდგენა არა მაქვს.­ ადრე ვიტყოდი, რა შედეგებიც დადგება, ივანიშვილი­ აღიარებს-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ არ წავიდოდა ხალხთან დაპირისპირებასა და სისხლის ღვრაზე, ახლა კი არ ვიცი. არც იმაში ვარ დარწმუნებული,­ რომ ახლა არ აღიარებს და აუცილებლად ქვითარს გამოიწერს, ანუ რაც უნდა, იმას დაიწერს. თუმცა საბოლოოდ ყველა ვარიანტში რომ წააგებს, ვიცი. თუ ძალისმიერ მეთოდებზე გადავა არჩევნების წაგების შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება და მართლა რევოლუციას მიიღებს, რევოლუციას კი სისხლის ღვრის გარეშე ვერ ჩაახშობს და ღმერთმა დაიფაროს, ერთი კაცის სისხლიც რომ დაიღვაროს, ეს ხელისუფლება წაილეკება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა და აღიარებს იმ შედეგებს, რაც იქნება.

"გამორიცხული არ არის, ატყდეს ხმაური და რევოლუცია მივიღოთ"

რამაზ საყვარელიძე:

არ ვიცი, არჩევნების შედეგები როგორი იქნება და ვერაფერს ვიტყვი. ადრე ჩემთვის უფრო მკაფიო იყო ამ არჩევნების შედეგები, მაგრამ ახლა ნელ-ნელა სულ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება.

- რის გამო?

- აშკარად ძალიან გაიზარდა დასავლეთიდან ზეწოლა, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ თუ არ შეიცვალა, ევროპა ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედავს და ა.შ. ამ დათქმებმა შეიძლება, ითამაშოს როლი იმაში, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში­ გაჩნდეს განცდა, მოდი, არ მივცემ ხმას "ოცნებას", მივცემ ნებისმიერს და ევროპაში უვიზოდ სიარულის შანსს მაინც არ დავკარგავო. მოგეხსენებათ, ევროპის მიმზიდველობა დიდია. ამიტომ ამ ნაწილმა შეიძლება შეამციროს არჩევნებზე იმის შანსი, რომ მხარი დაუჭიროს "ოცნებას" და დაახლოებით ისეთი სურათი მივიღოთ, როგორიც იყო სალომე ზურაბიშვილის არჩევის დროს პირველ ტურში, თითქმის თანაბრები რომ იყვნენ. ამ თითქმის თანაბრობით "ოცნებამ" მეტი ხმა რომც მიიღოს, მაინც ძალიან სარისკო სიტუაცია იქნება, ატყდება ყვირილი, გაყალბებულიაო. ვიმეო­რებ, მნიშვნელობა არა აქვს, გააყალბებენ თუ არა. თუ სხვაობა 20-25% გამოვიდა, მაშინ გამარჯვება მკაფიო იქნება, მაგრამ ამის გარეშე გამორიცხული არ არის, ატყდეს ხმაური, რევოლუცია მივიღოთ და მაშინ რა მოხდება, არ ვიცი, რადგან რევოლუცია ჭუჭყიანი რამ არის, თანაც, არ არის მთელი მოსახლეობის სურვილი.

- თუკი ივანიშვილმა მოინდომა მაინცდამაინც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, ეს გაყალბების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?

- მე მახსოვს 2003 წლის "ვარდების რევოლუცია". მაშინაც შედეგები ერთმანეთთან ახლოს იყო და დაიწყო მიშამ ყვირილი, გააყალბეთ, თორემ მე ვარ პირველ ადგილზეო, და აჰყვა დასავლეთიც. უფრო სწორად, დასავლეთმა აქამდე მიიყვანა საქმე, რადგან მანამდე აშშ-ის ელჩი დადიოდა შევარდნაძის კაბინეტის წევრებთან და ეუბნებოდა, შევარდნაძეს თუ არ მოიშორებთ, არაფერი გეშველებათო. ამიტომ ამ ტიპის მექანიზმი იყო გადამწყვეტი იმისა­, რომ პირველი შეჯახებების დროს შევარდნაძის გვერდით არავინ აღმოჩნდა, შს მინისტრის გარდა. ყველა გადადგა და ეს ამერიკამ გააკეთა.

- ეს ბრალდებაა, ბატონო რამაზ. ფიქრობთ, \ახლაც დადიან ამერიკელები და ივანიშვილის მინისტრებს ეუბნებიან, გადადექითო?

- რატომაც არა. მაშინაც მერე ამოტივტივდა, რომ იმდროინდელი ელჩი კულისებში დარბოდა. დღეს რა ვიცით, ვინ სად დარბის? თუმცა დღეს მმართველი პარტია­ უფრო მონოლითურია. მაშინ რევოლუციამდე გაცილებით ადრე დაიწყო ლაპარაკი, შევარდნაძე გადასაგდებიაო, ახლა კი ასეთი­ სიტუაცია არ არის. მაშინ ისიც საინტერესო იყო, რომ ამერიკა და რუსეთი ერთდროულად მუშაობდნენ, რადგან რევოლუციის მეორე დღესვე ივანოვი ჩამოვიდა. მაშინ ეს ორივეს აწყობდა, თავის გეგმები ჰქონდა ამერიკას, თავისი - რუსეთს, შევარდნაძის შეცვლა ორივეს აწყობდა და ერთმანეთს შეუწყვეს ხელი. დღესაც ორივეს აწყობს აქ რევოლუცია, ამერიკასაც და რუსეთსაც, რადგან აქ გამავალი სატრანზიტო ხაზი რუსეთსაც ნერვებს უშლის, ოღონდ ამას საჯაროდ ვერ ამბობს, ჩინეთი რომ არ გააბრაზოს. ახლა ჩინეთი ხომ რუსეთს ისე ექცევა, როგორც დიდი ძმა. ამიტომ ამ კონტექსტით ასეთი რევოლუცია რეალურია. იმედს ის მაძლევს, რომ ეს ბოლომდე ვერ მოხდება, იმიტომ, რომ რევოლუციას ამერიკა ბოლომდე არ მიჰყვება.

ასი კაცის დასანქცირება აქვთ გამოცხადებული, მაგრამ ასი კი არა, ათი კაცი ვერ იპოვეს. ე.ი. აქაც რაღაც თამაში მიდის. ევროპაში გამავალი კაბელი ახლახან დააფინანსა ევროკავშირმა ანუ საქართველოსთან ურთიერთობა გადადებული არ არის. ასე რომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ზეწოლის მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, თორემ გაბუტვას და ჩვენთან დაპირისპირებას არავინ აპირებს. აი, მთავრობის დელეგაციას იღებენ კობახიძის ხელმძღვანელობით ისე, რომ სანქციები არ ახსენდებათ.

მოკლედ, ჩახლართული სიტუაციაა, რომელშიც გადამწყვეტი როლი ამომრჩეველს ენიჭება. ქართველი ხალხის არჩევანი­ ასეთი­ მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა, საბჭოთა­ კავშირიდან რომ გამოვდიოდით, მაშინაც კი. ასეთი საკვანძო არჩევნები საერთაშორისო მნიშვნელობით არ გვქონია­ და მასში გადამწყვეტი ხმა ქართველ ერს ეკუთვნის. ამ დროს ეს ხალხი ძალიან ადვი­ლად ასაგდებია - ანუ ზემოთ რაც ვთქვი,­ თუნდაც უვიზო რეჟიმის­ არდაკარგვის მოტივაციით შეიძლება არ მისცეს "ოცნებას" ხმა. აგდება კი იმაში სჭირდებათ, რომ

თუ გამოუვათ და გადააგდებენ ამ ხელისუფლებას, მოიყვანენ მიშას.­ აქ ხომ მიშაზეა თამაში და მეტი არაფერი. რა, გგონიათ, ხაზარაძეზე მუშაობს ამერიკა და ევროპა თუ გახარიაზე? არა, რა თქმა უნდა, მიშასა და მის გუნდზე მუშაობენ. ამიტომაც ახლა მათთვის მთავარია, აქ ატყდეს ხმაური და ამისთვის კი ყოველდღე გვაქვს გამოწერილი იმის ძახილი, თქვენ ცუდები ხართო.

წაიკითხე ვრცლად