"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არ არსებობს - რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“?!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არ არსებობს - რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“?!"

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არ არსებობს. ვინ უნდა დააკვირდეს არჩევნებს - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” „შპანა” უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი. ხომ წარმოუდგენელია? - რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა “ნაცმა”?! – ასე პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე თანაგუნდელის გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, მათი ნაწილი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.

მისივე თქმით, ყველაფერი ცხადი და ნათელია.

„უბრალოდ, შესაფუთად სჭირდებათ. ვითომ, რაღაც არასამთავრობოს ირქმევენ, ხან რას ირქმევენ, მაგრამ ეს არის კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს წარმოდგენილია სხვადასხვა პარტიების სახით, რომლებიც ებრძვიან ამ ქვეყანას, ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს და მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ომი იქნება საჭირო, უბრძანებენ? - ყველაფრისთვის მზად არიან და ყველაფერს გააკეთებენ. აი, ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ ჩვენ.

რაც შეეხება ამ ორგანიზაციების, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს, დღეს არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებით არიან დაკომპლექტებული, ფაქტები სახეზეა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, როგორც გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია: - „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საარჩევნო ლაბორატორია“; „მიშგოვ ლარდა“; „განათლების პროფესიული კავშირი“; „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ და ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელი“. მიქანაძის განცხადებით, ეს მცირე ნაწილია იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში კი უშუალოდ კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.