ილჰამ ალიევის "ქუხილი": რისთვის ემზადება აზერბაიჯანი?! - 1,6 მილიარდი დოლარი ჩინურ-პაკისტანური თვითმფრინავებისთვის
კმაყოფილი ალიევი ჩინურ-პაკისტანური გამანადგურებლის კაბინაში -აზერბაიჯანი აგრძელებს გადაიარაღებას...
27 სექტემბერი თუკი საქართველოსთვის ტრაგიკული დღეა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, იგივე 27 სექტემბერი, 2020 წლიდან, ჩვენი მეზობლისთვის -აზერბაიჯანისთვის გამარჯვების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაწყების დღედ გადაიქცა, როდესაც 44-დღიან ომში დაიბრუნეს მანამდე სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის შვიდი რაიონი და ყარაბაღის დიდი ნაწილი...
აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა 2023 წლის 19-20 სექტემბერს, 24 სთ-იანი ომით დაამთავრა და თითქოს აღასრულა უმთავრესი ამოცანა, ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ოფიციალური ბაქო მაინც აგრძელებს აზერბაიჯანის არმიის გადაიარაღების მასშტაბიან და ძალიან ძვირად ღირებულ პროცესს.
ამის თვალსაჩინო მაგალითად იქცა ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის პრეზიდენტის - ილჰამ ალიევის ჩაჯდომა ჩინურ-პაკისტანური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავის - JF-17C (Block-III)-ის კაბინაში -აზერბაიჯანი, უკრაინის შემდეგ, მეორე პოსტსაბჭოურ ქვეყნად იქცა, რომლის საჰაერო ძალებმა არა საბჭოთა და არა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი მიიღეს შეიარაღებაში.
ის, რომ აზერბაიჯანელმა გენერლებმა თვალი დაადგეს JF-17C-ს, ჯერ კიდევ ოცი წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ჩინეთში შეიქმნა Chengdu FC-1 Xiaolong-ის ტიპის ერთძრავიანი რეაქტიული გამანადგურებელი, ხოლო თვითმფრინავის სერიული წარმოება დაიწყო პაკისტანმა JF-17 (Block 1) Thunder-ის ანუ „ქუხილის“ სახელით.
სიმართლე რომ ითქვას, ჩინურ-პაკისტანური „ქუხილის“ შექმნა კარგად ცნობილი საბჭოთა გამანადგურებლის - МиГ-21-ის ბაზაზე დაიწყო (გასული საუკუნის 60-80-იან წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში 2 100-ზე მეტი ზებგერითი ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო МиГ-21У/М-ია აწყობილი, რამდენიმე მათგანი კი ჯერ კიდევ დაფრინავს რიგი ქვეყნების საჰაერო ძალებში), მაგრამ კონსტრუქტორებმა მისი აეროდინამიკური პროფილი მნიშვნელოვნად შეცვალეს.
მაშინ აზერბაიჯანმა შეაჩერა ჯერ კიდევ გამოუცდელი ჩინურ-პაკისტანური „ქუხილის“ შეძენა და აქცენტი უკრაინიდან არანაკლებ 15 ერთეული МиГ-29-ის ტიპის ორძრავიანი გამანადგურებლის შეძენაზე გადაიტანა.
განვლილ პერიოდში ჩინელმა და პაკისტანელმა ინჟინრებმა დახვეწეს „ქუხილი“ და 2020 წლიდან გამოუშვეს მისი მესამე, გაუმჯობესებული მოდიფიკაცია, რომლის მყიდველიც გახდა აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანმა პაკისტანთან გააფორმა 1,6 მლრდ დოლარის ოდენობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს JF-17C (Block-III)-ის მესამე მოდიფიკაციის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას, მათთვის საჭირო შეიარაღების მოყოლებას და მომსახურე პერსონალის მომზადებას.
იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალური ბაქო ასაიდუმლოებს შეძენილი თვითმფრინავების რაოდენობას, ცოტა ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი "ქუხილი“ მოუვიდა 1,6 მლრდ დოლარად აზერბაიჯანს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩინურ-პაკისტანური საბრძოლო თვითმფრინავი, წესით, უფრო იაფი უნდა ღირდეს, ამერიკულ თუ ფრანგულ გამანადგურებლებთან შედარებით, აზერბაიჯანის საჰაერო ძალები რამდენიმე ათეულ „ქუხილს“ მიიღებენ.
ახლა უკვე აზერბაიჯანის კუთვნილი JF-17C (Block-III)-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შემდეგია - ერთადგილიანი გამანადგურებლის სიგრძე - 14,3 მ; ფრთის გაშლილობა - 9,44 მ; სიმაღლე - 4,57 მ; ასაფრენი მაქსიმალური მასა - 13,5 ტ; მაქსიმალური სიჩქარე - 1 910 კმ/სთ; საბრძოლო მოქმედების რადიუსი - 900 კმ.
„ქუხილი“ შეიარაღებულია ერთი 23 მმ-იანი ორლულიანი ავტომატური ქვემეხით და შეუძლია წაიღოს 4 ტონამდე სასარგებლო ტვირთი, მათ შორის - მართვადი და უმართავი რაკეტები და ბომბები.
ამ გამანადგურებლის მესამე მოდიფიკაცია აღჭურვილია აქტიური ფაზირებულანტენიანი საბორტე რადიოლოკატორითა და თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით, რაც თითქმის ყველა სახის დასავლური წარმოების საავიაციო შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
აზერბაიჯანულ „ქუხილებს“ სამხრეთ კავკასიის ცაში შეეძლებათ, როგორც საჰაერო ორთაბრძოლების გამართვა, ისე - მართვადი რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გაშვება შორ მანძილზე, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში შეუსვლელად, რაც საერთო ჯამში, კიდევ უფრო გააძლიერებს ოფიციალური ბაქოს სამხედრო შესაძლებლობებს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე - სამხრეთით, ირანის მიმართულებით...