"სცენაზე რომ დავდექი, თავბრუ დამეხვა, კახური "მრავალჟამიერი" უნდა მემღერა..." - მომღერალთა ოჯახის შთამომავალი კახური ფესვებით
ანსამბლის "ერისიონი" მსახიობ-მომღერლის - თემურ სინჯიკაშვილის წინაპრები კარგად მღეროდნენ და მუსიკალური ოჯახის წყალობით, სიმღერის სიყვარულიც ადრეული ბავშვობიდან მოჰყვება. 31 წელია აღნიშნული ანსამბლის წევრია და მას ყველგან მეტსახელით "სინჯიკა" იცნობენ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"პაპა იდეალურად უკრავდა ფანდურს, ბებია კარგად მღეროდა და შესაბამისად, ეს ნიჭი მამაჩემსაც გადაეცა, ბევრ ქართლ-კახურ სიმღერას ასრულებს კარგად. მამაჩემის, ნოდარ სინჯიკაშვილის დამსახურებაა, რომ ვმღერი. მას უნდოდა ოჯახში სიმღერის ტრადიცია არ დაგვეკარგა და საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ყველაზე მეტი დრო სიმღერას დავუთმე..."

"ერთხელ, თემურ ქევხიშვილთან სწავლისას, ჩვენი ანსამბლის წევრების მშობლებმა, ერთ-ერთის სახლში ქეიფი გამართეს. სუფრაზე ჩვენი პედაგოგი მეუღლესთან ერთად იყო მიწვეული. მამაჩემი და დედაჩემიც იქ იყვნენ. სიმღერა ყველას ერიდებოდა, - თემური აქ არის და ჩვენ როგორ ვიმღეროთო? ცოტა ხანში მამაჩემი თამადასთან მისულა და კახურად უკითხავს, - აქ რამე ცუდი ამბავი ხომ არ ტრიალებსო. თამადა მიხვედრილი კაცი ყოფილა და უპასუხია: არა, არა, თუ შეგიძლიათ, იმღერეთო. მამაჩემს სიმღერა წამოუწყია და თემურს ჩაულაპარაკია, რომ არ ავყვე, არ გამოდისო. მგონი, "შემოძახილი" იმღერეს, ზუსტად არ მახსოვს. ბოლოს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოურთმევიათ. მამაჩემს კი ხუმრობით უთქვამს, - მალადეც, თემო, სიმღერა გცოდნიაო (იცინის)..."
"მოკლედ, მივიღე წამლები, მაგრამ ფორმაში მაინც ვერ ვიყავი. თან მაღლიდან განათება რომ ჩაირთო, უფრო ცუდად გავხდი. სცენაზე ისე გავედი, ფარდებს ვებღაუჭებოდი. შეიძლება ეს არავის შეუმჩნევია, მაგრამ მე ხომ ვიცოდი. სცენაზე რომ დავდექი, თავბრუ დამეხვა. კახური "მრავალჟამიერი" უნდა მემღერა. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბე და დავიწყე. კი ვმღეროდი, მაგრამ ჩემ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. სიმღერა რომ დავამთავრე, კულისებში რომელი მხრიდან უნდა გავსულიყავი, არ ვიცოდი, მაგრამ გავაღწიე და მერე ნელ-ნელა აზრზეც მოვედი..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე