ქალბატონებო, ბატონებო და ლგბტ პირებო!  რა საჭირო იყო ქრისტეს მოსვლა, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია წესის აგება, გადარჩენა და... - კვირის პალიტრა

ქალბატონებო, ბატონებო და ლგბტ პირებო!  რა საჭირო იყო ქრისტეს მოსვლა, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია წესის აგება, გადარჩენა და...

დღევანდელ სამყაროში ადამიანები დაცემული ბუნების სიკეთეებს გადამეტებულად აფასებენ და აქვე სვამენ კითხვას - რატომ ვერ ცხონდებიან, მაგალითად, ლგბტ პირები, მაგალითად მუსულმანები, წარმართები, ათეისტები და ასე შემდეგ, მათ შორისაც ხომ არის ბევრი კეთილი ადამიანი? ღმერთი ხომ მოწყალეა? კითხვაცა და შესიტყვებაც (წმინდა მამების აზრით) იმის არცოდნითაა გამოწვეული, თუ რას ნიშნავს ცხონება, რას ნიშნავს ღმერთთან ერთობა. მსგავსი მოსაზრებაც კი აკნინებს ქრისტეს. გამოდის - რაღა საჭირო იყო ქრისტეს მოსვლა?...

„მრავალი მსჯელობს ცხონების შესახებ, ბევრს უნდა მისი მოპოვება, მაგრამ კაცმა რომ ჰკითხოს, რა არის ცხონებაო, ძალიან გაუჭირდება პასუხის გაცემა... ამას მეტად მავნე შედეგები მოსდევს, რადგან ამის არცოდნა, თუ რა არის ცხონება, ჩვენს საქმიანობას სათნოებათა მოპოვების გზაზე გაურკვეველსა და არასწორს ხდის...“

კიდევ ბევრ რამეს წერს წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე და ბოლოს დასძენს: „ადამიანი ვერ შეძლებს გადარჩენას, თუ თავისუფლებას არასწორად და ბოროტად გამოიყენებს...“

მერე საზოგადოებაში იწყება საუბარი, როგორი სათნო იყო ესა თუ ის პიროვნება, თითქოს ბევრი სიკეთე ჩაიდინა, თითქოს ლამაზი ღიმილი ჰქონდა... თითქოს „მას“ უპირობოდ ეკუთვნის რაღაც. ადამიანებო! როდესაც ღმერთთან კავშირს ვწყვეტთ და გონება უპირატესობას ანიჭებს კაცობრივ სიმართლეს, ფესვშივე ჩაგდებულია ღმერთის გმობის მარცვალი, რომელიც ღვივდება და მთლიანად წამლავს აზრთა მიმართულებას. ამიტომ იწყება დაუსრულებელი კამათი და ერთმანეთის დამცირება.

მერე იწყება - მაგალითად, რომელ ურჯულო მღვდელზეა დამოკიდებული საკუთარი სურვილის ასრულება. ერთი არა, მეორე გაგიკეთებს ნაცნობობით... თითქოს, ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, თუნდაც ეკლესიური წესის აგება, რომელიც ქრისტიანს ეხმარება საიქიოს გზაზე. თუნდაც ღმერთის სახელით ლაპარაკი, რომ ყველას რატომ არ შეუნდობს ღმერთი, თუ ის მოწყალეა?

მერე მიდის დაუსრულებელი კამათი იმაზე, თუ ღმერთი მოწყალეა, რატომ არ ვიღებთ უკეთეს ცხოვრებას. რატომ დღესვე არ გვაბრუნებს სამოთხეში. რატომ კვდებიან ადამიანები?...

დღეს არაქრისტიანი და „უსახო“ "ადამიანები" გასწავლიან, რა არის ტოლერანტობა. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი "მე" გაუხდიათ მთავარ კულტად, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სექსზე არიან ორიენტირებულები. ისინი უარყოფენ უკვდავ სულს და საკუთარ მეობას მხოლოდ გენდერული ორიენტაციით განსაზღვრავენ, რაც ქრისტიანობისთვის არასწორია.

ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ჩვენი შეგნებული თუ შეუგნებელი არჩევანია და ღმერთი შენი არჩევნის გარეშე, მოძალადე იქნებოდა.

წმინდა მამები ამბობდნენ: "ადამი სამოთხეში იყო, სამოთხე ადამისა იყო". ადამის ეს შინაგანი სამყარო ღვთის მადლი იყო, რომელიც მან ცოდვის გამოისობით დაკარგა. როცა მან შინაგანი სამყარო დაკარგა, მაშინ მის წინაშე გარეგანი სამოთხეც გაუფერულდა. ის ღმერთის მოახლოებას ხედავდა, მაგრამ მას ეს არ ახარებდა, პირიქით - აშინებდა კიდეც. მას სურდა ღმერთის თვალთაგან ბუჩქებში მიმალულიყო. არა ერთი თანამედროვე ადამიანი მახსენდება ამ ფაქტზე.

ადამიანები ამჟამად დაუსრულებლად ყვედრიან ღმერთს და განიკითხავენ ქრისტიანებს: "თუ ღმერთი გულმოწყალეა, რატომ არ მიუტევებს ადამიანებს მათ ცოდვებს და კვლავ დააბრუნებს მათ სამოთხისეულ მდგომარეობაში?"

ამ ადამიანებს გულწრფელად შევახსენებდი: გადარჩენა - ეს არ არის ამნისტია დანაშაულისათვის. გადარჩენა - ეს არის ღმერთთან თანაზიარობის საშუალება. უფალმა დღესვე, რომ დააბრუნოს ადამიანები სამოთხეში, მათ მაინც არ ექნებათ შინაგანი სამოთხე, არ ექნებათ მთავარი - ღმერთთან თანაზიარობა. ისინი სამოთხისთვის უსაზღვროდ უცხონი იქნებიან.

ადამის სამოთხიდან გამოძევება, ადამიანთა დასჯა, მათთვის საღვთო ნათელის მოკლება - ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვის შედეგია ანუ - ჩვენი არჩევანია, რამაც შეუძლებელი გახადა ჩვენი გულის ღმერთთან შეერთება! იმისთვის, რომ სამოთხეში იყო, საჭიროა, სამოთხე შენში იქონიო. თუ ეშმაკს ტაძარში შეიყვანენ, ამით იგი ვერ მიიღებს სიმშვიდეს, უშფოთველობას და ბედნიერებას. იგი გაალქაჯდება, რადგან ალქაჯი მის შიგნითაა.

თუკი ცოდვილი სამოთხეში მოუნანიებელი შევა, ის ვერ იგრძნობს სამოთხისეულ სიტკბოს. ცოდვა, როგორც შინაგანი ეშმაკი, როგორც გველი, მის სულს მაინც დაუწყებს ღრღნას.

ამიტომ ხსნა მხოლოდ ღვთის წყალობით - შეუძლებელია!

ხსნა - ეს საღმრთო და ადამიანურ ნებათა ურთიერთქმედებაა. მადლს არ შეუძლია ცოდვას შეეუღლოს. თუ ადამიანმა ცოდვა შეიყვარა, მაშინ მისი ღმერთთან შეერთება შეუძლებელი ხდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება შეუსაბამობა სურვილსა და რეალობას შორის. ადამიანი ცოცხალი არსება კი არ იქნება, არამედ - ნივთი, ღმერთი კი - მოძალადე.

ჩვენ გვაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ყოველთვის გვავიწყდება: თავისუფალი ნება და აზროვნება. ეს ის კრიტერიუმებია, რითაც ადამიანი ემსგავსება ღმერთს. სხვა საკითხავია, როგორ ვიყენებთ ამ ფასეულობებს? როდის მივმართეთ ღმერთს შენდობისთვის? როდის დავინახეთ ჩვენი სისუსტეები, როდის ვაღიარეთ და შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება და ღმერთი მოწყალე არ გვექმნა? დღეს ეს სურვილი არ ჩანს არც ერთ სფეროში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვაგან.

როგორც კი სურვილი ჩნდება, ადამიანთა გულებში, აღიარონ შეცდომები და ჭეშმარიტ გზაზე დადგნენ, მაშინაც "უძლურია" ღმერთი, წინ აღუდგეს, ადამიანივით "დაიბოღმოს", უსასრულოდ ბრაზობდეს, ან რა შეცდომა, თუ დანაშაულიც უნდა იყოს, უარი თქვას მიტევებაზე.