დიდი ქართული ტრაგედია: რატომ დაეცა სოხუმი?! - შემზარავი ისტორია, რომელიც 15 წლის შემდეგ ისევ გამეორდა
სოხუმის დაცემა - ტრაგედია, რომლის მონაწილე და თვითმხილველიც ხარ...
დღეს 27 სექტემბერია - ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც ორმაგდება, როდესაც ამ ტრაგედიის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყავი და დიდი ვერაფერი შეძელი ჩვენი სამშობლოსთვის ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად...
ქართული ქალაქის - სოხუმის დაცემა 1993 წლის 27 სექტემბერს, სამწუხაროდ, უკვე არაპირველი იყო, მანამდე ქართველებმა კონტროლი დავკარგეთ ჯერ ცხინვალზე, შემდეგ კი, უშუალოდ აფხაზეთის ომის დროს - გაგრაზე...
სოხუმის დაცემას რამდენიმე დღეში აფხაზეთიდან ქართველების თითქმის სრული, ძალისმიერი გამოდევნა მოჰყვა, ხოლო კოდორის ხეობაში, რომელიც ჩვენი რჩებოდა, იგივე საშინელება უკვე 15 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა...
რა დასამალია და, 1993 წლის 16 სექტემბრიდან (როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსი სამხედროების ხელშეწყობით, დაარღვიეს 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეტევებზე გადმოვიდნენ) თვის ბოლომდე, ვიდრე ქართული სამხედრო დანაყოფები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, ჯერ სოხუმის შესანარჩუნებლად, შემდეგ - ოჩამჩირესთან, მეომრების საბრძოლო სულისკვეთება განსხვავებული იყო...
თბილისიდან, კახეთიდან თუ იმერეთიდან ჩასულ ბიჭებს შეიძლება არაფერი დაუკლიათ, მაგრამ გული მაინც სახლში უწევდათ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ალყაში აღმოჩენის რეალური საფრთხე გაჩნდა...
ჩვენგან განსხვავებით, ადგილობრივი მებრძოლები ორ ცეცხლშუა აღმოჩნდნენ - თან ოჯახები სამშვიდობოს უნდა გაეყვანათ, თანაც ბრძოლის ველს დაბრუნებოდნენ - ისინი ჩვენზე, დასახმარებლად ჩასულებზე, ბევრად მეტს კარგავდნენ - მამა-პაპისეულ სახლებს, წლობით მძიმე შრომით დაგროვებულ ქონებას და წინაპრების საფლავებს...
იქ, სადაც ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო, კოდორელებმა 15 წელი შეინარჩუნეს თავისი ხეობა, ვიდრე 2006 წელს, აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, სამხედრო ოპერაცია არ ჩაატარა ადგილობრივი დაჯგუფების განსაიარაღებლად - ამ დაჯგუფების მეთაურობა მართლაც არ ემორჩილებოდა ოფიციალურ თბილისს, მაგრამ შეიძლებოდა სხვა გზების მონახვა, რომ ადგილობრივი შეიარაღებული რაზმები საქართველოს რომელიმე ოფიციალურ სტრუქტურაში მოქცეულიყვნენ და გაეგრძელებინათ თავიანთი მშობლიური კოდორის ხეობის დაცვა, რასაც ისინი მანამდე წარმატებით უძღვებოდნენ - შედეგად, 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად ჩააბარა მოწინააღმდეგეს, მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში შეტანილი იყო საბრძოლო მასალისა და საწვავის დიდი მარაგი და ხეობის მთაგორიანი რელიეფიც იძლეოდა წარმატებული თავდაცვითი ბრძოლების წარმოების საშუალებას...
კოდორის ხეობის ჩაბარების პარალელურად, ასევე, თითქმის უბრძოლველად იქნა დატოვებული დიდი ლიახვის ათი ქართული სოფელი, რომლებიც მანამდე სეპარატისტული ცხინვალისკენ მიმავალ მთავარ გზას აკონტროლებდნენ - ამ შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოსახლეობაზე არ გაკეთდა აქცენტი მშობლიური მხარის დაცვის ორგანიზებაში ჩასართავად, ხოლო თბილისიდან გაგზავნილმა საპოლიციო ძალებმა ისე დატოვეს დიდი ლიახვის ხეობა, რომ ადგილობრივები არც კი გააფრთხილეს...
სწორედ ეს ფაქტორი, რომ მართალია, ერთი ქვეყნის, მაგრამ სხვა კუთხიდან დასახმარებლად ჩასული მებრძოლი ისეთი გულით ვერ დაიცავს სოფელსა თუ ქალაქს, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი, ახლა უკვე უკრაინის მიწაზე მეორდება, ოღონდ ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო მიმართულებითაც - საქმე ის არის, რომ აღმოსავლეთ ფრონტი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე გადის, სწორედ იქ, სადაც საბჭოთა პერიოდში (და მანამდეც) რუსეთის სხვა რეგიონებიდან ასახლებდნენ ადამიანებს, მათ შორის - ყოფილ მსჯავრდებულებსაც და, შესაბამისად, უკრაინული პატრიოტული სული ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ყოველთვის ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე - უკრაინის დასავლეთ ნაწილში...
შესაბამისად, თავისი „ჩუმი ოკუპაცია“ კრემლმა ყირიმის ანექსიის შემდეგ სწორედ უკრაინის აღმოსავლეთში წამოიწყო, რადგან დასაყრდენ სეპარატისტულ ძალად ადგილობრივი პრორუსი მოსახლეობა ეგულებოდა - დონეცკის ოლქის ჯერ კიდევ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობაში საკმაოდ მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც სოციალური ქსელების გამოყენებით რუსი ოკუპანტების სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმების კორექტირებას ახდენენ... საკუთარი სოფლებისა და ქალაქების მიმართულებით...