"ჩემი პიროვნება აფხაზეთის ომის შემდეგ გამოიწრთო... ჯერ მამიდა წავიდა ემიგრაციაში, მერე დედა, საარსებო წყარო რომ გვქონოდა" - ირმა ხეცურიანი ბავშვობასა და ცხოვრების სირთულეებზე
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებისგან მიყენებულ ყველა ტკივილს მხნედ ეგებებიან და სხვებს საოცარი სიმტკიცის მაგალითს აჩვენებენ. სწორედ ამგვარი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება მომხიბვლელი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც თავის რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ჩემი განვლილი გზა რთული იყო, დატვირთული ბრძოლით, შრომითა და დიდი ძალისხმევით. ამ გზაზე იყო ბევრი იმედგაცრუება, მარცხი, ტკივილი და ცრემლი, მაგრამ იყო გამარჯვებებიც, რომელიც უფრო მეტ ძალას მაძლევდა. სპორტულ კარიერაში ბევრი წარმატების მიუხედავად, მთავარი მიზნისთვის, რომელიც დასახული მაქვს, ჯერ არ მიმიღწევია..."
"ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი პიროვნება აფხაზეთის ომის შემდეგ გამოიწრთო. რომ არა ის სირთულეები, რაც ცხოვრებამ მომიტანა, მე დღეს ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. ჩემი ბავშვობა აფხაზეთიდან იწყება: ოჩამჩირის რაიონის ულამაზეს პატარა სოფელში დავიბადე, რომელსაც ცაგერა ერქვა. ძალიან ბედნიერი ოჯახი გვქონდა: დედ-მამა და უსაყვარლესი ბებო, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის და რა თქმა უნდა, მამიდა, რომელიც ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. იმ პერიოდში აფხაზეთში ყველა მუშაობდა და თითქმის ყველა ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო. მე და ჩემი და-ძმა პატარები ვიყავით, იქაურობა რომ დავტოვეთ და ჩვენი უდარდელი ცხოვრებაც დასრულდა..."
"ჩვენი ოჯახი, სხვების მსგავსად, სიღარიბეს ებრძოდა, ამიტომ, ჯერ მამიდა წავიდა ემიგრაციაში, მერე დედა წაიყვანა, საარსებო წყარო რომ გვქონოდა. დედის როლი ჩემმა დამ შეითავსა, მამას და ჩემს ძმასაც არასდროს დავუტოვებივარ, მაგრამ ბავშვობის წლები ჩემთვის მაინც რთული იყო. რომ არა კარგი და სიყვარულით სავსე ოჯახი, ძალიან გამიჭირდებოდა და ჩემგან სულ სხვა ადამიანი დადგებოდა..."
"უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენი თემი უფრო ძლიერი გახდეს. მთავარი მაინც საზოგადოების დამოკიდებულებაა: თუ მან არ მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ, სულ მარტო იქნები და მუდმივად ბულინგის მსხვერპლი გახდები. დავუშვათ, შუქი ჩაქრა. მე მეექვსე სართულზე ვცხოვრობ და ვიცი, რომ ვერსად წავალ, რადგან ყველგან კიბეა. ყველაზე მძიმე კი დამაკნინებელი გარემოა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით. ჩვენი გადაადგილება საავადმყოფოებშიც რთულია, რადგან სათანადო პირობები არა აქვთ..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე