"მინდა ივანიშვილს ვკითხო: სად არის დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? სად არის გავერანებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს? - უკრაინის პლაკატების ჩვენება არის საქართველოს სამარცხვინო ისტორია" - კვირის პალიტრა

"მინდა ივანიშვილს ვკითხო: სად არის დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? სად არის გავერანებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს? - უკრაინის პლაკატების ჩვენება არის საქართველოს სამარცხვინო ისტორია"

სად არის გავერანებული და გაუბედურებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს ნამდვილად? თქვენ აჩვენებთ მარტო იმას, რაც იყო ბუჩაში და ანაკლია უფრო მეტად არის განადგურებული და დაბომბილი თქვენ მიერ, ვიდრე იყო ბუჩა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებაში, ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებს, რომლებზეც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.

მან საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე სამარცხვინო, ქურდებისა და მოღალატეების ხელისუფლება უწოდა.

„დღეს გვაჩვენებენ პლაკატებს - ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ისტორია საქართველოსი- გვაჩვენებენ პლაკატებს უკრაინაში დანგრეული აუზების და აქ აშენებული აუზების. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა, სად არის დანგრეული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი ? დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი ? ამას რატომ არ აჩვენებენ ? სად არის გავერანებული და გაუბედურებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს ნამდვილად. თქვენ აჩვენებთ მარტო იმას, რაც იყო ბუჩაში და ანაკლია უფრო მეტად არის განადგურებული და დაბომბილი თქვენ მიერ, ვიდრე იყო ბუჩა. სად არის კაზინოდ ქცეული ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი? სად არის იუსტიციის სახლთან დანგრეული ხიდი ? ნგრევა და უბედურება მოგაქვთ თქვენ! სად არის თბილისის შემოვლითი გზა, რუსთავში რა სინდისით ჩადიხართ ? 2014 წელს უნდა დაგვესრულებინა რუსთავში ჩამსვლელი გზატკეცილი და ფული მოიპარეს. ამიტომ ქურდბაცაცების და მოღალატეების ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინო ხელისუფლებასთან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება, თუმცა, მისი გამოსახულება არ ჩანს, ვინაიდან სხდომათა დარბაზი შეიცვალა, სადაც მონიტორი არ არის.